skip to content
ახალი ამბები

ნაციონალურმა მოძრაობამ საპრეზიდენტო პრაიმერისთვის კანდიდატები დაასახელა

ოთხი კანდიდატი, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, მიიღებს მონაწილეობას პრაიმერში 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის შესარჩევად.

დანარჩენი სამი კანდიდატია დეპუტატები: გიორგი ბარამიძე, ზურაბ ჯაფარიძე და შოთა მალაშხია.

"სწორედ ამ ოთხ კანდიდატურას შორის შეარჩევენ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები, თუ ვინ უნდა იყოს საბოლოო კანდიდატურა, რომელიც მნიშვნელოვან კონკურენციას გაუწევს სხვა კანდიდატებს საპრეზიდენტო არჩევნებზე", – განაცხადა დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ 29 ივნისს პარტიული პრაიმერის კანდიდატების დასახელებისას. 

გამარჯვებულის ვინაობა, სავარაუდოდ, თბილისში 28 ივლისს დაგეგმილ კონფერენციაზე დასახელდება.

ადრე ბაქრაძე თითქოს თავს იკავებდა პრეზიდენტად კენჭისყრის პერსპექტივაზე. მან არჩევნებში მონაწილეობაზე თანხმობა იმით ახსნა, რომ წამების ამსახველმა ვიდეოფირებმა გარკვეული როლი ითამაშა მის გადაწყვეტილებაზე, რომ პრაიმერში ჩართულიყო.

„მე სრულიად გულახდილად გეუბნებით, რომ ჩემთვის ეს იყო ძალიან მძიმე და სერიოზული გადაწყვეტილება. მე ძალიან ბევრი ვიფიქრე ამ გადაწყვეტილებაზე“, – განაცხადა ბაქრაძემ ტელეკომპანია „რუსთავის 2“–ის გადაცემაში „პოზიცია“ საუბრისას პარასკევს საღამოს. 

„მე ვგრძნობ ჩემს ვალდებულებას იმის გამო, რომ მე ამ ქვეყანაში ვიყავი ამ პოლიტიკური გუნდის წევრი, მე ამ ქვეყანაში ვიყავი პარლამენტის თავმჯდომარე და მე ვგრძნობ, რომ მე მაქვს მორალური ვალდებულებები ამ ქვეყანაში იმ ადამიანების წინაშე, ვინც წინა წლებში სახელმწიფოს მხრიდან გახდა უსამართლო მოპყრობის ან ძალადობის მსხვერპლი. მე ვგრძნობ, რომ ჩემი მორალური ვალდებულებაა იმ ადამიანების წინაშე, რომ მე მათ მოვუხადო ბოდიში და გავაკეთო დღეს ყველაფერი იმისთვის, რომ ასეთი რამე აღარ მოხდეს ხვალ და დავეხმარო მათ მათი უფლებების აღდგენაში თუნდაც დღეს იმის გამო, რომ ეს ვერ გავაკეთე გუშინ“, – განაცხადა ბაქრაძემ.

„ჩემი მორალური ვალდებულება იმ ადამიანების წინაშე, ვინც არის ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები, არის ის, რომ მე დღეს არ გავიწიო გვერდზე, ვიყო მათთან ერთად და ვიბრძოლო მათთან ერთად იმიტომ, რომ ჩვენი მხადამჭერების აბსოლუტური უმრავლესობა დღეს არის ტკივილის, ტრავმის და შოკის მდგომარეობაში იმ ბრალდებების ნიაღვრის ფონზე, რომელიც დღეს არის“, – განაცხადა მან.

„ჩემი ვალდებულებაა ამ ადამიანების წინაშე, რომ მათაც შევხედო თვალებში და ვუთხრა, რომ ჩვენ უნდა ვიამაყოთ იმით, რაც გავაკეთეთ ცხრა წელიწადში… მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ ვიამაყოთ ჩვენი წარსულით, ჩვენ ასევე თვალი უნდა გავუსწოროთ ყველა იმ პრობლემას, რომელიც წარსულში იყო, ჩვენ უნდა გავაანალიზოთ და ვაღიაროთ ყველა ის შეცდომა, რომელიც წარსულში იყო იმიტომ, რომ გაანალიზება, პრობლემის დანახვა და ბოდიშის მოხდა ჩემთვის არის სიძლიერის ნიშანი“.

