skip to content
ახალი ამბები

მარგველაშვილი: ‘მეორე ტურზე უარის თქმა თავდასხმაში გადასვლას ნიშნავს’

ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მეორე ტურის შემთხვევაში არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა „უკან დახევას" არ ნიშნავს, არამედ ეს განცხადება „თავდასხმაში  გადასვლაა“, რაც მიზნად ისახავს რესურსის ბოლომდე გააქტიურებას.

„მეორე ტურზე უარის თქმა უკან დახევას არ ნიშნავს. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ვიგებთ პირველ ტურში. ეს განცხადება უკან დახევა კი არა, თავდასხმაში გადასვლაა. ეს გავაკეთეთ იმიტომ, რომ ბოლომდე გაგვეაქტიურებინა ჩვენი რესურსი, რათა გვეჩვენებინა, რომ ეს არ არის თამაში. თავდასხმისთვის გვჭირდება ძალების მობილიზება და იმპულსირება“, – განაცხადა მარგველაშვილმა 21 ოქტომბერს სპორტსმენებთან კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე.

პრემიერ–მინისტრი ივანიშვილი, რომელმაც პირველმა განაცხადა 17 ოქტომბერს, რომ მარგველაშვილს მეორე ტურის შემთხვევაში პრეზიდენტობისთვის ბრძოლის შეწყვეტას ურჩევს, ამ საკითხს ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში შეეხო, რომელიც 21 ოქტომბერს გავიდა ეთერში.

მან განაცხადა, რომ  ამ საკითხზე მისი განცხადება არ ყოფილა წინასწარ შეთანხმებული მარგველაშვილთან. ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ მეორე ტურის გამართვის შანსები ისეთი მცირეა, რომ ეს განხილვადაც არ ღირს.

„მეორე ტურის ალბათობა არის იმდენად მცირე, რომ …. მინდა ვთხოვო ჟურნალისტებს, რომ ამაზე ბევრ დროს ნუღარ დავხარჯავთ – მეორე ტური არ იქნება; პრაქტიკულად ამის ალბათობა არ არსებობს. შესაბამისად, მივმართავ ჩვენს მხარდამჭერებს, რომ იმ თეორიულ ალბათობასაც ნუ დატოვებენ და მოვიდნენ არჩევნებზე“, – განაცხადა მან.

ქართული ოცნების დაკვეთით ჩატარებულ გამოკითხვაზე დაყრდნობით ივანიშვილმა განაცხადა, რომ მის კოალიციას 70%–იანი მხარდაჭერა აქვს, მაგრამ იმისათვის, რომ ეს მხარდაჭერა დამაჯერებელ გამარჯვებაში გადაიზარდოს, არჩევნებზე ამომრჩეველთა მაღალი აქტივობაა საჭირო. 

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მომავალი არჩევნები მისი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ტოლფასი იქნება. ივანიშვილის თქმით, მათ დამაჯერებელი გამარჯვება სჭირდებათ იმის დასამტკიცებლად, რომ სწორ გზაზე დგანან.

ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ „დიდი ალბათობა“ არსებობს იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი დავით ბაქრაძე გავა მეორე ადგილზე, და არა დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

„ყველა ანალიზი ამას აჩვენებს, რომ მეორე ადგილზე არის ბაქრაძე“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ 50%–ზე ოდნავ მეტი ხმების მიღება შეასუსტებს მის ენთუზიაზმს, რომ მან თავისი დრო და რესურსები საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას მოახმაროს მას შემდეგ, რაც ის პრემიერ–მინისტრის პოსტიდან გადადგება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თუ მარგველაშვილი ხმების საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლებს მოაგროვებს და მეორე ტურის გამართვა გახდება საჭირო, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ იგი ცდება, როდესაც ფიქრობს, რომ მას და მის პოლიტიკას საზოგადოების ფართო მხარდაჭერა აქვს.

ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ თუ თეორიულად დაუშვებს, რომ ხალხი ასე არ ფიქრობს, იგი საკუთარ თავს არავის არ მოახვევს.

„და ეს თუ მომეხსნება, მე აბსოლუტურად თავისუფალი ადამიანი ვიქნები, უზარმაზარი ტვირთი ჩამომეხსნება და დარჩენილ დროს – მებაღეობა მიყვარს ძალიან – და დავრგავ ხეებს“, – განაცხადა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button