Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველოს ხელმძღვანელობა პუტინის განცხადებებზე

საქართველოს ხელმძღვანელობა ფრთხილი ოპტიმიზმით შეხვდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ 19 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებებს საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის მზაობის თაობაზე.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დადებითად შეაფასა პუტინის განცხადებები და 19 დეკემბერს გავცელებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ „ორი ქვეყნის ურთიერთობაში ბოლოდროინდელი  წინგადადგმული ნაბიჯები გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველს ქმნის“.

„მოგეხსენებათ, ქართული მხარის ინიციატივით გასულ წელს დაიწყო საქართველო–რუსეთის პირდაპირი დიალოგი, რამაც გარკვეული შედეგები უკვე გამოიღო, თუნდაც პრაქტიკულ სფეროებში კავშირების აღდგენის თვალსაზრისით. ჩვენი სურვილია ეს დიალოგი გაგრძელდეს და ნაბიჯ–ნაბიჯ მივუახლოვდეთ რთული, დელიკატური პრობლემების მოგვარებას“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის წერილობით განცხადებაში.

ღარიბაშვილის აზრით, რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის არსებული სავიზო რეჟიმის შესაძლო გადახედვა, რაზეც პუტინმა მიანიშნა, „პოზიტიური ნაბიჯი იქნება ჰუმანიტარული  ურთიერთობების ხელშეწყობის თვალსაზრისით“.

წერილობით განცხადებაში პრემიერ-მინისტრი ასევე ადასტურებს პუტინის სიტყვებს, რომ საქართველოში რუსი ხალხის მიმართ კეთილგანწყობილი დამოკიდებულებაა, რაც „კარგი საფუძველია მომავალი თანამშრომლობისთვის“.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარში განაცხადა, რომ საქართველო რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ყველა მიმართულებით დგამს ნაბიჯებს და მათ შორის, „არის ეფექტური შედეგები ვაჭრობის და კულტურული ურთიერთობების თვალსაზრისით“.

„ჩვენ ვდგამთ ყველა ნაბიჯს იმისთვის, რომ მოხდეს დეესკალაცია დაძაბულობის, რომელიც არის უკვე ისტორიული რუსეთის ფედერაციასთან“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

„ჩვენ ასევე ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ევროპასთან უვიზო მიმოსვლის დოკუმენტის ხელმოწერაზე. მე ვფიქრობ, რომ თუ საქართველო შეძლებს დააკმაყოფილოს [ევროპული] სტანდარტები, იმ შემთხვევაში თუ იქნება პოლიტიკური ნება, სავარაუდო არის რომ რუსეთის ფედერაციის სტანდარტებისთვისაც ეს იყოს მისაღები“, – განაცხადა მარგველაშვილმა და დასძინა: „ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ ამისი მზაობა არ არის, სამწუხაროდ“.

19 დეკემბერს პუტინის მიერ ყოველწლიური პრესკონფერენციის ფარგლებში საქართველოსთან ურთიერთობებზე გაკეთებული განცხადების იმ ნაწილის საპასუხოდ, სადაც რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ 2008 წლის აგვისტოში „ჩვენ არ დაგვიწყია საომარი მოქმედებები… ჩვენ ათასჯერ მაინც გვითქვამს: არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ ეს, ნუ დაუშვებთ სისხლისღვრას, ნუ მიიყვანთ აქამდე, მაგრამ მაინც მიიყვანეს“, საქართველოს პრემიერ-მინისტრი თავის წერილობით განცხადებაში აღნიშნავს: „რაც შეეხება უახლესი ისტორიის ტრაგიკულ მოვლენებს, მათ მიზეზებსა და შედეგებზე რუსეთისგან განსხვავებული პოზიციები გაგვაჩნია“.

„მოგეხსენებათ, რომ კერძოდ 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ვრცელი და კომპეტენტური დასკვნა გაკეთდა ევროკავშირის ეგიდით შექმნილი ე.წ. "ტალიავინის კომისიის" მიერ“, – აცხადებს ღარიბაშვილი. 

სახელმწიფო მინისტრმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთთან მიმართებაში „ანტაგონისტური და მილიტარისტული რიტორიკა“ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და რუსული საოკუპაციო ჯარების გაყვანის პრობლემების მოგვარებას ხელს ვერ შეუწყობს და ამ მიზნების მიღწევა შესაძლებელი გახდება, თუ რუსეთი შესაბამის პოლიტიკურ ნებას გამოავლენს.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button