Placeholder canvas
ახალი ამბები

ბაქრაძე მიესალმა ‘პოზიტიურ’ მოლაპარაკებებს პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან

ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან 6 ივლისს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, რომ მიუხედავად „ფუნდამენტური განსხვავებებისა“, შესაძლებელი გახდა მთელ რიგ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა.
 
„ეს იყო ძალიან გულახდილი და ვფიქრობ, სასარგებლო საუბარი. რა თქმა უნდა, ჩვენ შორის არსებობს ფუნდამენტური განსხვავებები მთელ რიგ საკითხებთან მიმართებაში, რაც ამ შეხვედრამაც დაადასტურა, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ ასეთი შეხვედრა და დიალოგი შედგა, ვფიქრობ, უნდა ცალსახად პოზიტიურად შეფასდეს“, – განუცხადა ბაქრაძემ ჟურნალისტებს.
 
შეხვედრა, რომელიც დაახლოებით საათნახევარი გაგრძელდა, პრემიერ-მინისტრის კერძო რეზიდენციაში გაიმართა ურეკში.
 
თავდაპირველად გამოცხადდა, რომ ბაქრაძე და უსუფაშვილი მედიისთვის განცხადებას შეხვედრის შემდეგ  ქუთაისში გააკეთებდნენ, მაგრამ ამგვარი განცხადება მხოლოდ ბაქრაძემ გააკეთა. მან განაცხადა, რომ ეს ტექნიკური მიზეზებით იყო გამოწვეული და არავითარი პოლიტიკური ინტრიგა ამის უკან არ დგას. მისი თქმით, უსუფაშვილმა შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციები განაგრძო და ამიტომაც ვერ მივიდა მასთან ერთად ბრიფინგზე.
 
ბაქრაძემ განაცხადა, რომ პირველი საკითხი, რომელზეც შეთანხმება შედგა, არის სახელმწიფო კომისიის შექმნა, რომელიც საკონსტიტუციო რეფორმაზე იმუშავებს და რომელიც პოლიტიკური პარტიების ფართო სპექტრის წარმომადგენლებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას და იურიდიულ ექსპერტებს გააერთიანებს. 
 
„ამ კომისიის ამოცანა იქნება ყოველგვარი სიჩქარის გარეშე ფართო პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე შეიმუავოს კონსტიტუციის ის მოდელი, რომელიც საქართველოსთვის იქნება ოპტიმალური მომავალი 10, 15, 20 წლის განმავლობაში და რომელიც ამ ქვეყანაში წერტილს დაუსვამს მუდმივი საკონსტიტუციო ცვლილებების თემას“, – განაცხადა ბაქრაძემ.
 
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა 5 ივლისს ამ საკითხზე საუბრისას, რომ კოალიცია ქართული ოცნების მიზანია კონსტიტუციის გაუმჯობესება სამ ეტაპად; მისი თქმით, პირველი ორი ეტაპი არის გადაუდებელი ცვლილებების შეტანა, ხოლო მესამე  კონსტიტუციის ფუნდამენტური გადასინჯვა.
 
მისივე თქმით, პირველი ეტაპი უკვე განხორციელდა, როდესაც პარლამენტმა ერთხმად მიიღო საკონსტიტუციო ცვლილება, რის შედეგადაც პრეზიდენტს პარლამენტის თანხმობის გარეშე ახალი მთავრობის დანიშვნის უფლებამოსილება ჩამოერთვა.
 
მეორე ეტაპი ამჟამად მიმდინარეობს ქართული ოცნების მიერ ინიცირებული რამდენიმე საკონსტიტუციო ცვლილების საჯარო განხილვის ფარგლებში. უსუფაშვილის თქმით, მესამე ეტაპი შეეხება საკონსტიტუციო სახელმწიფო კომისიის შექმნას, რომელიც კონსტიტუციის რეფორმაზე იმსჯელებს.
 
