Placeholder canvas
ახალი ამბები

პარლამენტმა საკონსტიტუციო რეფორმაზე მომუშავე კომისიის შემადგენლობა დააკომპლექტა

პარლამენტმა 27 დეკემბერს დაამტკიცა იმ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობით 2014 წლის 1 სექტემბრამდე  ქვეყნის ძირითად კანონში ცვლილებათა პროექტს მოამზადებს.

საკონსტიტუციო რეფორმაზე მომუშავე კომისიის შექმნის გადაწყვეტილება პარლამენტმა ოქტომბრის დასაწყისში მიიღო, ხოლო 27 დეკემბერს მისი დებულება და შემადგენლობა დაამტკიცა.  

58-წევრიანი კომისიის ამოცანად განისაზღვრა, კონსტიტუციური კანონის პროექტის მომზადება, რომლითაც გაიზრდება ადამიანის უფლებების და თავისუფლებების კონსტიტუციური გარანტიები, გაუმჯობესდება ხელისუფლების ჰორიზონტალური და ვერტიკალური გამიჯვნის, გაწონასწორების და ურთიერთქმედების მოდელი, დაიხვეწება დამოუკიდებელი ინსტიტუტების კონსტიტუციური სტატუსი და  ფუნქციები, დამკვიდრდება კონსტიტუციის გადასინჯვის გონივრული მოდელი და აღმოიფხვრება კონსტიტუციის ხშირი ცვლილებებით გამოწვეული ტექსტობრივი შეუსაბამობები და ხარვეზები.

პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას დავით უსუფაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ კომისია „მნიშვნელოვან საკითხებზე“ აპირებს მუშაობას და არა „კოსმეტიკურზე“. 

მისივე თქმით, წინასწარ არ არის განსაზღვრული, თუ რა მოდელის სასარგებლოდ შეიძლება გაკეთდეს არჩევანი არსებული კონსტიტუციის იმ მოდელის გადახედვის პროცესში, რომელიც, მისი თქმით, „სერიოზული ხარვეზებით ხასიათდება“. თუმცა დავით უსუფაშვილმა ასევე დასძინა, რომ მისი პირადი აზრია არსებული საპარლამენტო მოდელის დახვეწა და არა რაიმე სხვა მოდელით შეცვლა.

კომისიაში ხელისუფლების, პარტიების, არასამთავრობო და საექსპერტო წრეების შემდეგი წარმომადგენლები შედიან:

პარლამენტის 20 წევრი: ვახტანგ ხმალაძე, თინათინ ხიდაშელი, გიორგი კახიანი, შალვა შავგულიძე, მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, ელისო ჩაფიძე, ზაქარია ქუცნაშვილი, შალვა კიკნაველიძე, გიგა ბუკია,  ირაკლი ჩიქოვანი, ზურაბ აბაშიძე – კოალიცია ქართული ოცნებიდან;  დავით ბაქრაძე, პავლე კუბლაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი კანდელაკი, აკაკი ბობოხიძე, გიორგი ღვინიაშვილი – ნაციონალური მოძრაობიდან, კახა ოქრიაშვილი – უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარების ფრაქციიდან და გოჩა ენუქიძე უფრაქციო მაჟორიტარი.

სახელისუფლებო წარმომადგენლები: საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დავით პატარაია, მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე. 

კომისიის წევრები ასევე არიან: სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი.

არასაპარლამენტო კვალიფიციური პარტიების წარმომადგენლები:  ლევან ვეფხვაძე- ქრისტიან-დემოკრატიული მოძრობიდან, რატი მაისურაძე – ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტიიდან, ფიქრია ჩიხრაძე – ახალი მემარჯვენეებიდან, ლევან ბოძაშვილი – პარტია საქართველოს გზიდან, თამარ ჯუღელი – პარტიიდან სამართლიანი საქართველოსთვის, გიორგი ხოკერაშვილი  – ევროპელი დემოკრატებიდან და გიორგი კობახიძე – დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები: თამარ გაბისონია – კონსტიტუციის 42-ე მუხლი, კახა კახიშვილი – სარჩევნო პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრი, კახა კოჟორიძე  – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ვახტანგ ნაცვლიშვილი – ღია საზოგადოება – საქართველო, ლაშა ტუღუში – მედია კოალიცია, უზურმაგ ქარქუსოვი – ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესი, ლევან ცუცქირიძე – ჰოლანდიის მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტი და ელენე ხოშტარია – საქართველოს რეფორმების ასოციაცია.

სამართლის ექსპერტები: გია გეწაძე, ვასილ გონაშვილი, ავთანდილ დემეტრაშვილი, მარინე კვაჭაძე, გიორგი კვერენჩხილაძე, თევდორე ნინიძე, ზაზა რუხაძე, იური ტაბუცაძე, მინდია უგრეხელიძე, პაატა ცნობილაძე, ვახტანგ ძაბირაძე, ჯონი ხეცურიანი, ზურაბ ჯიბღაშვილი.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, კომისიის წევრები გადანაწილდებიან სამუშაო ჯგუფებში, რომლებიც კონსტიტუციის ცალკეული თავების მიხედვით მოამზადებენ ცვლილებათა პროექტებს, რომლებიც საბოლოო ჯამში თავს მოიყრის სარედაქციო ჯგუფში, რათა ერთიან პროექტს საბოლოო სახე მიეცეს. კომისიაში, დებულების მიხედვით, გადაწყვეტილებები ხმათა 2/3-ით მიიღება.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, კომისიის მუშაობა დამატებით საბიუჯეტო დანახარჯებს არ გამოიწვევს, ვინაიდან ის პარლამენტისთვის დადგენილი ხარჯებიდან დაფინანსდება. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button