ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროზოს შეხვდა



საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე 2014 წლის 3 თებერვალს. ფოტო: ევროკომისიის ვებ-გვერდი

საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა ქვეყნის „რეფორმების გზას და ევროპული ინტეგრაციის პროცესს მიზანმიმართულად“ აგრძელებს, განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ  3 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

მან განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანია საქართველოს მიღწევების მხარდაჭერა კარგი მმართველობის, ძლიერი პოლიტიკური ინსტიტუტების და ეფექტური პოლიტიკის კუთხით, რათა წახალისდეს ეკონომიური ზრდა“ და ხაზი გაუსვა იმის უზრუნველყოფის მნიშვნელობას, რომ მართლმსაჯულება თავისუფალია პოლიტიკური მოტივებისგან.

„ქართულ პოლიტიკაში ბოლო დროს განხორციელებული მთავარი ცვლილებების კონტექსტში – ახალი პრეზიდენტი, ახალი პრემიერ-მინისტრი და ახალი კონსტიტუცია – მე ვურჩიე პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს, რომ ფრთხილი ყურადღება მიაქციოს  პოლიტიკური პლურალიზმის დაცვას და მედიის თავისუფლებას“, – განაცხადა ბაროზომ.

„მე კერძოდ ხაზი გავუსვი იმის უზრუნველყოფის მნიშვნელობას, რომ მართლმსაჯულება იყოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული, გამჭვირვალე, პოლიტიკური მოტივაციისგან თავისუფალი, მიუკერძოებელი და სრულად შეესაბამებოდეს დემოკრატიულ ფასეულობებს“, – განაცხადა მან, „ადამიანის უფლებები, კერძოდ კი უმცირესობათა უფლებები არის სასიცოცხლო მნიშვნელობის და უნდა განიხილებოდეს, როგორც პრიორიტეტი“.

ბაროზოს თქმით, ამჟამად მიმდინარეობს მზადება აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტზე საქართველოსთან პარაფირებული ასოცირების შეთანხმების ხელმოსაწერად „ვიმედოვნებ, არაუგვიანეს აგვისტოსი“.

„ეს საქართველოს ხელისუფლების მცდელობაა  – რაც დღეს მკაფიოდ გამეორდა აქ, რომ ხელი მოეწეროს და ამის შემდეგ მოხდეს ევროკავშირთან ამ ისტორიული შეთანხმების განხორციელება. რა თქმა უნდა, რაც ჩვენ რეგიონში ყველას შეგვიძლია ვუთხრათ არის ის, რომ ამას პატივი უნდა სცენ და ყველა პარტნიორისგან ველით ისეთი ქვეყნის კეთილი ნების პატივისცემას, როგორიცაა საქართველო და ეს ის ხაზია, რომლის მიყოლასაც ჩვენ ვაპირებთ“, – განაცხადა ბაროზომ.

პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „მთავარი პრიორიტეტი“ ასოცირების შესახებ შეთანხმების „რაც შეიძლება სწრაფად“ ხელმოწერაა.

„ასოცირების შეთანხმების შესრულება გამოწვევების მქონე პროცესია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა, „საქართველოს მთავრობა მზად არის თავისი ვალდებულებების შესასრულებლად… ამ პროცესში ევროკავშირის სოლიდარობა და ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა, ისევე როგორც ტექნიკური და ფინანსური დახმარება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“.

ევროკომისიის პრეზიდენტი მიესალმა საქართველოსა და რუსეთს შორის მიმდინარე დიალოგს, „როგორც მნიშვნელოვან გზას რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის“.

„ჩვენ ვურჩევდით ქართველ პარტნიორებს და მეგობრებს, რომ ჩართულიყვნენ რუსეთთან დიალოგში; ეს იყო ჩვენი წინადადება არა მხოლოდ ამ მთავრობისთვის, არამედ წინა მთავრობისთვისაც“, – განაცხადა ბაროზომ.

მან შეშფოთება გამოთქვა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან ადმინისტრაციულ საზღვრებზე ღობეებისა და ბარიერების აღმართვის გამო და აღნიშნა, რომ ამ პროცესს „პირდაპირი უარყოფითი გავლენა აქვს ადგილობრივ მოსახლეობაზე“.

3 თებერვალს პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ასევე შეხვდა ევროპის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის კომისარს შტეფან ფულეს; ევროკომისარს საშინაო საქმეთა საკითხებში სესილია მალმსტრომს და ევროკომისარს ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ოტინგერს.

ევროკომისარ ფულეს ოფისმა შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ თავის პრეს-რელიზში განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი დარწმუნდა ევროკავშირის „სრულ მხარდაჭერაში საქართველოსთან ამ მნიშვნელოვანი ხელშეკრულების [ასოცირების შესახებ ხელშეკრულების და მისი თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტის] ხელმოწერისა და შემდეგ განხორციელებისთვის მზადებაში“. 

ფულემ ასევე მოუწოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს „განაგრძოს ყურადღების დათმობა პოლიტიკური პლურალიზმის და საქართველოში მედიის თავისუფლების დაცვაზე“. მან ასევე ხაზი გაუსვა „დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი გაძლიერების საჭიროებას“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button