„ამიტომ, მე დღეს ჩვენ მხარდამჭერებს და პარტიის წევრებს მინდა ვუთხრა: მე არ ვიწევი გვერდზე, მე მაქვს ვალდებულება თქვენს მიმართ და მე ამ ვალდებულებით ვიქნები თქვენთან ერთად ბოლომდე და ჩვენ ბოლომდე შევძლებთ იმას, რომ ჩვენ წარსულს, კარგსაც და ცუდსაც ობიექტურად მივიტანთ ხალხამდე“, – განაცხადა მან.

ბაქრაძემ ასევე აღნიშნა, რომ „ის მიმართულება, საითაც მიდის დღეს ქვეყანა, მე მიმაჩნია ქვეყნისთვის საშიშად“, და დასძინა, რომ „არ შეიძლება ქვეყანაში ასეთი ხარისხის პოლარიზაცია, დაპირისპირება, ისტერიკა და სიძულვილი ერთმანეთის მიმართ, პოლიტიკოსების მხრიდან“.

„ამიტომ, მე ჩემს მორალურ ვალდებულებად ამ ქვეყნის წინაშე მიმაჩნია, რომ დავრჩე იქ, სადაც ვარ და გავაკეთო ყველაფერი, რომ პროცესი წავიდეს შერიგების, დამშვიდების და განვითარების მიმართულებით“, – დასძინა მან.

ბაქრაძემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები არ არის ხელისუფლების შეცვლის არჩევნები. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ახალი კონსტიტუცია შევა ძალაში, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს პრეზიდენტის უფლებამოსილებას და გაზრდის პრემიერ–მინისტრის ძალაუფლებას. 

„ეს არჩევნები არ არის ხელისუფლების შეცვლის არჩევნები და ეს უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც ოპოზიციის შანსებზე ვსაუბრობთ. ამ არჩევნებით არ იცვლება დღევანდელი მთავრობა და ბიძინა ივანიშვილი. დღევანდელი მთავრობა რჩება იქ, სადაც არის. ამიტომ, ამ არჩევნების განსასაზღვრელი ამოცანა არის ერთი: იქნება თუ არა ისევ ამ ქვეყანაში ყველა თანამდებობა დაკავებული ერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან“, – განაცხადა ბაქრაძემ.

„ჩვენ ვნახეთ ეს წარსულში ძალიან ბევრ მაგალითზე, რომ როდესაც ერთი პოლიტიკური ძალა არის ქვეყანაში ყველა თანამდებობაზე, ეს არ არის კარგი ქვეყნისთვის“, – დასძინა მან.   

2013 წლის მარტში აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ განხორციელებული კვლევის თანახმად, დავით ბაქრაძე ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკოსებში მოწონების ყველაზე მაღალი 48%–იანი მაჩვენებლით სარგებლობდა;  პრეზიდენტი სააკაშვილი რესპოდენტთა 25%-ს მოსწონდა.

გიორგი ბარამიძეს, რომელიც ასევე მონაწილეობს პრაიმერში, იმავე კვლევაში 19%–იანი რეიტინგი ჰქონდა.

ბარამიძე ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მთავრობის ყველაზე დიდი ხნის წევრი იყო.  2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ მან შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი დაიკავა, ხოლო 2004 წლის ივნის–დეკემბერში თავდაცვის მინისტრი იყო. 2004 წლის დეკემბრიდან 2012 წლის აგვისტომდე იგი სახელმწიფო მინისტრი იყო ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, სანამ ბათუმის ერთმანდატიან ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელდებოდა. სანამ ბარამიძე 2004 წელს მთავრობის წევრი გახდებოდა, თითქმის 10 წლის მანძილზე დეპუტატი იყო.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნები ბარამიძემ წააგო ქართული ოცნების კანდიდატთან მურმან დუმბაძესთან; ბარამიძემ ხმების 31.3%, ხოლო დუმბაძემ 63.3% მოიპოვა. თუმცა, ბარამიძე ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიით გახდა დეპუტატი.

დეპუტატი შოთა მალაშხია, რომელიც ასევე მონაწილეობს პრაიმერში, წინა მოწვევის პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე იყო.

განსხვავებით დანარჩენი სამი კანდიდატისგან, დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე შედარებით ახალი სახეა პოლიტიკაში, რომელიც ნაციონალურ მოძრაობაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გაწევრიანდა და ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიით გახდა პარლამენტის წევრი.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button