ახალი ამბები

NDI-ის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა

გამოკითხულთა 79% აცხადებს, რომ მოსწონს ბიძინა ივანიშვილის არჩევანი პრემიერ-მინისტრის პოსტზე მის შემცვლელად ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენასთან დაკავშირებით, ნათქვამია საზოგადოებრივი აზრის კვლევაში, რომელიც  აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ნოემბრის მეორე ნახევარში ჩატარდა.

კვლევა, რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდა, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა შვედეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით 13-27 ნოემბერს ჩაატარა საქართველოს მასშტაბით შემთხვევით შერჩეული 3 915 რესპონდენტის პირისპირ ინტერვიუს გზით და მისი ცდომილების ზღვარი +/- 2%-ს შეადგენს.

კვლევა, რომელიც აჩვენებს საზოგადოების განწყობებს პოლიტიკურ და მიმდინარე საკითხებზე, ასევე მოიცავს პოლიტიკური რეიტინგების ნაწილს, რომელსაც NDI, მოგვიანებით, 20 ნოემბერს გაასაჯაროებს.
 
საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამოკითხული რესპოდენტების 54% სჯერა, რომ საქართველოში არის დემოკრატია – ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, NDI-ის თანახმად, მისი დაკვეთით 2008 წლიდან ჩატარებულ კვლევებს შორის. ეს მონაცემი სექტემბრის კლევასთან შედარებით 10 პროცენტული პუნქტით, ხოლო ივნისის კვლევასთან შედარებით 16 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. ნოემბრის კვლევაში ასევე 35%-მდეა შემცირებული გამოკითხულთა ის რაოდენობა, ვისი აზრითაც საქართველოში დემოკრატია არ არის. 

გამოკითხულთა 89% თვლის, რომ 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები კარგად ჩატარდა.

სექტემბრის კვლევასთან შედარებით, იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება 39%-დან 53%-მდე გაიზრდა.

ნოემბრის კვლევის თანახმად, 73% თვლის, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება მისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს, სექტემბერში ამგვარად 64% ფიქრობდა.

გამოკითხულთა 24% ნაწილობრივ ან სრულად ეთანხმება მოსაზრებას, რომ ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობა განახორციელებდა მნიშვნელოვან ცვლილებებს, თუმცა 58% საწინააღმდეგოს ფიქრობს. არასაპარლამენტო ოპოზიციის მიმართ ამ საკითხზე უარყოფით განწყობას ასევე გაცილებით მეტი რესპოდენტი – 58% აფიქსირებს, ვიდრე დადებითს – 17%.

სამუშაო ადგილები ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც რესპოდენტთა 62%-ს აღელვებს. ტერიტორიული მთლიანობა და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა ნომერ მეორე და მესამე მნიშვნელოვანი საკითხებია.

75% ფიქრობს, რომ მათი ოჯახების მდგომარეობა არ შეცვლილა 2012 წლის ოქტომბერში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ; 15%-მა გაუმჯობესება აღნიშნა, ხოლო 10%-მა – გაუარესება.

ამასთან, სექტემბერთან შედარებით 9 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი 70%-მდე იმ რესპოდენტთა რაოდენობა, ვინც ფიქრობს, რომ უმცირესობების უფლებების დაცვა  მნიშვნელოვანია.

საგარეო პოლიტიკა

საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მომხრე რესპოდენტთა რაოდენობა სექტემბერში არსებული 73%-დან 81%-მდე გაიზარდა ბოლო კვლევაში. 85%-ისთვის მისაღებია საქართველოს გაცხადებული მიზანი გახდეს ევროკავშირის წევრი.

რესპოდენტთა 11% აცხადებს, რომ ემხრობა რუსეთის ინიციატივით დაფუძნებულ ევრაზიის კავშირში საქართველოს გაწევრიანებას – ეს პირველი შემთხვევაა, როცა NDI-ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში ამ თემაზე რესპოდენტებს კითხეს.

გამოკითხულთა სულ უფრო ნაკლები რაოდენობა, 66% ემხრობა საქართველოს 2014 წლის სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობას. სექტემბერში ამგვარად 76% ფიქრობდა.

48% დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის რეაგირებას სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლებაზე, 28% კი უარყოფითად.

36% თვლის, რომ რუსეთი საქართველოსთვის „საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ ეს საფრთხე გაზვიადებულია“; 35% რუსეთს „რეალურ და არსებულ“ საფრთხედ მიიჩნევს; 23% კი თვლის, რომ ის „არანაირ“ საფრთხეს არ წარმოადგენს. ეს მაჩვენებლები სტატისტიკურად უცვლელია სექტემბრის კვლევასთან მიმართებაში.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button