Placeholder canvas
ახალი ამბები

მთავარი პროკურორი: გერმანიის სასამართლომ დამიდგინა პოლიციელთან შელაპარაკების ბრალეულობა

მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ, რომელსაც დანაშაულებრივ წარსულში დასდეს ბრალი, საზოგადოებისადმი წერილობით მიმართვაში განმარტა, რომ მას 2000 წელს შეემთხვა გერმანიაში ინციდენტი პოლიციასთან და სასამართლომ დაუდგინა „პოლიციელთან შელაპარაკების ბრალეულობა“.

„2000 წელს ნადვილად ვიმყოფებოდი გერმანიაში, სადაც ინციდენტი შემემთხვა გერმანიის პოლიციასთან. სამართალდამცველს, რომელსაც მოგვიანებით დადგინდა რომ ინფორმაცია ჰქონდა სხვა პირის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე, მოუვიდა შეცდომა,  მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა  და  საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მოხდა კონფლიქტი.  სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ ინციდენტის ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლომ დამიდგინა პოლიციელთან შელაპარაკების ბრალეულობა“, – ნათქვამია მთავარი პროკურორის განცხადებაში. 

„მინდა განვაცხადო, რომ ამ ინციდენტს ჩემი ქვეყნიდან დეპორტი და სხვა იძულებითი ღონისძიებები არ მოჰყოლია, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს ჩემს უდანაშაულობას. ასევე ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ მას შემდეგ საქმიანი და პირადი ვიზიტით არაერთხელ ვიმყოფებოდი გერმანიაში და ქვეყანაში შესვლისა და მისი დატოვების დროს არანაირი სახის პრობლემა არ შემქმნია“, – აცხადებს ფარცხალაძე.

ორშაბათს საღამოს, გიგი უგულავამ, რომელსაც სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მერის უფლებამოსილება შეუჩერა, განაცხადა თავის სატელევიზიო გამოსვლისას ნაციონალური მოძრაობის ცენტრალური ოფისიდან, რომ 2001 წელს ფარცხალაძე ყაჩაღური ქურდობისთვის იყო გასამართლებული გერმანიაში.

ფარცხალაძემ, რომელიც ტელეკრანებზე არ ჩნდება, წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ მას გიგი უგულავას ბრალდებებზე პასუხის გაცემა „მიზანშეწონილად“ არ მიაჩნდა, თუმცა დამატებითი განმარტებების გაკეთება მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტა, რომ „დავაკმაყოფილო  საზოგადოების მაღალი ინტერესი, რომელიც შეცდომაში იქნა შეყვანილი“.

მან ასევე განაცხადა, რომ  ბოლოს დროს მის წინააღმდეგ „გააქტიურებულმა ბინძურმა პოლიტიკურმა კამპანიამ პიკს მიაღწია“ და გაიმეორა პროკურატურის პოზიცია, რომ ეს  „რეზონანსულ საქმეებზე გააქტიურებულმა  გამოძიებამ“ განაპირობა, რომელმაც  „როგორც ჩანს, ჩვენი ოპონენტები „გაანაწყენა“ და ისინი შეუდგნენ ბინძური ხრიკებით უწყების და პირადად ჩემს კომპრომეტირებას“.

„მინდა ვთხოვო ჩემს  თანამოქალაქეებს ნუ აჰყვებიან  საქართველოს პროკურატურის ინსტიტუციის წინააღმდეგ წარმოებულ ბინძურ კამპანიას. მე თავი ვალდებულად ჩავთვალე საქართველოს მოქალაქეებისთვის ამეხსნა საქმის ვითარება და  განმემარტა, თუ რა მოხდა გერმანიაში 2000 წელს. ეს განმარტება ეკუთვნის საზოგადოებას და არა იმ პირებს, რომლებიც მხოლოდ საკუთარი დანაშაულის დაფარვის მიზნით ცდილობენ ჩემი და მთავარი პროკურატურის დისკრედიაციას“, – აცხადებს ფარცხალაძემ 24 დეკემბერს გავრცელებულ წერილობით მიმართვაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button