
ხარატიშვილი ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნას გეგმავს
ზურაბ ხარატიშვილმა, რომელიც სამი დღის წინ ცესკოს თავმჯდომარის პოსტიდან მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ ბევრისთვის მოულოდნელად გადადგა, 15 აგვისტოს პოლიტიკური გეგმების შესახებ გააკეთა ოფიციალური განაცხადი და აღნიშნა, რომ ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნას გეგმავს „არარადიკალურ“ ძალებთან თანამშრომლობით.
„მე გამოვდივარ ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნის ინიციატივით“, – განაცხადა ხარატიშვილმა ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე, „უახლოეს მომავალში ჩემს თანამოაზრეებთან ერთად ჩამოვაყალიბებ იმ კონცეპტუალურ საფუძვლებს, რის გარშემოც გავმართავთ კონსულტაციებს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან და პიროვნებებთან“.
მან არ გამორიცხა თანამშრომლობა პაატა დავითაიას პარტიასთან ევროპელ დემოკრატებთან, ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიასთან (ედპ) და ახალ მემარჯვენეებთან. ედპ-მ ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე 0.14% მიიღო, ახალმა მემარჯვენეებმა 0.43% დააგროვა დამოუკიდებლად, ხოლო ევროპელმა დემოკრატებმა გიორგი თარგამაძის ქრისტიან-დემოკრატებთან ერთ ბლოკში ხმათა 2.04% მიიღეს.
„ყველა იმ ძალასთან, ვინც არ არის პოლარიზებული, ვინც არ არის მარგინალური შეხედულებების მქონე, ყველა მათთან ალბათ იქნება გარკვეული თანამშრომლობა“, – განაცხადა ხარატიშვილმა და დასძინა, რომ "რთულ კოჰაბიტაციურ, ორხელისუფლებიანობის" პირობებში არსებული პოლიტიკურ პოლარიზაცია ქვეყნისთვის ძალიან ცუდია.
მისი თქმით, დაახლოებით ორ კვირაში ახალი პოლიტიკური ცენტრის კონტურების გამოკვეთასთან ერთად, რომელიც მისი თქმით, ცენტრისტული მიმართულების იქნება, საბოლოოდ გაირკვევა მიიღებს თუ არა ის მონაწილეობას 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში.
„პრეზიდენტობის კანდიდატობის თემა ჯერ არ არის ცალსახად ჩამოყალიბებული. ეს მხოლოდ იხილება და იხილება მხოლოდ იმ ჭრილში, რომ ახალი პოლიტიკური ცენტრის ინტერესებიდან გამომდინარე როგორ დალაგდება სიტუაცია ანუ რა პოლიტიკურ ძალებთან მოხდება თანამშრომლობა“, – განაცხადა მან საპრეზიდენტო ამბიციებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ.
აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარებული კვლევების თანახმად, ზურაბ ხარატიშვილი მარტშიც და ივნისშიც რესპოდენტთა 7%-ს მოსწონდა, დაეცა რა ეს მაჩვენებელი მის მიმართ გამოვლენილი 16%-იანი პოზიტიური განწყობიდან, რომელიც 2012 წლის ნოემბერში, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩატარებულ კვლევაში დაფიქსირდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში NDI-ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევებში, გამოკითხულთა დაახლოებით მეოთხედი აცხადებდა, რომ არ მოსწონდათ ხარატიშვილი, ხოლო დარჩენილი ნაწილი ამბობდა, რომ ამ პიროვნების მიმართ ან ჩამოყალიბებული პოზიცია არ ქონდა ან მის შესახებ საერთოდ არაფერი იცოდა.
15 აგვისტოს პრესკონფერენციაზე საუბრისას ხარატიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ბოლო თვენახევრის განმავლობაში ქვეყნის ხელმძღვანელობას, მათ შორის პრეზიდენტ სააკაშვილთან და პრემიერ ივანიშვილთან გამართული შეხვედრების დროს, გაუზიარა ცესკოს თავმჯდომარის პოსტიდან წასვლის გეგმები.
„ალბათ იმის თქმა, რომ ეს მოულოდნელობა იყო, სწორი არ იქნება იმიტომ, რომ მათთვის ეს საკითხი ცნობილი იყო“, – დასძინა მან და მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს საარჩევნო "ადმინისტრაციის საქმიანობის მხარდაჭერისა და ჩაურევლობისათვის".
ცესკოს ყოფილმა თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან მის გადადგომასთან დაკავშირებული ნეგატიური განცხადებები უკავშირდება იმ ერთადერთ დისკომფორტს, რაც წინასაარჩევნო პერიოდში ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევას უკავშირდება. მისი თქმით, სხვა მხრივ მის გადაწყვეტილებას პრობლემები არ შეუქმნია, რადგან საარჩევნო ადმინისტრაცია გამართულად აგრძელებს ფუნქციონირებას.
ცესკომ 15 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნა, რომ ხელმძღვანელის ცვლილება მის საქმიანობაზე გავლენას ვერ მოახდენს და „ყველა საარჩევნო პროცედურა გამჭვირვალედ, სამართლიანად და კანონის შესაბამისად ჩატარდება“.
„ჩვენთვის დასანანია ბატონი ზურაბის გადაწყვეტილება, თუმცა მასთან ერთად განხორციელებულმა გარდაქმნებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ადმინისტრაციის მართვის სისტემა და შესაბამისად, ამ მიმართულებით სირთულეები მოსალოდნელი არ არის“, – ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
ზურაბ ხარატიშვილი ცესკოს თავმჯდომარედ ხუთწლიანი ვადით წინა პარლამენტმა 2010 წლის იანვარში აირჩია. მაშინ რესპუბლიკურმა პარტიამ განაცხადა, რომ ზურაბ ხარატიშვილი ვანო მერაბიშვილთან, მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრთან და ამჟამად პატიმრობაში მყოფ ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანთან ასოცირებული პიროვნება იყო.
ცესკოში ხარატიშვილის მმართველობის პირობებში 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის და 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)