ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი: ავღანეთში მსხვერპლიანი თავდასხმის მიუხედავად, ‘ჩვენ ვერაფერი გაგვტეხავს’

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 7 ივნისს გავრცელებულ ვიდეო-მიმართვაში, რომელშიც მან ღრმა მწუხარება გამოთქვა ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ ქართულ ბაზასთან სატვირთო მანქანის აფეთქების შედეგად შვიდი ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო, განაცხადა, რომ საქართველო გააგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მსოფლიოსათვის.

„ჩვენმა ქვეყანამ უდიდესი მსხვერპლი გაიღო საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის ბრძოლაში და ეს იცის მთელმა მსოფლიომ“, – განაცხადა ივანიშვილმა, „ჩვენმა ძმებმა, ჩვენმა შვილებმა სიცოცხლე შესწირეს ბრძოლას მშვიდობიანი მსოფლიოსათვის, ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ – ტერორიზმს კი ეროვნება და საზღვრები არ აქვს, ეს 21-ე საუკუნის უდიდესი გამოწვევაა“.  

„ტერორიზმთან ბრძოლა ურთულესი და ამავე დროს მეტად საპატიო მისიაა, რომელსაც საერთაშორისო სამშვიდობო ძალებთან ერთად  გმირი ქართველი სამხედროები ღირსეულად ასრულებენ“, – განაცხადა მან, „ჩვენი ჯარისკაცები საქართველოდან შორს უცხო მიწაზე საკუთარი სიცოცხლის ფასად ჩვენ ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს იცავენ, ეს ბიჭები ჩვენი სახელმწიფო სტაბილურობის, ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობების უსაფრთხოების სადარაჯოზე დგანან“.

„მიუხედავად ამ თავზარდამცემი ტრაგედიისა, ჩვენ ვერაფერი გაგვტეხავს“, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა: „ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას მშვიდობიანი მსოფლიოსათვის, მშვიდობიანი საქართველოსათვის“.  
 
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 6 ივნისს პირდაპირ ეთერში თავის სატელევიზიო მიმართვაში სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს და განაცხადა, რომ „საქართველომ დღეს კიდევ ერთი მსხვერპლი გაიღო ჩვენი თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და მსოფლიო ცივილიზებულ ერთა ოჯახში გაწევრიანებისკენ მიმავალ ძალიან რთულ და ეკლიან გზაზე“.

სააკაშვილმა, რომელმაც 7 ივნისი ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის გამო ეროვნულ გლოვის დღედ გამოაცხადა, ასევე განაცხადა: „ჩვენი ვალი თითოეული მათგანის ხსოვნის  წინაშე არის ის, რომ არ ჩავიქნიოთ ხელი, არ დავიხიოთ უკან და გავაგრძელოთ საქართველოს წინსვლა ევრო-ატლანტიკური სივრცისკენ. ვიდრე სული გვიდგას, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ყოველდღიური ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის“.

6 ივნისის თავდასხმა, სავარაუდოდ, დებატებს გამოიწვევს ISAF–ის მისიაში საქართველოს წვლილთან დაკავშირებით.

თალიბანმა უკვე აიღო პასუხისმგებლობა  6 ივნისის თავდასხმაზე, რომელიც, მისი თქმით, ჰელმანდის პროვინციის ნაუ ზადის ოლქში მოხდა.

სანამ შვიდი ქართველი სამხედროს დაღუპვის შესახებ განცხადება გაკეთდებოდა, საქართველოს ინტერნეტ საზოგადოება YouTube–ზე გავრცელებულმა ვიდეომ მოიცვა სათაურით „თალიბანის ჯიჰადი ავღანეთში ქართველი სამხედროების წინააღმდეგ“, რომელიც მანამდე 6 ივნისს გავრცელდა და სადაც მამაკაცის ხმა ინგლისურად ქართველ სამხედროებს და მათ ოჯახებს ემუქრება და საქართველოში ბრძოლის გადმოტანის შესახებ აფრთხილებს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა განაცხადა 6 ივნისს, რომ მას ეჭვი ეპარება, რომ ამ ვიდეოს უკან თალიბანი დგას და ის „ძალები“ დაადანაშაულა, რომლებიც, მისი თქმით, ცდილობენ ძირი გამოუთხარონ საქართველოს პროდასავლურ საგარეო პოლიტიკურ კურსს.

„ჩვენი ღრმა რწმენით, როგორც ამ კლიპის, ასევე შესაძლო ქაოსის ინსპირატორი არის გაცილებით უფრო ახლოს, ვიდრე ეს არის ავღანეთი“, – განაცხადა მან, „მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, რომ შეინარჩუნოს სიმშვიდე და სამართალდამცავ სტრუქტურებს მოვუწოდებთ, რომ ძალიან ენერგიულად მოიძიონ ის წყარო, საიდანაც მოდის ამ კლიპის წარმომავლობა“. 

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა 7 ივნისს, რომ შსს ინტენსიურად მუშაობს, რათა დაადგინოს, თუ საიდან მოხდა აღნიშნული ვიდეოს გავრცელება. „ჩვენ აქტიურად გვეხმარებიან უცხოელი პარტნიორები. ამ ეტაპზე სხვა დამატებით ინფორმაციას ვერ მოგაწვდით“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ პანიკის არავითარი საფუძველი არ არსებობს.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა 7 ივნისს, რომ ამ ვიდეოს გამო პანიკის საფუძველი არ არასებობს; მისი თქმით, მას არ მიაჩნია, რომ ვიდეოს გავრცელება „პირდაპირ კავშირშია“ ავღანეთში ქართველ სამხედროებზე განხორციელებულ თავდასხმასთან.

ამჟამად საქართველოს 1 561 სამხედრო ჰყავს ავღანეთში; შედეგად, იგი სამხედრო ძალების კონტრიბუტორი ყველაზე მსხვილი ქვეყანაა ISAF–ის მისიაში მონაწილე ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის და მეშვიდე უმსხვილესი კონტრიბუტორი აშშ–ის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, იტალიის, პოლონეთის და რუმინეთის შემდეგ; ამ უკანასკნელს 1 595 სამხედრო ჰყავს ISAF–ის მისიაში.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button