Placeholder canvas
ახალი ამბები

მერაბიშვილს გირგვლიანის საქმეზე ბრალი წაუყენეს

24 ივნისს ვანო მერაბიშვილს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს და ნაციონალური მოძრაობის გენმდივანს, რომელიც სხვა ბრალდებებთან დაკავშირებით ერთი თვეა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გახმაურებულ საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით დაუმძიმდა ბრალი, რაც პროკურატურის თქმით, გამოიხატა მისი მხრიდან განზრახი ქმედებების ერთობლიობაში, რათა საქმეზე ჭეშმარიტება არ დამდგარიყო. 

სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ეს ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

მერაბიშვილის ბრალდების შესახებ დადგენილებაში, რომელიც თბილისის პროკურორმა მაია მწარიაშვილმა გამოსცა, ნათქვამია, რომ მერაბიშვილის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ დასაბუთებული ვარაუდის საკმარის საფუძველს იძლევა გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებები, მათ შორის 81 მოწმის ჩვენება. 

მერაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, როცა 2006 წლის იანვარში 28 წლის სანდრო გირგვლიანი გაიტაცეს და თბილისთან ახლოს, ოქროყანის სასაფლაოზე შსს–ს თანამშრომლებმა მოკლეს. 

გირგვლიანის მკვლელობის საქმე მთავარ პოლიტიკურ საკითხად იქცა და დროდადრო ხდებოდა მისი წამოწევა პოლიტიკური დაპირისპირების დროს იმ არსებული ბრალდებების გამო, რომ გამოძიებამ დამალა მაშინდელი შსს-ის მაღალჩინოსანთა და შს მინისტრის მეუღლის შესაძლო კავშირი მკვლელობის საქმესთან. ამ ბრალდებების თანახმად, მკვლელობის შემსრულებლები შინაგან საქმეთა სამინისტროდან თავიანი ზემდგომების ბრძანებით მოქმედებდნენ, რომლებიც იმ დროს კაფე „შარდენში“ იმყოფებოდნენ.  გირგვლიანი, გატაცებამდე, ასევე იმყოფებოდა ამ კაფეში, სადაც მერაბიშვილის მეუღლესთან თაკო სალაყაიასთან ერთად სუფრაზე მყოფი ერთ-ერთი პირი უცენზურო სიტყვებით მოიხსენია. სალაყაიასთან ერთად ამ სუფრაზე ასევე იყვნენ: გურამ დონაძე – შსს-ს პრესსამსახურის მაშინდელი უფროსი, დათა ახალაია – შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდი) უფროსი,  ვასილ სანოძე – შსს-ს  გენერალური ინსპექციის უფროსი, ოლეგ მელნიკოვი, კუდ-ის ოპერატიული თანამშრომელი და ორი გოგონა, რომელთაგანაც ერთ-ერთი გირგვლიანის მეგობარი იყო.  

მკვლელობის საქმე 2006 წლის თებერვალში მას შემდეგ გახმაურდა, რაც ტელეკომპანია "იმედმა“ გააშუქა ეს თემა და თავის სიუჟეტში მიანიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები და მინისტრის ვანო მერაბიშვილის მეუღლე შესაძლოა კავშირში ყოფილიყვნენ მკვლელობის საქმესთან. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 6 მარტს გირგვლიანის მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა. "ეს საქმე იყო პირადად ჩემი პრესტიჟის საქმე, ამიტომ ჩემი დაჟინებული მოთხოვნით დანაშაულის გახსნამდე გამოძიებას აწარმოებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო“, – განაცხადა მაშინ მერაბიშვილმა.

კუდ-ის ოთხი თანამშრომელი დააკავეს 2006 წლის 6 მარტს ამ საქმესთან დაკავშირებით, რომლებიც დამნაშავედ იქნენ ცნობილი გირგვლიანისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და მისთვის ჯანმრთელობის დაზიანებაში, რამაც სასიკვდილო შედეგი გამოიწვია; ოთხივე პირს პატიმრობა შეეფარდათ, თუმცა მათ საპატიმრო ვადა მოგვიანებით პრეზიდენტის შეწყალების შედეგად გაუნახევრდათ და ამას გარდა, მათ მიმართ პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმი იქნა გამოყენებული, რის შედეგადაც 2009 წლის სექტემბერში ოთხივე ოფიცერი პატიმრობიდან გათავისუფლდა.  მსჯავრდებულებმა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში სულ დაჰყვეს 3 წელი და 6 თვე.

