skip to content
ახალი ამბები

ჟენევის მოლაპარაკებების 24–ე რაუნდი

26 ივნისს გამართული ჟენევის მოლაპარაკებების 24–ე რაუნდის შედეგებმა „იმედგაცრუების გრძნობა და შეშფოთება გამოიწვია ამ მნიშვნელოვანი ფორმატის პერსპექტივების შესახებ“, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

ქართველმა მომლაპარაკებლებმა, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან რაიმე ცვლილებას ჟენევის მოლაპარაკებების არსებულ ფორმატში, განაცხადეს ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლებთან მიმართებაში, რომ „ზოგიერთი მონაწილის დესტრუქციულმა მიდგომამ“ შეაფერხა დისკუსიები.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ზოგიერთი მონაწილე დაჟინებით ცდილობდა ფორმატის ცვლილებისთვის მიეღწია ერთი სამუშაო ჯგუფიდან მეორეში გადანაცვლების გზით.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაწყებულ ჟენევის მოლაპარაკებებს თანათავმჯდომარეობენ ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლები. დისკუსიებში საქართველოს, რუსეთის და აშშ–ის და ასევე სოხუმის და ცხინვალის წარმომადგენლები მონაწილეობენ, რომელთაც ფორმალურად „მონაწილეები“ ჰქვიათ. დისკუსიები ორი სამუშაო ჯგუფის ფორმატში იმართება, რომელთაგანაც ერთი უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ხოლო მეორე ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავს.

ყველა მონაწილის ერთ, საერთო სხდომაზე დასწრება, სამუშაო ჯგუფებს მიღმა, თბილისის მიერ აღიქმება, როგორც დამკვიდრებული ფორმატის შეცვლა, რასაც საქართველო ეწინააღმდეგება.

ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს თანათავმჯდომარეებმა განაცხადეს ერთობლივ განცხადებაში, რომ მართალია მონაწილეებმა ორივე სამუშაო ჯგუფში მთელი რიგი საკითხები განიხილეს, მაგრამ მათ ვერ შეძლეს დღის წესრიგების ამოწურვა „საორგანიზაციო საკითხებზე კონსენსუსის ნაკლებობის“ გამო.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომლის წარმომადგენელი ასევე ჩართულია ჟენევის დისკუსიებში, განაცხადა მოლაპარაკებების შემდეგ: „ვწუხვართ, რომ ზოგიერთმა მონაწილემ გადაწყვიტა შეეწყვიტა მონაწილეობა მე–2 სამუშაო ჯგუფში, რითიც დაასრულა დისკუსია მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ საკითხებზე და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა შეთანხმებული ფორმატი, რომელმაც თითქმის ხუთი წელს გასტანა“.

ძალის გამოუყენებლობა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები ერთ–ერთი ის მთავარი საკითხებია, რომლებიც რეგულარულად განიხილება ჟენევის დისკუსიებზე. ბოლო რაუნდის ფარგლებში ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივი განცხადების პროექტზე  გაგრძელდა მუშაობა, მაგრამ როგორც საქართველოს მთავარმა მომლაპარაკებელმა აღნიშნა, სრულიად შეუთავსებელი პოზიციებიდან გამომდინარე უთანხმოებებმა შეუძლებელი გახადა პროგრესის მიღწევა.

„ჩვენ კონსტრუქციულად ვართ ჩართული პროექტის შემუშავების პროცესში, რათა ავსახოთ ჩვენი პრინციპული პოზიცია. და მაინც, ნება მომეცით გავიმეორო, რომ პროგრესის მიღწევა ჩვენს ძალისხმევაში მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, თუ რუსული მხარე ცალმხრივ, იურიდიულად სავალდებულო ხასიათის დეკლარაციას გააკეთებს ძალის გამოუყენებლობის თაობაზე“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა თავის განცხადებაში: „ქართული დელეგაციის არაკონსტრუქციულმა პოზიციამ შეუძლებელი გახადა პროგრესის მიღწევა ძალის გამოუყენებლობის შესახებ ჟენევის პროცესის ყველა მონაწილის განცხადების ტექსტის პროექტის განხილვებში“. 

სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ „დაბლოკა“ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივი განცხადების მომზადებაზე მუშაობა. „საქართველოს წარმომადგენლებმა არამართლზომიერი პირობა წამოაყენეს, რომ ერთობლივი დოკუმენტის სათაურში შესულიყო მითითება რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობაზე განცხადების გაკეთების თაობაზე“, – განაცხადა მან.

საქართველომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ცალმხრივი პირობა 2010 წელს დადო. რუსეთი ანალოგიური ნაბიჯის გადადგმაზე უარს აცხადებს იმ მოტივით, რომ ის კონფლიქტის მხარეს არ წარმოადგენს და სანაცვლოდ თბილისსა და ცხინვალს და თბილისსა და სოხუმს შორის ძალის არგამოყენების შესახებ იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულებების ხელმოწერისკენ მოუწოდებს.

პირველ სამუშაო ჯგუფში, რომელიც უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს, ქართულმა მხარემ რუსი სამხედროების მიერ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მავთულხლართების გავლების და ასევე აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან თხრილების მოწყობის საკითხი წამოწია.

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა, რომლებმაც ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ მიმდინარე სამუშაოების გამო სინანული გამოთქვეს, განაცხადეს, რომ ამან „გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე და მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე  გავლენა იქონია“.

შეერთებულმა შტატებმა აღნიშნა მოლაპარაკებების შემდეგ თავის განცხადებაში, რომ მისი წარმომადგენელი „შეუერთდა თანათავმჯდომარეებს და ქართველ მონაწილეებს და გამოხატა ღრმა შეშფოთება ფიზიკური ბარიერების დაჩქარებული აღმართვის გამო“ ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ, და „აღნიშნა, რომ ამგვარი ‘საზღვრის მოწყობა’ საერთაშორის სამართალს და პრაქტიკას, და ასევე რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს ეწინააღმდეგება“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სოხუმი და ცხინვალი საჭიროდ არ მიიჩნევს დევნილებთან და იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული საკითხების ჟენევის დისკუსიებზე განხილვას იმ ფონზე, როცა  საქართველო აგრძელებს დევნილებთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტის ინიცირებას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ხოლო სეპარატისტული რეგიონების წარმომადგენლებს ასამბლეაში თავისი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა არ ეძლევათ.

ერთ–ერთი საკითხი, რომელიც მე–2 სამუშაო ჯგუფში იქნა განხილული, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაკარგულ პირებს ეხებოდა. ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის, უკრაინის წარმომადგენელი ანდრი დეშიცა მიესალმა ქართული და სამხრეთ ოსური მხარეების მზადყოფნას, რომ დაკარგული პირების პრობლემა მოაგვარონ. მან ამ კონტექსტში მაისში გამართული შეხვედრა ახსენა საქართველოს მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს და იმ სამი დაკარგული ოსის ნათესავებს შორის, რომელთა საქმეების გამოძიებაც განაახლა საქართველოს ხელისუფლებამ. იმავდროულად, ქართულმა მხარემ იმ ახალგაზრდა ქართველი მამაკაცის საკითხი წამოწია, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომიდან ცოტა ხანში გაუჩინარდა.

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ფილიპ ლეფორმა, რომელიც ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეა, განაცხადა, რომ მოლაპარაკებების პროცესს წინსვლაც ახლავს თან და შეფერხებაც, თუმცა საერთო ჯამში, პროცესი სწორი მიმართულებით მიდის.

გაეროს წარმომადგენელმა ანტი ტურუნენმა განაცხადა, რომ დისკუსიების 24–ე რაუნდი „ღია და გულწრფელი“ იყო და დასძინა, რომ გარკვეულ საკითხებზე აშკარა უთანხმოებების მიუხედავად, ყველა მონაწილე მზად არის განაგრძოს მოლაპარაკებები ჟენევის დისკუსიების ფორმატში.

მოლაპარაკებათა მომდევნო 25–ე რაუნდი 2013 წლის 16 ოქტომბერს ჩაინიშნა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button