Placeholder canvas
ახალი ამბები

პარლამენტი გაეროსა და ნატოში მუდმივი წარმომადგენლების კანდიდატურებს განიხილავს

 პარლამენტს გაეროსა და ნატოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლების კანდიდატურები წარედგინა.

გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე წარდგენილია კახა იმნაძის კანდიდატურა, რომელიც პრეზიდენტს შევადრნაძის ადმინისტრაციაში მის პრესსამსახურს ხელმძღვანელობდა. გაეროში ყოფილმა ელჩმა კახა ლომაიამ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გადადგომის შესახებ განცხადება თავად გააკეთა.

ნატოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლად წარდგენილია ლევან დოლიძის კანდიდატურა, რომელიც ოქტომბრის ბოლოდან თავდაცვის მინისტრის მოადგილეა. ლევან დოლიძე, რომელიც პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ქართული ოცნების დეპუტატის ვიქტორ დოლიძის ძმაა, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდს ხელმძღვანელობდა, ვიდრე თავდაცვის მინისტრის მოადგილე გახდებოდა; 2006-2008 წლებში იყო საქართველოს კონსული შვეიცარიაში, ხოლო მანამდე მუშაობდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და ასევე ფინანსთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროებში პარლამენტთან ურთიერთობების მიმართულებით.

ლევან დოლიძე დამტკიცების შემთხვევაში ნატოში საქართველოს ამჟამინდელ ელჩს გეგა მგალობლიშვილს შეცვლის, რომელსაც როტაციის ვადა ამ ზაფხულს ეწურება.

„მას [მგალობლიშვილს] აქვს სხვა გეგმები, ამის გამო იგი არის გამოწვეული“, – განაცხადა აშშ-ში ვიზიტით მყოფმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ,  „ეს არ არის არც ვადაზე ადრე და არც ვადაზე გვიან გამოწვევა. ეს არის ჩვეულებრივი გამოწვევა როტაციით“.  

ელჩობის კანდიდატურებს პარლამენტის საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტები 11 ივნისს მოუსმენენ. მას შემდეგ რაც მათ პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს, კანდიდატების დანიშვნას პრეზიდენტმა სააკაშვილმა უნდა მოაწეროს ხელი. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button