ახალი ამბები

ბურჯანაძის და ივანიშვილის პარტიები აქტივისტების გამო დავობენ

პრეზიდენტობის კანდიდატის ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოსთვის აცხადებს, რომ ამჟამინდელი მთავრობის პოლიტიკით იმედგაცრუებული „ასობით“ ქართული ოცნების აქტივისტი და წევრი ტოვებს ივანიშვილის კოალიციას და ბურჯანაძის პარტიას უერთდება.

ივანიშვილის პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო აცხადებს, რომ მართალია პარტიის დატოვების ცალკეულ შემთხვევებს ადგილი მართლაც აქვს, მაგრამ ცნობები მასიური გადასვლების შესახებ შავი პიარ ხრიკია, რომელსაც კონკურენტები 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ კამპანიის ფარგლებში მიმართავენ.

ბურჯანაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიგლა ბარამიძემ განაცხადა, რომ „ასობით“ ადამიანი უერთდება „დემოკრატიული მოძრაობის“ რიგებს „არა მხოლოდ ქართული ოცნებიდან, არამედ ნაციონალური მოძრაობიდანაც“.

„მაგრამ მე ვფიქრობ, ეს არის საკმაოდ ბუნებრივი პროცესი და რაღაც განსაკუთრებული მითქმა-მოთქმა ამას არ უნდა მოყვეს, მითუმეტეს, რომ ჩვენ ამ კუთხით არ ვმუშაობთ და არანაირი გადმობირების პროცესი არ მიმდინარეობს; უბრალოდ მოდიან ადამიანები, რომლებიც ხედავენ თავიანთ პერსპექტივას ნინო ბურჯანაძესთან“, – განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

„სასაცილოა და მეორე მხრივ, ამაზრზენია, რომ ასეთ იაფფასიან ტრიუკებს იყენებს ჩვენი კონკურენტი… თუკი თქვენ ერთი და ორი ადამიანის პარტიიდან გასვლას დაარქმევთ გადინებას მასობრივს და ეს შეიძლება ჩათვლილი იქნეს რაღაც პროცესად, მე ამაში ვერც თქვენ და ვერც სხვას ვერ დავეთანხმები… მოვუწოდებ ყველას, რომ გონს მოეგონ და ასეთ იაფფასიან ტრიუკებს ნუღარ გამოიყენებენ“, – განუცხადა ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს აღმასრულებელმა მდივანმა, არმაზ ახვლედიანმა 23 აგვისტოს ტელეკომპანია „მაესტროს“.

ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის მსგავსად, ნინო ბურჯანაძეც კახეთში მართავდა მიმდინარე კვირას საარჩევნო კამპანიას.

კამპანიის ფარგლებში ბურჯანაძე აქცენტს აკეთებს რიგ საკითხებზე, რომელთა შორისაც პრიორიტეტს საგარეო პოლიტიკას ანიჭებს; ის ამბობს, რომ არ სურს გადაჭარბებული მოლოდინები შეუქმნას ამომრჩევლებს, ვინაიდან პრეზიდენტის ძალაუფლება მნიშვნელოვნად შემცირდება წლის ბოლოსკენ ახალი კონსტიტუციური დებულებების ამოქმედების შედეგად.

ბურჯანაძე, რომელიც 2001-2008 წლებში პარლამენტის თავმჯდომარე იყო და ორჯერ პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა, აკრიტიკებს ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკას, რადგან მისი თქმით, მთავრობამ ვერ შეძლო „გამბედავი ნაბიჯების“ გადადგმა რუსეთთან ურთიერთობებში. მისი აზრით, მთავრობა თავს იკავებს რუსეთის ხელმძღვანელობასთან მაღალი რანგის კონტაქტებისგან, რადგან პრო-რუსული იარლიყის მიწებების ეშინია. ბურჯანაძის თქმით, მას არ აშინებს, რომ პრო-რუსულს ეძახიან და არჩევის შემთხვევაში, გამართავს მოლაპარაკებებს რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან.

