skip to content
ახალი ამბები

კბილაშვილი: ბედუკაძის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების გადაწყვეტილება ვერ გადაიხედება

მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ ციხის სკანდალის საქმეში მონაწილე ვლადიმერ ბედუკაძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ვერ გადაიხედება.

„რაც შეეხება რაიმეს შეცვლას, ამ მხრივ საპროცესო კანონი არ უშვებს რაიმე შესაძლებლობას“, – განაცხადა კბილაშვილმა 9 ივლისს პრესკონფერენციაზე, „ამიტომ რომც მქონდეს აზრი შეცვლილი და სურვილი, რომ რაიმე შევცვალო, ამის შესაძლებლობა არ არსებობს. ასე რომ ეს გადაწყვეტილება დარჩება ისე, როგორც ეს არის მიღებული“.

არჩილ კბილაშვილს ამ გადაწყვეტილების გადასინჯვისკენ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 8 ივლისს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში მოუწოდა, სადაც „არასაკმარისი და არადამაჯერებელი“ უწოდა მთავარი პროკურორის არგუმენტებს, რის საფუძველზეც მას სასამართლომ დაუკმაყოფილა შუამდგომლობა პატიმართა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული ბედუკაძის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე.

პრესკონფერენციაზე საუბრისას კბილაშვილმა განაცხადა, რომ ის პატივს სცემს „მორალის ძალიან მაღალი სტანდარტიდან“ პრემიერ-მინისტრის მიერ გაცხადებულ პოზიციას, რომ წამება არის შეუწყნარებელი დანაშაული.

„თუმცა იმ ვითარებაში და ახლაც მაქვს ის პოზიცია, რომელიც დავაფიქსირე“, – განაცხადა კბილაშვილმა.

სულ 17 პირი წარსდგა მართლმსაჯულების წინაზე ციხის იმ სკანდალთან დაკავშირებით, რომელსაც შარშანდელ ოქტომბრის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ჰქონდა ადგილი, როცა პატიმართა წამების და გაუპატიურების შოკისმომგვრელი ვიდეოჩანაწერები გავრცელდა მასმედიის საშუალებებით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 14 ივნისს ციხის 16 ყოფილი თანამშრომელი დამნაშავედ ცნო და ასევე დააკმაყოფილა მთავარი პროკურორის შუამდგომლობა, რომელიც ვლადიმერ ბედუკაძის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლებას ითხოვდა. ბედუკაძემ განაცხადა, რომ გლდანის მე–8 საპყრობილეში პატიმართა წამების ამსახველი ზოგიერთი ვიდეო მასალა თავად გადაიღო, ფარულად გამოიტანა ციხიდან და შემდეგ გაასაჯაროვა, რათა პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობა გამოეაშკარავებინა.

მთავარმა პროკურორმა ვრცლად განმარტა ის არგუმენტები, რასაც ემყარებოდა ბედუკაძის მიმართ მის მიერ, როგორც თავად აღნიშნა, დამოუკიდებლად მიღებული გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ სამართლებრივი მხარე არანაირ ეჭვს არ იწვევს, რადგან კანონი მას აძლევდა უფლებას დაედო საპროცესო შეთანხმება.

შინაარსობრივი თვალსაზრისით კბილაშვილმა მისი გადაწყვეტილების სასარგებლოდ რამდენიმე არგუმენტს გაუსვა ხაზი, მათ შორის მისი თქმით, ბედუკაძის მიერ ვიდეოების გასაჯაროების „ყველაზე დიდი დამსახურება“ არის ის, რომ ციხეებში შეწყდა პატიმართა ცემა, წამება და არაადამიანური მოპყრობა და გამოაშკარავდა „სისტემური დანაშაული“, რომელიც გამყარებულია დაახლოებით 2 300 პატიმრის ჩვენებებით, რომლებიც ციხეებში პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის მეთოდებზე ყვებიან; კბილაშვილმა განაცხადა, რომ მან მხედველობაში მიიღო ასევე ის გარემოება, რომ ბედუკაძემ ეს კადრები გასავრცელებლად 2011 წლის სექტემბერში, ჯერ კიდევ იმ დროს გამოიტანა, როცა პოლიტიკურ ასპარეზზე არ იყო ბიძინა ივანიშვილი გამოსული და ამდენად, მას ვერ ექნებოდა გათვლა „რაიმე პოლიტიკურ ცვლილებაზე“; ქმედებით, რომლითაც ამხილა საკუთარი თავიც და სისტემაც, კბილაშვილის თქმით, ბედუკაძემ საფრთხის ქვეშ დააყენა პირადი და მისი ოჯახის უსაფრთხოება და მან ეს ნაბიჯი გადადგა „არაანგარებითობით“.

მთავარმა პროკურორმა ასევე განაცხადა, რომ მას სამი არჩევანი ჰქონდა, რომ მოეთხოვა ბედუკაძის მიმართ პატიმრობა, პირობითი მსჯავრი ან ჯარიმა. მისი თქმით, ეს ორი უკანასკნელი სასჯელი არაადეკვატური იქნებოდა; თავისუფლების აღკვეთა 1 წლით „თვალთმაქცურად“ ჩაითვლებოდა, ხოლო 6 ან 7 წლის მისჯა „უსამართლოდ“.

„ამიტომ ყოველგვარი თვალთმაქცობის, მოჩვენებითობის გარეშე, პირდაპირ, ღიად ვთქვით ის, რისი თქმაც, ჩემი აზრით, სამართლიანობასთან და სამართლებრივთან იყო დაახლოებული.  ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება, რომ ის სრულად ყოფილიყო  გათავისუფლებული პასუხისმგებლობისაგან“, – განაცხადა კბილაშვილმა.

მთავარმა პროკურორმა, რომელიც თანაგუნდელებმაც გააკრიტიკეს მიღებული გადაწყვეტილების გამო, განაცხადა, რომ „არანაირ პრობლემას“ არ წარმოადგენს, რომ მისი თანამდებობიდან გათავისუფლება მოხდეს.

ქართული ოცნების ლიდერებმა განაცხადეს, რომ კბილაშვილის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ განიხილება.

„თუმცა უმრავლესობა თვლის და მეც ვთვლი, რომ ამ ტიპის საქმეზე მსგავსი გადაწყვეტილება არ არის მიზანშეწონილი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა 9 ივლისს ამ თემასთან დაკავშირებულ კომენტარში. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button