skip to content
ახალი ამბები

NDI–ის კვლევის თანახმად, ქართული ოცნება და მისი საპრეზიდენტო კანდიდატი პოლიტიკურ რეიტინგებში არათანაბრად ლიდერობენ

მმართველი კოალიცია ქართული ოცნებას რესპოდენტთა 52% მასთან ყველაზე ახლო მდგომ პარტიად მიიჩნევს, ივნისში ჩატარებული კვლევის თანახმად, თუმცა ამ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამორჩება მისი საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის რეიტინგი, რომელსაც პრეზიდენტად რესპოდენტთა 29% ისურვებდა, მაშინ როცა ნაციონალურ მოძრაობას და ასევე მის საპრეზიდენტო კანდიდატს თანაბარი 10-10%-იანი რეიტინგები აქვთ.

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით კვლევა 12-26 ივნისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით შემთხვევით შერჩეული 2 338 რესპოდენტის პირისპირ ინტერვიუს გზით ჩატარდა და მისი ცდომილების ზღვარი +/- 2.9 %-ს შეადგენს. NDI–ის კვლევას შვედეთის განვითარების სააგენტო აფინანსებს და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი ატარებს.

კვლევის თანახმად, რესპოდენტთა იმ 73%-დან, ვინც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამს, ყველაზე მეტად შემდეგ პრეზიდენტად ქართული ოცნების კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს 29% ისურვებდა; მარგველაშვილი, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატად მაისში დასახელდა, სამჯერ უსწრებს ნაციონალური მოძრაობის მიერ პრაიმერის გზით ჯერ კიდევ გამოსავლენ კანდიდატს, რომელსაც გამოკითხულთა 10% ისურვებდა მომავალ პრეზიდენტად.

დანარჩენ კანდიდატებს შორის უმნიშვნელო უპირატესობით ლიდერობს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე და „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე 5%-ით; შემდეგ მოდის ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი გიორგი თარგამაძე 4%-ით; ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი 3-3%-ით.

რესპოდენტთა 26%-ს პრეზიდენტობის ფავორით კანდიდატთან დაკავშირებით არჩევანი ჯერ არ გაუკეთებია; 8% აცხადებს, რომ სხვა კანდიდატს დაუჭერს მხარს; 7% არცერთ კანდიდატს არ ემხრობა, ხოლო 5% საერთოდ უარს აცხადებს პასუხის გაცემაზე.

საქართველოს კანონმდებლობით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გამარჯვებისათვის ამომრჩეველთა ნახევარზე მეტის მხარდაჭერაა საჭირო.

კითხვაზე ვის მისცემდით ხმას, ხვალ რომ ადგილობრივი არჩევნები ტარდებოდეს, პირველ არჩევნად 54% ქართულ ოცნებას ასახელებს – ეს მაჩვენებელი მარტში ჩატარებულ ანალოგიურ კვლევაში 62%-ს შეადგენდა; ხოლო სტატისტიკურად უცვლელი დარჩა ნაციონალური მოძრაობის ელექტორატი, რაც ივნისში 10%-ს შეადგენს; 3-3% ხმას მიცემდა ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას და ლეიბოსრიტულ პარტიას; 19%-მა არ იცის, რომელ პარტიას დაუჭერდა მხარს; 7% პასუხის გაცემაზე უარს აცხადებს; არცერთ პარტიას მხარს არ დაუჭერდა 3%, ხოლო სხვა პარტიას 2% მისცემდა ხმას.

გამოკითხულთა 75%-ის აზრით, ქვეყანაში ძლიერი ოპოზიციური პარტიის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანი ან მნიშვნელოვანია; ასეთ ოპოზიციად ნაციონალურ მოძრაობას 47% მიიჩნევს, განსხვავებით მარტის კვლევისგან, როცა ამგვარად 56% ფიქრობდა.

პირადი მოწონების რეიტინგებში პოლიტიკოსებს შორის კვლავ პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ლიდერობს 69%-ით, თუმცა მისი მოწონების მაჩვენებელი დაკლებულია მარტში არსებულ 75%-თან და ნოემბერში დაფიქსირებულ 80%-თან შედარებით.

განსხვავებით მარტის ანალოგიური კვლევისგან, როცა პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის რეიტინგი 66%-მდე იყო გაზრდილი, ივნისში მისი მოწონების მაჩვენებელმა 61%-მდე დაიკლო, თუმცა ის კვალავაც მეორე ადგილზეა პოლიტიკოსთა პირად რეიტინგებში.

შემდეგ მოდის დეპუტატი ქართული ოცნებიდან ეკა ბესელია 52%-ით, ხოლო მეოთხე ადგილზეა მისი თანაგუნდელი რესპუბლიკური პარტიიდან თინა ხიდაშელი, რომლის პირადი მოწონების მაჩვენებელმა მარტთან შედარებით 8 პროცენტული პუნქტით დაიკლო და 51% შეადგინა.

