ახალი ამბები

NDI-ის კვლევის თანახმად, 71% უარყოფითად აფასებს ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის გეგმას

რესპოდენტთა 71% უარყოფითად აფასებს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გეგმებს პოლიტიკიდან წასვლის შესახებ და მხოლოდ 18% ამართლებს ამ გადაწყვეტილებას, ნათქვამია 23 სექტემბერს გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელიც აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარდა.

ეს 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე NDI-ის მიერ ორგანიზებული ბოლო ასეთი გამოკითხვაა, რომელიც ქართული საზოგადოების დამოკიდებულებას ასახავს მთელ რიგ მიმდინარე და პოლიტიკურ საკითხებზე. კვლევის პოლიტიკური რეიტინგების ნაწილი 26 სექტემბერს გამოქვეყნდება.

კვლევა 18 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე საქართველოს მასშტაბით შემთხვევით შერჩეული 3 838 რესპონედენტის პირისპირ ინტერვიუს გზით განხორციელდა და მისი ცდომილების ზღვარი +/- 2%-ს შეადგენს. NDI–ის კვლევას შვედეთის განვითარების სააგენტო აფინანსებს და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი ატარებს.

ივნისის ანალოგიურ კვლევასთან შედარებით, 6 პროცენტული პუნქტით  44%-მდე გაიზარდა იმ რესპოდენტების რაოდენობა, ვინც თვლის, რომ საქართველოში არის დემოკრატია; საპირისპიროს ფიქრობს 44%, რაც სტატისტიკური ცდომილების ფარგლებშია შემცირებული ივნისის შემდეგ.

ივნისში არსებული 45%-დან იმ რესპოდენტთა რაოდენობა, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, ბოლო კვლევაში 39%-მდეა შემცირებული, იმ კონტიგენტის ზრდის ხარჯზე, რომელიც ფიქრობს, რომ საერთოდ არაფერი არ იცვლება (36%) ან მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება (16%). 

მაშინ როცა რესპოდენტთა უმრავლესობა – 74% ფიქრობს, რომ შარშან ოქტომბერში ხელისუფლების ცვლილებას მის ოჯახზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია, გაუარესებაზე უფრო მეტი (14%) მიუთითებს, ვიდრე გაუმჯობესებაზე (11%). ეს განწყობები სტატისტიკურად უცვლელია ივნისთან შედარებით.

წინა კვლევასთან შედარებით უცვლელია ასევე, რესპოდენტების აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების სამეულიც შემდეგი თანმიმდევრობით: სამუშაო ადგილები – 63%; ტერიტორიული მთლიანობა – 33%; და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა – 29%. თუ პირველ ორ მიმართულებაზე, რესპოდენტთა უმრავლესობა ამბობს, რომ არაფერი შეცვლილა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის კუთხით 39% გაუმჯობესებას აღნიშნავს.

64% ფიქრობს, რომ ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს, ეს მონაცემი ივნისში 62%, ხოლო მარტში 71% იყო.

ამასთან, ივნისთან შედარებით, ექვსი პროცენტული პუნქტით არის 26%-მდე გაზრდილი იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომელიც მიიჩნევს, რომ ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობა განახორციელებდა მნიშვნელოვან ცვლილებებს; თუმცა 55% ნაწილობრივ ან საერთოდ არ ეთანხმება ამ მოსაზრებას.  

რესპოდენტთა უმრავლესობა  – 77% მოელის, რომ 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები ძალიან კარგად და მეტნაკლებად კარგად ჩატარდება. ამასთან, მოახლოებული არჩევნების სამ უმთავრეს გამოწვევად რესპოდენტები მიიჩნევენ ამომრჩეველთა მოსყიდვას, საარჩევნო სიებს და სამსახურის შესანარჩუნებლად ხმის მიცემის პრობლემას. 

