სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ რჩება
პრეზიდენტი სააკაშვილი მხარდამჭერებს მიმართავს ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო ყრილობაზე სპორტის სასახლეში 5 ოქტომბერს.
ნაციონალურმა მოძრაობამ 5 ოქტომბერს წინასაარჩევნო ყრილობაზე პრეზიდენტი სააკაშვილი პარტიის თავმჯდომარედ აირჩია, რომელიც 2001 წელს ამ მოძრაობის დაფუძნებიდან მისი უცვლელი ლიდერია.
პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობა შეინარჩუნა ასევე ვანო მერაბიშვილმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომელიც ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება რამდენიმე საქმესთან დაკავშირებით წაყენებული ბრალდებებით.
ამასთან, მეექვსე ყრილობის ფარგლებში, რომელიც სპორტის სასახლეში გაიმართა, პარტიამ განახლებული წესდება დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც ძირითადი გადაწყვეტილების მიმღები ორგანო ხდება პოლიტიკური საბჭო, რომელსაც პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე უხელმძღვანელებს.
ახალი წესდება, პარტიის თქმით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში „უფრო დემოკრატიულ მექანიზმებს, გამჭირვალობას და დეცენტრალიზაციას“ უზრუნველყოფს. პრაიმერი, რომლითაც ნაციონალურმა მოძრაობამ 27 ოქტომბრის არჩევნებისთვის თავისი კანდიდატი შეარჩია, პარტიის განცხადებით, ყველა დონის არჩევნებისთვის კანდიდატების შერჩევის ძირითადი წესი გახდება.
ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ დევნის მიუხედავად, ნაციონალური მოძრაობა „გადარჩა, გარდაიქმნა და ახალი ფორმით წარსდგა დღეს თქვენს წინაშე“, რაც, მისი თქმით, არის პირველი შემთხვევა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, როცა მმართველი პარტია ხელისუფლების დაკარგვის შემდეგ არ გაქრა.
სააკაშვილმა განაცხადა, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის დამარცხებამ ის ცუდ ხასიათზე დააყენა, თუმცა იქვე გაუჩნდა ოპტიმიზმი და საკუთარ თავს უთხრა, რომ „ეს არის დაბრუნების, უკან მობრუნების ახალი გზის დასაწყისი“.
მისი თქმით, შარშანდელი არჩევნები ნიშნავს, რომ „პოლიტიკური მონაცვლეობა იწყება საქართველოში“ და ხაზი გაუსვა, რომ ნაციონალური მოძრაობა „ყოველთვის შეეცდება გაიმარჯვოს თავისუფალი არჩევნების გზით“.
„მინდა დაბრუნდეთ ყოველგვარი აგრესიის, ყოველგვარი სიძულვილის, ყოველგვარი შურისძიების სურვილის გარეშე“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ანგარიშსწორების „არაჯანსაღი ციკლი“ უნდა შეწყდეს.
„არც ერთი პოლიტიკური ლიდერი არ უნდა მოხვდეს წინასწარ პატიმრობაში, ისინი კი ვინც ყველაზე მატად არ მოგვწონს, არავინ არ უნდა იყოს განთავისუფლებული სამსახურიდან პოლიტიკური შეხედულებების გამო. როცა ჩვენ დავბრუნდებით, არავის არ უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ შეიძლება გახდეს პოლიტიკური დევნის მსხვერპლი“, – განაცხადა სააკაშვილმა.
„ხელისუფლების მეორე დემოკრატიული გადაცემა და ეს მოხდება მალე, ბევრად უფრო მალე, ვიდრე მათ ჰგონიათ, უნდა იყოს მტრობის საბოლოოდ დასრულების ეტაპი“, – განაცხადა მან.
მან ასევე განაცხადა, რომ შიდა დაპირისპირებას შესაძლოა სახელმწიფოებრიობის დაკარგვა მოყვეს და საქართველოს ისტორიაც გაიხსენა.
