ახალი ამბები

ევროკავშირი: ‘კარგი პროგრესია’ საქართველოს მიერ უვიზო მიმოსვლის სამოქმედო გეგმის განხორციელებაში

ევროკომისიამ განაცხადა 15 ნოემბერს, რომ საქართველომ „ძალიან კარგ პროგრესს“ მიაღწია ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების პირველ რამდენიმე თვეში.

საქართველომ და ევროკავშირმა სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ მოლაპარაკებები 2012 წლის ივნისში დაიწყეს, ხოლო ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა საქართველოს 2013 წლის თებერვლის ბოლოს გადაეცა.  

ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა წარმოადგენს მოთხოვნების დეტალურ ჩამონათვალს, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს ევროკავშირის მიერ მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის მისაღებად.

სამოქმედო გეგმა ისეთ სფეროებს მოიცავს, რომლებიც ეხება დოკუმენტების უსაფრთხოებას; საზღვრის და მიგრაციის მართვას, ასევე ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა კორუფციის და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ადამიანთა უფლებების და უმცირესობების დაცვა, ანტი–დისკრიმინაცია, რომლებიც მნიშვნელოვანია იმის უზრუნველსაყოფად, რომ გადაადგილება უსაფრთხო და კარგად მართულ გარემოში განხორციელდეს.

„კომისია მიიჩნევს, რომ საქართველომ ძალიან კარგ პროგრესს მიაღწია ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზის ამოცანების განხორციელებაში“, – განაცხადა ევროკომისიამ თავის პირველ ანგარიშში, სადაც სამოქმედო გეგმის განხორციელებაა შეფასებული.

პირველი ფაზის ამოცანები მოიცავს პოლიტიკის ზოგად ჩარჩოს – კანონმდებლობას და ინსტიტუტებს; მისი განხორციელება გზას გაუკვალავს მეორე ფაზის ფარგლებში დასახული ამოცანების შესრულებას, რომლებიც უკავშირდება  ეფექტური და მდგრადი განხორციელების პრაქტიკაში საჭირო ზომების დანერგვას.

„საკანონმდებლო და პოლიტიკური ჩარჩო, რასაც [პირველი ფაზის] დოკუმენტების უსაფრთხოების თაობაზე, მათ შორის ბიომეტრიის შესახებ, ამოცანები და ასევე საზღვრის ინტეგრირებული მართვის ამოცანები მოითხოვს, უკვე განხორციელების მოწინავე ეტაპზეა“, – ნათქვამია ანგარიშში.

„საქართველო კარგად მიიწევს წინ პირველი ფაზის იმ ამოცანების განხორციელების კუთხით, რომლებიც ეხება მიგრაციის მართვას, თავშესაფრის მინიჭებას, საზოგადოებრივ წესრიგს და უსაფრთხოებას, ასევე საგარეო ურთიერთობებს და ფუნდამენტურ უფლებებს“, – ნათქვამია ანგარიშში.

ასევე 15 ნოემბერს ევროკომისიამ განაცხადა, რომ მოლდოვამ ყველა ამოცანა შეასრულა ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში და ამიტომ ის რეკომენდაციას მისცემს სავიზო რეჟიმის მოხსნაზე იმ მოლდაველებისთვის, რომელთაც ბიომეტრიული პასპორტები გააჩნიათ. სამოქმედო გეგმა მოლდოვას 2011 წლის იანვარში გადაეცა.

ევროკომისიამ 15 ნოემბერს ასევე გამოაქვეყნა მესამე ანგარიში უკრაინასთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამია, რომ მართალია ქვეყანამ „მნიშვნელოვან პროგრესს“ მიაღწია, მაგრამ ზოგიერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა კვლავ დასაკმაყოფილებელია, მათ შორის ისინი, რომლებიც უკავშირდება ბიომეტრიული პასპორტების გაცემის სამართლებრივ ჩარჩოს, ანტიკორუფციულ ღონისძიებებს, თავშესაფარს და ანტი–დისკრიმინაციული საკანონმდებლო ჩარჩოს გაძლიერებას.

ანგარიშები საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის მიერ სამოქმედო გეგმების განხორციელებასთან დაკავშირებით ევროკომისიამ ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე ორი კვირით ადრე გამოაქვეყნა, სადაც საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების პარაფირებას ელის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button