„ეს კომისია დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში იმუშავებს რეფორმაზე, რათა საბოლოოდ, ჩვენ მივიღოთ ისეთი კონსტიტუცია, რომელშიც ცვლილების განხორციელება წელიწადში რამდენჯერმე აღარ იქნება საჭირო და რომელიც თითოეული მოქალაქის ძირითადი კანონი იქნება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ურეკში გამართულ შეხვედრამდე.
 
ბაქრაძის თქმით, მეორე საკითხი, რომელზეც შეთანხმება იქნა მიღწეული, ნაციონალური მოძრაობის შემომწირველებს უკავშირდება. მისი თქმით, ცოტა ხნის წინ, „რამდენიმე ასეული“ ადამიანი, რომელთაც შარშან საპარლამენტო არჩევნების წინ ნაციონალური მოძრაობის  სასარგებლოდ შემოწირულობები განახორციელეს, სამართალდამცავ ორგანოებში დაიბარეს მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ 2012 წლის დეკემბერში პარლამენტის მიერ მიღებული ამნისტიის აქტით პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესების დამრღვევი პირები სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდნენ.  
 
„მოხარული ვარ, რომ მოხერხდა ამ საკითხზე შეთანხმების მიღწევა და პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის პირობა გახლდათ ის, რომ პარტიის ფინანსური შემომწირველების მიმართ აღარ გატარდება შესაბამისი სამართლებრივი ზომები, როგორც ამას ამნისტიის აქტი ითვალისწინებს; ამიტომ, მე ვფიქრობ, ესეც პოზიტიური შედეგია“, – განაცხადა ბაქრაძემ.
 
მესამე საკითხი, მისი თქმით, არის ის, რომ პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ სურვილი გამოთქვეს, რათა ნაციონალურ მოძრაობას პარლამენტის სხდომების ბოიკოტირება შეეწყვიტა.
 
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა პარლამენტის სხდომებს ბოიკოტი 28 ივნისს გამოუცხადეს თბილისის მერიის ოთხი თანამშრომლის დაპატიმრების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.
 
„მე ვფიქრობ, ეს შესაძლებელია ამ ეტაპზე; ჩემი რეკომენდაციაც იქნება უმცირესობის მიმართ, რომ მომავალი კვირიდან საპარლამენტო უმცირესობა დაუბრუნდეს საპარლამენტო მუშაობას“, – განაცხადა ბაქრაძემ და დასძინა, რომ „ბუნებრივია საბოლოო გადაწყვეტილებას ჩვენ ერთად მივიღებთ, თუმცა ჩემი პოზიციაა, რომ შექმნილ ვითარებაში უკეთესია, რომ უმცირესობამ გააგრძელოს პარლამენტში ოპონირება“.
 
ბაქრაძემ განაცხადა, რომ შეხვედრაზე ასევე მიღწეულია შეთანხმება, რომ ამგვარი კომუნიკაცია შენარჩუნდეს და საჭიროების შემთხვევაში გაგრძელდეს მოლაპარაკებები ამ „ფორმატში“ – პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის და ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მონაწილეობით.
 
ბაქრაძის თქმით, ეს არ იქნება რეგულარული ფორმატი, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ როდესაც რომელიმე მხარე საჭიროდ ჩათვლის ან როდესაც ამას ქვეყანაში არსებული სიტუაცია მოითხოვს, ეს ფორმატი განაგრძობს მუშაობას.
 
კითხვაზე, განიხილეს თუ არა შეხვედრის მონაწილეებმა ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწამოების ან თბილისის მერიის თანამშრომლების დაკავების საკითხები, ბაქრაძემ უპასუხა, რომ მათ ბევრი საკითხი განიხილეს და მათ შორის ყველა ის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. მისი თქმით, როგორც ოპოზიციის ლიდერი, პასუხისმგებლობას გრძნობს მისი თანაგუნდელების და საზოგადოების წინაშე და სწორედ ამ პასუხისმგებლობით იქნა განხილული ყველა საკითხი.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button