მიმდინარე საკითხები

კვლევამ აჩვენა დაბალი ინფორმირებულობა ამჟამად პარლამენტში საკონსტიტუციო პროექტების მიმდინარე  განხილვებზე, რის შესახებაც გამოკითხულთა 43%-მა იცის. ამასთან, 51% ეთანხმება იმ კონსტიტუციური კანონპროექტის მიღებას, რომელიც პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში დაბრუნებას ითვალისწინებს; 48% დადებითად აფასებს პირველი მოსმენით უკვე მიღებულ ცვლილებებს, რომლითაც პრემიერ-მინისტრს აღარ ექნება მთავრობის პარლამენტის თანხმობის გარეშე გამოცვლის უფლება; 44% თანახმაა ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირმა დაიკავოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის ან პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა; თუმცა მხოლოდ 34% უჭერს მეოთხე კანონპროექტს მხარს, რომელიც კონსტიტუციის გადასინჯვისთვის საჭირო კვორუმის 2/3-ზე შენარჩუნებას უკავშირდება, მისი ¾-მდე გაზრდის ნაცვლად – ამ ინიციატივას 22% არ ეთანხმება, ხოლო 43%-ს არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია.

გამოკითხულთა მხოლოდ 31% ამართლებს პარტიების საბიუჯეტო დაფინანსებას, 34% კი წინააღმდეგია. ამასთან, 44% უარყოფითად აფასებს აგვისტოში მიღებულ იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლითაც იმ შვიდ პარტიას, რომლებმაც შარშან საპარლამენტო არჩევნებზე 2%-ზე ნაკლები შედეგი აჩვენეს, ერთჯერადი საბიუჯეტო დაფინანსება გამოეყოთ.

კვლევაში რესპოდენტები ასევე აფასებენ ცესკოს ყოფილი თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის გადაწყვეტილებას საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის დაწყების შემდეგ თანამდებობიდან პოლიტიკაში წასვლის მოტივით გადადგომის შესახებ. 45% ამ ნაბიჯს გაუმართლებლად მიიჩნევს, ხოლო 23% დადებითად აფასებს. ხარატიშვილი ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატია.

საგარეო ურთიერთობები

კვლევა საქართველოს დასავლური კურსის მიმართ რესპოდენტთა ერთგულებას კიდევ ერთხელ აჩვენებს: 81%, რაც სულ ცოტა ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩატარებულ ანალოგიურ კვლევებთან შედარებით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, მხარს უჭერს საქართველოს მიზანს გახდეს ევროკავშირის წევრი, ხოლო 73% ნატოში გაწევრიანების მომხრეა, მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხულთა დიდმა ნაწილმა არ იცის როდის მოხდება ეს.

ივნისთან შედარებით შვიდი პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 70% შეადგინა იმ რესპოდენტთა რაოდენობამ, რომელსაც არ მოსწონს საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობები რუსეთთან; არსებული ურთიერთობებით 23% კმაყოფილია.

69% თვლის, რომ რუსეთი საქართველოსთვის რეალურ ან გაზვიადებულ საფრთხეს წარმოადგენს, ივნისში ასე 71%, ხოლო მარტში 68% ფიქრობდა; ბოლო კვლევაში 25%-მდეა გაზრდილი, ივნისში არსებული 20%-დან, იმ რესპოდენტთა რიცხვი, ვისი აზრითაც, რუსეთი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. 

ამასთან, 89% მიესალმება სოფლის მეურნეობის ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების თაობაზე მოლაპარაკებებს; ხოლო 76%-ისთვის მისაღებია 2014 წლის ზამთრის სოჭის ოლიმპიადაზე საქართველოს მონაწილეობა.

უმცირესობების უფლებები

რესპოდენტთა 61% აცხადებს, რომ უმცირესობების უფლებების დაცვა მათთვის მნიშვნელოვანია; 7% კი ამ თემისადმი ნეგატიურად არის განწყობილი.

უმცირესობათა კონკრეტული ჯგუფების შესახებ დასმულ შეკითხვაზე, რესპოდენტთა უმეტესობამ უპასუხა, რომ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების (62% და 56%, შესაბამისად) უფლებების დაცვა მათთვის მნიშვნელოვანია.

თუმცა  აბსოლუტურად საპირისპირო სურათი იხატება სექსუალურ უმცირესობებთან მიმართებაში.

რესპოდენტთა მხოლოდ 15% მიიჩნევს, რომ სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია, მაშინ როცა 58%-ს ამ თემაზე ნეგატიური განწყობა აქვს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button