„გავიხსენოთ დიდი მეფე ბაგრატ IV, რომელმაც ამბიციური რეფორმების და მოდერნიზაციის წყალობით ერთ–ერთმა პირველმა დაიწყო ერთიანი საქართველოს დაარსება. მოხდა ისე, რომ მისმა რეფორმებმა ქართულ ფეოდალურ ელიტაში ძლიერი სიძულვილი გამოიწვია, მაშინ მივიღეთ პირველი გაკვეთილი ერთმორწმუნე, მაგრამ ცბიერ მტრულ სახელმწიფოსთან ურთიერთობის, ერთ–ერთი ადრეული და მწარე გამოცდილება. მოხდა ისე, რომ ერთ–ერთი ქართველი მღვდელმთავარი, იოანე ტაოელ აზნაურებთან ერთად სამარცხვინო ვიზიტით გაემგზავრა ბიზანტიაში, სადაც მან იმპერატორ კონსტანტინეს პატივისცემა გამოუხატა და სიყვარული შეჰფიცა, დაუჩოქა და შესთავაზა საქართველოს დაპყრობა და მისი სახელმწიფოებრიობის გაუქმება“, – განაცხადა მან. „როდესაც ეპისკოპოსი იოანეს მოწვევით გულმოცემული და ერთმორწმუნეობის ქურქში გახვეული კონსტანტინე თავისი არმიით მოადგა საქართველოს, მას დახვდა ბევრი ფეოდალი, რომელიც შეუერთდა იმპერატორის ჯარს. ისინი იმპერატორის არმიას შეუერთდნენ საკუთარი სახელმწიფოს, საკუთარი ერის წინააღმდეგ“.
სააკაშვილმა, რომელიც ბოლო გამომსვლელი იყო წინასაარჩევნო ყრილობაზე, განაცხადა თავისი ნახევარსაათიანი გამოსვლის დასაწყისში, რომ ეს შეკრება იმისთვის მოხდა, „რათა მწყობრად ჩამოვაყალიბოთ ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა პრაიმერით გამარჯვებული საპრეზიდენტო კანდიდატის, ჩემი მეგობრის დავით ბაქრაძის მიმართ“.
„დათოს კანდიდატურა ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი პერსპექტივის თვალსაზრისით. მე მინდა ყველამ დავსვათ კითხვა… როგორი უნდა იყოს, ან არ უნდა იყოს პრეზიდენტი? უნდა იყოს თუ არა რომელიმე ქვეყნის მარიონეტი, მითუმეტეს დამპყრობლის ან რომელიმე მდიდარი ადამიანის მარიონეტი, თუ უნდა იყოს დამოუკიდებელი მოაზროვნე პიროვნება? მე ვიყავი წინა კვირაში გაეროში. მე მინდა დავსვა კითხვა, არსებულ კანდიდატთაგან ვინ უნდა გამოვიდეს გენერალური ასამბლეის შემდგომ ხუთ სესიაზე? ისინი, თუ ეს კაცი [ბაქრაძე]?“, – განაცხადა სააკაშვილმა, რომელიც ამ დრომდე ფაქტიურად არ იყო ჩართული ბაქრაძის საარჩევნო კამპანიაში.
თავის გამოსვლაში პარტიის ყრილობაზე დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ დღეს ნაციონალური მოძრაობა განახლებული და გაძლიერებულია.
ბაქრაძემ თავის გამოსვლაში კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი კამპანიის ძირითადი თეზისები და აღნიშნა, რომ ახალმა პრეზიდენტმა მთავრობა უნდა აკონტროლოს. მან კოალიცია ქართული ოცნება გააკრიტიკა შეუსრულებელი წინასაარჩევნო დაპირებების გამო.
„ოცნება არ მუშაობს, ჩემო მეგობრები, დაპირებები არ სრულდება“, – განაცხადა მან.
მან ასევე განაცხადა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ წარსული „ობიექტურად“ უნდა შეაფასოს. მისი თქმით, პარტიამ უნდა იამაყოს იმ უამრავი წარმატებით, რომლებიც მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს იქნა მიღწეული, მაგრამ ამავე დროს თვალის უნდა გაუსწოროს წარსულის შეცდომებს თუ "დანაშაულებს".
ბაქრაძის თქმით, მას ხშირად ეკითხებიან: „დაბრუნდება ძველი ნაციონალური მოძრაობა?“, რაზეც მისი პასუხია, რომ „ნაციონალური მოძრაობის ძალა განახლების სურვილშია“.
„წარსულიდან მოგვაქვს პატრიოტიზმი და ენერგია, მაგრამ წარსულში ვტოვებთ ყველაფერს, რაც საზოგადოებას შეცდომად მიაჩნია“, – განაცხადა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)