ახალი ამბები

მთავრობა თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის ‘დაკონსერვებას’ გეგმავს

მთავრობა თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის „დაკონსერვებას“ აპირებს, სანამ არ იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს დედაქალაქის ცენტრიდან სარკინიგზო ხაზის გადატანის გეგმა, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე–პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ორშაბათს.

პროექტი, რომლის განხორციელებაც 2010 წელს დაიწყო, ითვალისწინებს თბილისის ცენტრიდან სარკინიგზო ხაზის ქალაქის ჩრდილოეთით, 10 კილომეტრის მოშორებით გადატანას. პროექტის თანახმად, რკინიგზის გადატანის შედეგად ქალაქის ცენტრში 70 ჰექტარზე მეტი მიწა გამოთავისუფლდება ურბანული განვითარების პროექტებისთვის.

 „საბოლოო გადაწყვეტილება არ არის დაფიქსირებული ოფიციალურად“, – განაცხადა კვირიკაშვილმა 5 აგვისტოს. „ჩვენ გვქონდა განხილვა. აქ ისეთი ტექნიკური საკითხებია, როგორც არის გზის დახრილობა და ასე შემდეგ, რომლის შესწავლაც, სამწუხაროდ, წინასწარ არ მოხდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რაღაც პერიოდი ეს პროექტი დავაკონსერვოთ და შემდეგში, უკეთესი ტექნიკური გადაწყვეტილების მომზადების შემთხვევაში დავუბრუნდეთ“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

„საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კოკა გუნცაძემ არსებული და შემოვლითი სარკინიგზო ხაზების შედარებით გაანგარიშებაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ შემოვლითი რკინიგზა კომპანიის ყოველწლიური მოვლა–შენახვის და საოპერაციო ხარჯებს გაზრდის და გაართულებს „ტექნიკურად მოძრაობის ორგანიზებას“. მან ასევე განაცხადა, რომ „კიდევ უფრო შემცირდება საქართველოს რკინიგზაზე გამტარუნარიანობა“.

თბილისის მერმა გიგი უგულავამ ეს ქმედება გააკრიტიკა.

„ერთი კომპანიის ინტერესებს ეწირება მთელი დედაქალაქის ინტერესები“, – განაცხადა უგულავამ და დასძინა, რომ შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხორციელება თბილისის ურბანულ განვითარებას შეუწყობდა ხელს. „მე მინდა ვთხოვო მთავრობას, იქნებ მოვახერხოთ და დავსხდეთ და გავიაროთ, როდესაც სასწორზე ძალიან არათანაზომადი განზომილებები დევს – სასწორზე დევს ქალაქი და ქალაქის ინტერესები და მეორე მხარეს, ერთი კომპანიის ინტერესები“. 

უგულავამ განაცხადა, რომ მართალია შემოვლითი პროექტი „შეიძლება ძალიან მომგებიანი არ იყოს“ საქართველოს რკინიგზისთვის, მაგრამ მისი შეჩერება არ არის მიზანშეწონილი „80% როდესაც გაკეთებულია.“ „მე მგონი, დარჩენილი 20%–ის დაფინანსება ღირს“, – განაცხადა მან.

2010 წლის მარტში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) თანხმობა განაცხადა „საქართველოს რკინიგზისთვის“ 100 მილიონი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის თაობაზე შემოვლითი სარკინიგზო ხაზის პროექტის დასაფინანსებლად. თუმცა, 2011 წლის ნოემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „საქართველოს რკინიგზა“ შემოვლითი ხაზის მშენებლობას EBRD–ის სესხის გარეშე განახორციელებდა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button