„მე ვიცი ამ ადამიანს [პუტინს] როგორ უნდა ველაპარაკო, მე ვიცი მისი დამოკიდებულება საქართველოს და საქართველოს პრობლემების მიმართ… მე ვიცი რომ მე შევძლებ რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას“, – განაცხადა მან გურჯაანის ტელევიზიასთან ინტერვიუში 23 აგვისტოს.

„ბატონი ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად აკეთებს მოზომილ განცხადებებს რუსეთთან დაკავშირებით, მაგრამ ყველა მის შემდეგ არსებული თანამდებობის პირები – მინისტრები, პარლამენტარები – ლაპარაკობენ, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და არ დაველაპარაკებით, სანამ არ გავა საქართველოს ტერიტორიიდან; ამბობენ, რომ არ აღვადგენთ დიპლომატიურ ურთიერთობას, სანამ საქართველოს ტერიტორიები არ გათავისუფლდება“, – განაცხადა მან.

ბურჯანაძემ გააკრიტიკა მთავრობა იმის გამოც, რომ ის „ფართომასშტაბიან მოლაპარაკებებში“ არ ჩაერთო რუსეთთან და მიმდინარე ორმხრივი მოლაპარაკებები მხოლოდ სავაჭრო და ეკონომიკური საკითხებით შემოფარგლა. მისი თქმით, სავაჭრო საკითხებიც კი ვერ მოგვარდება სრულად იმ პირობებში, როცა ადგილი არ აქვს „ფართომასშტაბიან მოლაპარაკებებს“ რუსეთთან.

ბურჯანაძემ ასევე გააკრიტიკა პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი იმის გამოც, რომ მან „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ აქვს მოლოდინი ოთხ წელიწადში საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

„როგორ შევდივართ ნატოში? ნატოში ვერ შევალთ ჩვენ, სანამ რუსეთის ჯარი დგას აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე ან მაშინ უარი უნდა ვთქვათ ამ ტერიტორიებზე და ვთქვათ, რომ ეს არ არის საქართველო და ნატოში შედის დანარჩენი საქართველო ან მაშინ ჩვენ უნდა განვაცხადოთ და ვთქვათ ხმამაღლა, რომ ნატოში შესვლის პერსპექტივა ჩვენ არ გვაქვს“, – განაცხადა ბურჯანაძემ, „არ უთქვამს ბატონ ივანიშვილს არცერთი ისეთი ჯადოსნური სიტყვა, რომელიც მე დამარწმუნებდა, რომ 4 წელიწადში შესაძლებელია რუსეთის ჯარების გაყვანა აფხაზეთიდან და ოსეთიდან, ამ ტერიტორიების შემორიგება და ერთიანი ტერიტორიებით ნატოში შესვლა“.

საშინაო საკითხებთან დაკავშირებით ბურჯანაძე აკრიტიკებს მთავრობას პრეზიდენტ სააკაშვილის „დანაშაულებრივ რეჟიმთან კოჰაბიტაციის“ გამო. ის სააკაშვილის მოკავშირე იყო, ვიდრე ნაციონალურ მოძრაობას დატოვებდა 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.  ბურჯანაძე, რომლის პარტიასაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია, უძღვებოდა საპროტესტო აქციებს, რომელიც 2011 წლის 26 მაისს ძალადობრივი დარბევით დამთავრდა.

კახეთში წარმოებული კამპანიის ფარგლებში ბურჯანაძემ მისი კონკურენტების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა: „არავინ არ მიმაჩნია ჩემს კონკურენტად. მე კონკურენცია შეიძლება გამიწიოს მხოლოდ ძალიან დიდმა ფინანსებმა და ამავდროულად, ნაწილობრივ იმ ავტორიტეტმა, რომელიც აქვს ბიძინა ივანიშვილს. თავად კანდიდატები, ვერცერთი ვერ გამიწევს კონკურენციას“.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button