ახალი ამბები

ლეონიდ ლაკერბაია

 

2011 წლის სექტემბრიდან აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი

ზოგადი მონაცემები

  • ლეონიდ ლაკერბაია დაიბადა 1947 წლის 1 იანვარს ქ. ქუთაისში (სხვა მონაცემებით, ქ. გუდაუთაში).
  • 1954 წელს სწავლა დაიწყო ქ. სენაკის სკოლაში. 1962 წელს დაამთავრა ქ. გუდაუთის #2-ე საშუალო სკოლის რვა კლასი.
  • 1966-1968 წლებში სწავლობდა მოსკოვის ავტოსაგზაო ტექნიკუმში. 1975 წელს დაამთავრა მოსკოვის საავტომობილო-საგზაო ინსტიტუტი.
  • 1975-1979 წლებში მუშაობდა ინჟინერად, ქ. გაგრაში, ავტოსატრანსპორტო ქარხანაში. 1979-1985 წლებში იყო სატვირთო ავტომობილების მწარმოებელი ქარხნის დირექტორი. 1985-1991 წლებში კი სწრაფადყინვადი პროდუქტების ექსპერიმენტული ქარხნის დირექტორი ქ. გაგრაში.
  • ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

პოლიტიკური კარიერა

  • 1991 წელს ლეონიდ ლაკერბაია აფხაზეთის დე ფაქტო უზენაესი საბჭოს დეპუტატად აირჩიეს. 
  • 1992 წლის დეკემბრიდან 1995 წლის აპრილამდე  მას აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობა ეკავა, ხოლო 1995 წლის ივლისიდან 1996 წლის აგვისტომდე საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.
  • 1998-2002 წლებში ლაკერბაია აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრი იყო.
  • ლეონიდ ლაკერბაია აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ალექსანდრე ანქვაბის მეგობარი და თანამებრძოლია. 2000 წელს მათ ერთად დააარსეს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა „აიტაირა“ („აღორძინება“), რომელიც ვლადისლავ არძინბას ოპოზიციაში ჩაუდგა. 2002 წელს ლეონიდ ლაკერბაია „აიტაირას“ თანათავმჯდომარე გახდა.
  • 2005 წელს, სერგეი ბაღაფშის მიერ ალექსანდრე ანქვაბის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ, ლეონიდ ლაკერბაია დე ფაქტო მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერი გახდა.
  • 2011 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ლაკერბაია ალექსანდრე ანქვაბის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. ანქვაბის გამარჯვების შემდეგ კი, 2011 წლის 27 სექტემბრიდან, ლეონიდ ლაკერბაიამ აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ჩაიბარა.   
  • ლაკერბაია ძირითადად ფინანსურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებს კურირებს.  იგი აქტიურად მონაწილეობს რუსეთ-აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობოთაშორისო ჯგუფის შეხვედრებში, რომელიც პერიოდულად იმართება მოსკოვსა და სოხუმში.
  • ლეონიდ ლაკერბაია სამკურნალო მიზნებით აფხაზების ზუგდიდსა და თბილისში ჩამოსვლას უარყოფითად აფასებს. 2012 წლის მიწურულს მან განაცხადა, რომ აფხაზეთის მთავრობამ „ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ ეს ნაკადი შემცირებულიყო“ და ის ხალხი, ვისაც მკურნალობა ესაჭიროება, ქართული საავადმყოფოების ნაცვლად, რუსეთის და ისრაელის სამკურნალო დაწესებულებებში უნდა გაიგზავნონ.
  • ალექსანდრე ანქვაბთან ერთად ლაკერბაია ასევე არის იმ მიდგომის თანაავტორი, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მოქმედების  არეალს ზღუდავს. კერძოდ, 2012 წელს ლაკერბაია  რამდენჯერმე შეხვდა ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებსაც მოსთხოვა, ამიერიდან პროექტები აფხაზეთის ხელისუფლებასთან შეეთანხმებინათ, ხოლო მოქმედების ზონად ორგანიზაციებს  გალის რაიონი განუსაზღვრა, რასაც საბოლოო ჯამში ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან აფხაზეთის ტერიტორიაზე საქმიანობის სრულად შეწყვეტა მოჰყვა.
Back to top button