გირგვლიანის ოჯახის წევრების ვერსიის საწინააღმდეგოდ, რომლებიც წლების განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ მკვლელობა შსს-ის მაღალჩინოსნების დაკვეთილი იყო, მაშინდელი გამოძიების ოფიციალური ინფორმაციით, რომელიც ასევე გაიზიარა სასამართლომ, სანდრო გირგვლიანის მკვლელობა კუდის თანამშრომელსა და მსხვერპლს შორის მომხდარი პირადი კონფლიქტის გაგრძელება იყო, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო კაფე „შარდენში“ მყოფ სამინისტროს მაღალჩინოსნებთან. 

მოგვიანებით საქმე სტრასბურგის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გასაჩივრდა, რომელმაც განაჩენი 2011 წლის აპრილში გამოიტანა.

მართალია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 69–გვერდიან განაჩენში ნათქვამია, რომ „მტკიცებულებითი საფუძველი არასაკმარისია“ იმისათვის, რომ გაკეთდეს „შორსმიმავალი დასკვნა“ იმის თაობაზე, რომ გირგვლიანის გატაცება და შემდეგ მის მიმართ ცუდი მოპყრობა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია, კოორდინირებული იყო შსს-ის მაღალჩინოსნების მიერ, მაგრამ სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ  საქმის გამოძიებას "აშკარად აკლდა საჭირო დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, ობიექტურობა და საფუძვლიანობა“. სასამართლომ ასევე განაცხადა, რომ მისი "არაერთგზის თხოვნების“ მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ არ წარმოადგინა სათვალთვალო კამერების მიერ ჩაწერილი ერთსაათიანი ვიდეოჩანაწერი სრულად, რათა დადგენილიყო მანქანების გადაადგილება ოქროყანისკენ მიმავალ გზაზე, სადაც დანაშაული მოხდა. სასამართლომ განაცხადა, რომ მტკიცებულების სრულად წარდგენა აუცილებელი იყო, რათა მას მისცემოდა საშუალება ან გაემყარებინა, ან პირიქით, გაებათილებინა მოსარჩელეთა ბრალდება, რომ დანაშაულში შსს–ის სხვა თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ. 

"სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ… რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო“, – ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს განაჩენში, "სასამართლო გმობს იმ გარემოებას, რომ ხელისუფლებამ თვალი დახუჭა მოსარჩელეების მიერ წამოყენებულ სარწმუნო ბრალდებაზე, რომ დანაშაულის უშუალო ჩამდენები და ზოგიერთი იმ ჯგუფიდან, რომელიც კაფეში შს მინისტრის მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, [დანაშაულის] თანამონაწილენი იყვნენ“.

ხელისუფლებაში კოალიცია „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ პროკურატურის ახალმა ხელმძღვანელობამ საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო „სანდრო გირგვლიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის რეალური გარემოებებისა და წარმოებული გამოძიების ფალსიფიკაციის დადგენის მიზნით“.

24 ივნისს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ სანდრო გირგვლიანზე ანგარიშსწორება განხორციელდა შეკვეთით და ეს შეკვეთა… კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა დათა ახალაიამ გასცა“, რომელიც მერაბიშვილის მეუღლესთან და სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად იმყოფებოდა კაფეში.

პროკურატურამ ასევე განაცხადა, რომ იმ ოთხ პირთან ერთად, რომლების ამ საქმეზე გასამართლდნენ, გირგვლიანის მიმართ „ანგარიშსწორებაში“ მონაწილეობდა „როგორც მინიმუმ, პოლიციის კიდევ ორი მაღალი თანამდებობის პირი“. 

„საქართველოს იმდროინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა, რომლისთვისაც დანაშაულის ჩადენის დღიდან, ანუ 2006 წლის 28 იანვრიდან ზედმიწევნით ზუსტად იყო ცნობილი მომხდარი დანაშაულის უკლებლივ ყველა დეტალი, სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად, საკუთარი მეუღლის თამარ (თაკო) მერაბიშვილი-სალაყაიას, აგრეთვე, სხვა მასთან დაახლოვებული პირების  (დათა ახალაიას, ოლეგ მელნიკოვის და სხვათა), მომხდარი დანაშაულისაგან ხელოვნურად განრიდების მიზნით, უზრუნველყო მოცემულ საქმეზე უკანონო, ფალსიფიცირებული სამართალწარმოების განხორციელება და შეგნებულად შეუშალა ხელი ამ საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელებას“, – განაცხადა პროკურატურამ.