მეხუთე ადგილზეა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შორის ყველაზე პოპულარულ ლიდერად რჩება მარტთან შედარებით 48%-იანი უცვლელი რეიტინგით დავით ბაქრაძე, ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი და პოტენციური საპრეზიდენტო კანდიდატი.

გიორგი მარგველაშვილი, რომელიც პოლიტიკოსთა რეიტინგში მეშვიდე ადგილზეა, ქართული ოცნებიდან დეპუტატ ზვიად ძიძიგურის შემდეგ, რესპოდენტთა 45%-ს მოსწონს. მას, როგორც განათლების მინისტრს, მთავრობის წევრთა საქმიანობის შეფასების რეიტინგში, მეოთხე ადგილი უკავია – 33% მის საქმიანობას „ძალიან კარგად“ ან „კარგად“ აფასებს მაშინ, როცა მარტში ამგვარად 29% ფიქრობდა.

პრეზიდენტობის პოტენციურ კანდიდატებს შორის პოლიტიკოსთა რეიტინგებში შემდეგი მოდის სალომე ზურაბიშვილი 38%-ით; გიორგი თარგამაძე 32%-ით (მარტში 31%); და ნინო ბურჯანაძე 21%-ით, რომლის რეიტინგმაც მარტთან შედარებით 5 პროცენტული პუნქტით აიწია ივნისში.

პოლიტიკოსთა პირადი პოპულარობა მარტთან შედარების დაკლებულია ან სტატისტიკური ცდომილების ფარგლებშია. თუმცა ბურჯანაძის მსგავსად, გამონაკლისს წარმოადგენს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ქართული ოცნებიდან მანანა კობახიძე, რომლის რეიტინგიც მარტში არსებული 36%-დან ივნისში 41%-მდე გაიზრდა და სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი 18%-დან 25%-მდე გაზრდილი მოწონების მაჩვენებლით.

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რესპოდენტთა 23%-ს მოსწონს (მარტში 25%), ხოლო მის საქმიანობას დადებითად 11% აფასებს (მარტში 15%); თბილისის მერს გიგი უგულავას კვლავ 25%-იანი პირადი რეიტინგი აქვს, ხოლო ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის რეიტინგმა, რომელიც მაისიდან სხვადასხვა ბრალდებებით წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, მარტში არსებული 26%-დან საგრძნობლად დაიკლო და ივნისში 17% შეადგინა.

მარტში ჩატარებულ კვლევასთან შედარებით 8 პროცენტული პუნქტით დაიკლო და 55% შეადგინა იმ რესპოდენტთა რაოდენობამ, ვინც პრემიერ-მინისტ ბიძინა ივანიშვილის საქმიანობას „ძალიან კარგად“ ან „კარგად“ აფასებს.

საქმიანობის სფეროების მიხედვით ივანიშვილმა ყველაზე კარგი შეფასება სოფლის მეურნეობასთან მიმართებაში დაიმსახურა, რადგან 39% ამ სფეროში წარმართულ საქმიანობას „ძალიან კარგად“ ან „კარგად“ აფასებს; შემდეგ მოდის ციხეები 36%-ით (მარტში 40%); განათლება 35%-ით (მარტში 28%); ადამიანის უფლებები 28%-ით (მარტში 35%); ხოლო ყველაზე უარესად მისი საქმიანობიდან სამუშაო ადგილების შექმნა (13%) და სიღარიბის დაძლევისკენ მიმართული ძალისხმევა (14%) ფასდება. სხვადასხვა სფეროების მიხედვით პრემიერის საქმიანობას რესპოდენტები ძირითადად ნეიტრალურად აფასებენ.

კვლევის თანახმად, ნოემბერში არსებულ 23%-იან ნიშნულს დაუბრუნდა პარლამენტის მუშაობის დადებითად შემფასებელი რესპოდენტების რაოდენობა. მარტში ეს მაჩვენებელი 30%-მდე იყო გაზრდილი, თუმცა მაშინდელის მსგავსად, ივნისშიც საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას უფრო მეტი რესპოდენტი „საშუალოდ“ აფასებს.

კვლევის თანახმად, ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობას 16% აფასებს დადებითად. აქაც ნეიტრალური შემფასებელი სჭარბობს კრიტიკოსებს.

მინისტრების რეიტინგებში ივნისის კვლევის თანახმად, პირველ სამეულში შედიან თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მაშინ როცა ალასანიასა და ღარიბაშვილის შეფასება მარტთან შედარებით სტატისტიკური ცდომილების ფარგლებშია, თეა წულუკიანის საქმიანობის რეიტინგმა 52%-დან 43%-მდე დაიკლო ივნისში.

პოლიტიკური რეიტინგები იმ ფართო კვლევის ნაწილია, რომელიც ქვეყანაში სხვადასხვა მიმდინარე და პოლიტიკური საკითხების მიმართ საზოგადოების განწყობებს აჩვენებს და რომელიც 12 ივლისს გამოქვეყნდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button