skip to content
ახალი ამბები

დამატებით ოთხი რელიგიური კონფესიის სახელმწიფო დაფინანსებაზე მთავრობის დადგენილება ამოქმედდა

30 იანვარს ამოქმედდა მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება, რომლითაც აღიარებულია საქართველოში არსებული ოთხი რელიგიური გაერთიანებისათვის – ისლამური, იუდეური, რომაულ–კათოლიკური და სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიისთვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებულ ზიანი და მისი ფინანსური კომპენსაციის წესი.

საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან მიმართებაში ამგვარი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება საქართველოს სახელმწიფომ თორმეტი წლის წინ აღიარა, 2002 წელს დადებული საკონსტიტუციო შეთანხმებით, რომელიც სპეციალური სტატუსს და მნიშვნელოვან პრივილეგიებს ანიჭებს საპატრიარქოს. ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ერთდერთი რელიგიური გაერთიანებაა დღემდე, რომელიც საბიუჯეტო დაფინანსებას იღებს. წელს ეს დაფინანსება 25 მლნ ლარს შეადგენს.

მართალია მთავრობის სხდომაზე 27 იანვარს მიღებული დადგენილება არ აკონკრეტებს იმ თანხას, რომელიც დამატებით ოთხმა კონფესიამ შეიძლება მიიღოს სახელმწიფოსგან, თუმცა ავალებს ფინანსთა სამინისტროს 1 თვის ვადაში წამოადგინოს წინადადებები რელიგიური გაერთიანებებისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით. მთავრობის წინასწარი განცხადებით, ეს თანხა მიმდინარე წელს, დაახლოებით, 4.5 მლნ ლარს შეადგენს და სავარაუდოდ, მისივე სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა.

თუმცა ახლადამოქმედებული დადგენილება ასევე ადგენს წესს, რომლის მიხედვითაც ოთხი რელიგიური კონფესია, საპატრიარქოს მსგავსად, დაფინანსებას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის ყოველწლიურად გამოყოფის გზით მიიღებს.

დადგენილების თანახმად, რეკომენდაციებს რელიგიური გაერთიანებებისათვის ზიანის ანაზღაურების ოდენობის შესახებ რელიგიურ თემებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია შეიმუშავებს და მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს, რათა  საბოლოოდ მან განსაზღვროს რელიგიური გაერთიანებისათვის ყოველწლიურად გადასარიცხი თანხის ოდენობა და გაცემის წესი.

ამასთან, დადგენილებაში მთავრობა ხაზს უსვამს, რომ ზიანის ანაზღაურება განხორციელდება „სიმბოლურად“, ვინაიდან საბჭოთა პერიოდში მათზე მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ზუსტი ოდენობა „უცნობია“.

დადგენილების თანახმად, ყოველწლიურად გადასარიცხი საბიუჯეტო თანხა იყოფა და რელიგიურ გაერთიანებას ერიცხება ყოველთვიურად.

დადგენილება ამბობს, რომ საბჭოთა რეჟიმის დროს მიყენებული ზიანი აუნაზღაურდება დაზარალებული რელიგიური გაერთიანების ან თემის აღმსარებლობითი მემკვიდრეობის მქონე მხოლოდ ერთ რელიგიურ გაერთიანებას.

კერძოდ, დადგენილების თანახმად, თუ ერთი რომელიმე რელიგიური აღმსარებლობის სახელით დარეგისტრირებულია ერთზე მეტი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მაშინ ანაზღაურების მისაღებად მათ დადგენილება 2014 წლის 1 მაისამდე განსახორციელებელ სამ არჩევანს სთავაზობს: ისინი ან უნდა გაერთიანდნენ საჯარო სამართლის ერთ იურიდიულ პირად; შექმნან საკოორდინაციო საბჭო, რომელიც იმავე აღმსარებლობის ყველა რელიგიური გაერთიანების სახელით აწარმოებს სახელმწიფოსთან ურთიერთობას; ან წერილობითი მინდობილობით დაადასტურონ რომელიმე საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის გადაცემული უფლება, რომ ის წარმოადგენს მათ ინტერესებს სახელმწიფოსთან ურთიერთობაში.

ამასთან, მთავრობის დადგენილება სრულ თავისუფლებას აძლევს რელიგიურ გაერთიანებებს იმაში, რომ თავად განსაზღვრონ საბიუჯეტო დაფინანსების ხარჯვითი პრიორიტეტები საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი საქმიანობის განსახორციელებლად, იქნება ეს საკულტო ნაგებობების აგება ან შეკეთება, საგანმანათლებლო და საგამომცემლო საქმიანობა, ქონების შეძენა თუ სხვა რამ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button