პროკურატურის განცხადებით, მერაბიშვილის ბრალი გამოიხატება მის მიერ განხორციელებულ განზრახ ქმედებათა ერთობლიობაში: „გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისა და დამნაშავეების შესახებ არსებული მონაცემებისა და ინფორმაციის დაფარვა-შეცვლის მიზნით გამოძიების ინსცენირებასა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციაში,  დანაშაულის წახალისებასა და ბრალდებულთა მიმართ გამოხატულ ფარულ მხარდაჭერაში, მათთვის სასჯელის მოხდის პერიოდში უკანონო პრივილეგიების მინიჭების უზრუნველყოფასა და დანაშაულის დაფარვისათვის მათი ფულადი წახალისებისათვის,  ასევე სასჯელისაგან მათი ვადაზე ადრე  გათავისუფლების უზრუნველყოფისათვის პირობების შექმნისათვის“.

პროკურატურის ინფორმაციით, გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულები, რომლებმაც, გამოძიების ცნობით, დუმილის სანაცვლოდ 100-100 ათასი აშშ დოლარი მიიღეს, სასჯელს განსაკუთრებით პრივილეგირებულ პირობებში იხდიდნენ, რაც ასევე გამოიხატებოდა იმაში, რომ ისინი პერიოდულად ტოვებდნენ ციხეს, ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმყოფებოდნენ საკუთარ საცხოვრებელ სახლებში და ასევე სტუმრობდნენ კუდ-ში მათ ძველ სამუშაო ადგილებს.

თბილისის პროკურორის მიერ გამოცემულ დადგენილებაში მერაბიშვილის ბრალდების შესახებ 81 მოწმეა ჩამოთვლილი, რომლებიც მიმდინარე გამოძიების დროს დაიკითხნენ; სხვებთან ერთად, ამ სიაში შედიან შსს–ს ოთხი ყოფილი ოფიცრიდან სამი ოფიცერი, რომლებიც გირგვლიანის საქმეზე გაასამართლეს, ასევე შსს–ს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე; შსს–ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი ვასილ სანოძე და მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე. 

მოწმეთა ჩვენებები არ არის საჯარო, მაგრამ დადგენილების ტექსტიდან გამომდინარე,  დანაშაულის ჩადენიდან 2-3 დღეში, ბურჯანაძემ თავისთან მიიწვია მერაბიშვილი და „მოსთხოვა“  გირგვლიანის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში მონაწილე  პირების, მათ შორის – კუდის მაშინდელი უფროსის დათა ახალაიას პასუხისგებაში მიცემა. დადგენილების თანახმად, მერაბიშვილი არ დაეთანხმა პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნას იმ მოტივით, რომ ასეთ შემთხვევაში, მას თავად მოუწევდა  პოლიტიკური პასუხისმგებლობის გაზიარება, ანუ  შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობის დატოვება. 

ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, წინა ბრალდებების მსგავსად, ახალ ბრალდებასაც „პოლიტიკურად მოტივირებულს“ უწოდებს. ადვოკატის განცხადებით, მერაბიშვილისთვის ეს ბრალდებები სასაცილოა, რადგანაც ისინი ძალიან ზოგადია და მთლიანად ვარაუდებზეა აგებული. მან ასევე განაცხადა, რომ მას საქმის მასალები, მათ შორის მოწმეთა ჩვენებების ტექსტები, ჯერ არ უნახავს. 

იმავდროულად 24 ივნისს მერაბიშვილის სახელით წერილობითი განცხადება გამოქვეყნდა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეს არ ეხება. განცხადება წამების ამსახველ ვიდეოფირებს ეხება, სადაც სამართალდამცავების მიერ ორი დაკავებულის არაადამიანური მოპყრობაა ნაჩვენები, რასაც, გავრცელებული ინფორმაციით, 2011 წელს ჰქონდა ადგილი. განცხადებაში მერაბიშვილი ბოდიშს უდის  „ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემი მინისტრობის დროს პოლიციელების მხრიდან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა“.

„დღემდე ვფიქრობდი, რომ მთელი დარჩენილი ცხოვრება ვიამაყებდი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს განხორციელებული რეფორმებით. იმით, რომ ჩემს მეგობრებთან და ათასობით პოლიციელთან ერთად, რეგიონში ყველაზე კორუმპირებული და არაპოპულარული პოლიცია, ყველაზე პოპულარულ და არაკორუმპირებულად ვაქციეთ, რითაც ჩვენი რეფორმა ბევრი ქვეყნისთვის სამაგალითო გახდა“, – ნათქვამია განცხადებაში.  „მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც პოლიციელებმა მონაწილეობა მიიღეს ადამიანების წამებაში, ეს ჩემს წარმატებას ეჭვის ქვეშ დააყენებს. მე მინდა ვთქვა, რომ ჩემი მინისტრობის დროს მსგავსი რამ არ უნდა მომხდარიყო. მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანი ვინც ამ ფაქტში მონაწილეობას იღებდა უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემი მინისტრობის დროს პოლიციელების მხრიდან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button