skip to content
ახალი ამბები

შიკორსკიმ ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის დაჩქარების შესაძლებლობაზე მიანიშნა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას შესაძლოა 2014 წელს მოაწეროს ხელი.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პრემიერ–მინისტრს ლატვიაში 7 სექტემბერს შეხვდა რიგის კონფერენციის ფარგლებში.

შიკორსკიმ, რომელიც რიგაში ვილნიუსიდან ჩავიდა, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა, განაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება, რომ საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომელიც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ხელი მოეწეროს მანამ, სანამ მოქმედი ევროკომისიის მანდატი ამოიწურება იმ პირობით, რომ საქართველო ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებს.

მოქმედი ევროკომისიის უფლებამოსილების ვადა 2014 წლის 31 ოქტომბერს იწურება.    

საქართველო იმედოვნებს, რომ 2013 წლის ნოემბერში აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება მოხდება.

ლატვიის პრემიერ–მინისტრმა ვალდის დომბროვსკისმა 6 სექტემბერს თავის ქართველ კოლეგასთან ბიძინა ივანიშვილთან რიგაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს ვილნიუსში ნოემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებას, რათა შემდგომ სამიტზე, რომელიც 2015 წელს რიგაში გაიმართება და რომლის დროსაც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ლატვია იქნება, ხელი მოეწეროს მას.

თუმცა, როგორც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 7 სექტემბერს აღნიშნა, ევროკავშირში არსებობს მზადყოფნა, რომ ხელშეკრულების ხელმოწერის საკითხი უფრო ადრე იქნას განხილული, თუ საქართველო საჭირო პირობებს დააკმაყოფილებს. 

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ გუშინ ვილნიუსში ჩვენ შევთანხმდით, რომ თუ პირობები დაკმაყოფილდება და საქართველოსთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების პარაფირება მოხდება, კომისიამ მზადყოფნა გამოთქვა, რომ დოკუმენტები ხელმოსაწერად მანამ მოამზადოს, სანამ მისი [კომისიის] ვადა ამოიწურება, რაც, ვფიქრობ, კიდევ ერთი არგუმენტია პრემიერ–მინისტრისთვის, დაარწმუნოს ქართველი ხალხი, რომ ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რაც საჭიროა ქართული ეკონომიკის მოდერნიზაციისთვის და იმისათვის, რომ ის სრულ შესაბამისობაში იყოს დედამიწის უმსხვილეს ბაზართან – ევროკავშირთან“, – განაცხადა შიკორსკიმ ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ.

პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ „ეს ძალიან კარგი ახალი ამბავია ჩემთვის“.

„შემონათვალია, რომ თუ ვიმუშავებთ კარგად, სანამ ეს კომისია დაიშლება, ჩვენ მოვასწრებთ ხელიც მოვაწეროთ ხელშეკრულებას; ეს არის ძალიან დიდი მიღწევა და ეს არის დასკვნაც და საბუთიც წარმატებების“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ეს იმის მაჩვენებელია, რომ ევროკავშირი აღიარებს მისი მთავრობის „დემოკრატიულ“ კურსს.

აღმოსავლეთ პარტნიორობა, რომელიც სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას აერთიანებას, ერთ–ერთი ის საკითხი იყო, რომელიც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ვილნიუსში 6–7 სექტემბერს გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე განიხილეს.

„წევრი სახელმწიფოები სოლიდარობას უცხადებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, რომელთაც ევროპული გზა აირჩიეს და ძლიერ მხარდაჭერას უცხადებენ მათ. რუსეთის ზეწოლა უკრაინაზე და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებზე გაიზრდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დარჩეს. ჩვენ უნდა განვიხილოთ გზები, რომ ქვეყნებს ამ ზეწოლის გადალახვაში დავეხმაროთ“, – განაცხადა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა, რომლის ქვეყანაც ევროკავშირის ამჟამინდელი თავმჯდომარეა როტაციის პრინციპით.

ვილნიუსში 7 სექტემბერს გამართულ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრას ასევე ესწრებოდა აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, რომელმაც განაცხადა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა „ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური გეგმაა, რომელიც ბიზნესის კეთების სტანდარტებს აამაღლებს, გაზრდის ვაჭრობას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სამუშაო ადგილებს გაზრდის“.

„ეს კარგია ეკონომიკური განვითარებისთვის“, – განაცხადა კერიმ თავის ლიტველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, „ჩვენ ვისაუბრეთ, როგორ შეიძლება გაგრძელდეს მისი გაფართოება და ჩვენ მზად ვართ ვიმუშავოთ ლიტვასთან, რათა დავეხმაროთ და წინ წავწიოთ ეს საქმე. მე ასევე საუბარი მექნება საგარეო საქმეთა მინისტრ ჰეიგთან ინგლისში იმ გზების შესახებ, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია ყველას გავერთიანდეთ და შევეცადოთ ამის გაკეთებას“.

პოლონეთისა და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ: „პრემიერ–მინისტრის ძალიან მადლიერი ვარ იმისათვის, რომ მოგვეცა შესაძლებლობა კიდევ ერთხელ მიმოგვეხილა პოლონურ–ქართული ურთიერთობების საუკეთესო მდგომარეობა“. 

„პრემიერ–მინისტრი პოლონეთს ცოტა ხნის წინ სტუმრობდა [ივლისში] და ძალიან კარგი საუბარი ჰქონდა [პოლონეთის პრემიერ–მინისტრ] დონალდ ტუსკთან და ჩვენ ვასრულებთ ორი პრემიერ–მინისტრის მიერ შეთანხმებულ დღის წესრიგს, რომელიც საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლების გამოგზავნას და საქართველოს ევრო–ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას ითვალისწინებს“, – განაცხადა შიკორსკიმ. 

პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მას „ძალიან წარმატებული“ ვიზიტი ჰქონდა პოლონეთში, სადაც „დავმეგობრდით დონალდ ტუსკთან“.

ლატვიაში ვიზიტის მეორე დღეს პრემიერ–მინისტრმა რიგის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა, რომელიც 7 სექტემბერს ასევე იმყოფებოდა ლატვიაში რიგის კონფერენციაზე დასასწრებად, დაწერა Twitter-ზე: „საუბარი საქართველოს პრემიერ–მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან სადილის დროს. ჩვენ ხაზს ვუსვამთ ჩვენს შეშფოთებას კანონის უზენაესობასა და შერჩევითი სამართლის ტენდენციებთან დაკავშირებით“.

ლატვიაში სტუმრობის შემდეგ, 8 სექტემბერს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ესტონეთში ორდღიანი ვიზიტი დაიწყო.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button