ახალი ამბები

ივანიშვილი იუსტიციის საბჭოს ახალი წევრების მოახლოებული არჩევნების შესახებ

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ დაუშვებელია გარე ჩარევა იუსტიციის საბჭოს ახალი წევრების არჩევის პროცესში, რათა „სასამართლო სისტემამ ჩაურევლად  დაიწყოს არსებობა და განვითარება“.

პრემიერ-მინისტრმა 28 მაისს წერილობითი განცხადება გააკეთა 9 ივნისს დაგეგმილი მოსამართლეთა კონფერენციის წინ, სადაც მოსამართლეებმა ფარული კენჭისყრით, ახალი წესების მიხედვით უნდა აირჩიონ 15-წევრიანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შვიდი ახალი მოსამართლე წევრი. 

„იმედს გამოვთქვამ, რომ მოსამართლეები დამოუკიდებლად და კვალიფიციურად გამოიყენებენ მათთვის მინიჭებულ გაზრდილ უფლებებს, ხოლო არჩევნების პროცესი გამჭვირვალე და გახსნილი იქნება დამკვირვებლებისათვის“, – აცხადებს ივანიშვილი.

„არ გამოვრიცხავ, გარეშე პირებს გაუჩნდეთ იმის ცდუნება, რომ ზეგავლენა მოახდინონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევნების შედეგებზე. ეს დაუშვებლად მიმაჩნია, რადგან იმისათვის, რომ მიღწეულ იქნეს სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა, პირველ რიგში, გარანტირებული უნდა იყოს მის საქმიანობაში ჩაურევლობა“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

„მჯერა, რომ დღეს საქართველო ისე ახლოს არის დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბების მიზანთან, როგორც არასდროს. დარწმუნებული ვარ, როგორც სასამართლო სისტემის შიგნით, ისე მის გარეთ, ყველა აცნობიერებს ამ მოვლენის მნიშვნელობას. ამიტომ, ყველამ ერთად შევუწყოთ ხელი მოსამართლეებს, რათა მათ შეძლონ დამოუკიდებლად და ჩაურევლად გააკეთონ საკუთარი არჩევანი“, – ნათქვამია განცხადებაში.

საერთო სასამართლოების შესახებ კანონი, რომელიც ერთი თვის ვადაში იუსტიციის საბჭოს ახალი წესების მიხედვით დაკომპლექტებას ითვალისწინებს, გასულ კვირას შევიდა ძალაში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მოაწერა მას ხელი.

მოსამართლეთა კონფერენციასთან ერთად, ექვსი ახალი წევრის არჩევა პარლამენტსაც მოუწევს იმ კანდიდატებიდან, რომელთაც იურისტთა აკადემიური წრეები; იურიდიული პროფილის, სასამართლოში საქმის წარმოების გამოცდილების მქონე არასამთავრობო  ორგანიზაციები და საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია წარადგენენ.

27 მაისს დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ იმ მომენტისთვის სულ ორი ასეთი კანდიდატურა იყო შესული პარლამენტში და შეახსენა კანდიდატების პოტენციურ წარმდგენებს, რომ განაცხადების შეტანის ვადა 31 მაისს საღამოს იწურება.

ის ასევე გამოეხმაურა მოსამართლეთა დაგეგმილ კონფერენციას და განაცხადა, რომ პარლამენტი აქტიურად დააკვირდება მის მიერ მიღებული კანონის იმპლემენტაციას. მისი თქმით, კონფერენციის საჯაროობასა და გამჭირვალობაზე თანხმობა არსებობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან კოტე კუბლაშვილთან. 

პარლამენტის თავმჯდომარემ მეტი სიცხადის შეტანის მიზნით ყურადღება გაამახვილა ასევე იმ გავრცელებულ "ჭორებზე", რაც შესაძლოა მოსამართლეების შეშფოთების წყაროს წარმოადგენდეს.  

ცოტა ხნის წინ კოტე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ ის წინააღმდეგია მოსამართლეთა უვადო დანიშვნის გაუქმების, რაზეც ბოლო პერიოდში ზოგიერთმა დეპუტატმა მიანიშნა ქართული ოცნებიდან. მოსამართლეთა უვადო დანიშვნის საკონსტიტუციო დებულება ოქტომბერში არჩეული ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის მომენტიდან შევა ძალაში.

„მოსამართლეთა უვადო გამწესების გადასინჯვას არ ვაპირებთ“, – განაცხადა უსუფაშვილმა 27 მაისს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

მან ასევე დაარწმუნა, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის გეგმა, რასთან დაკავშირებული კანონპროექტიც ამჟამად ვენეციის კომისიაში სამართლებრივ ექსპერტიზას გადის, არანაირ საფრთხეს არ უქმნის მოსამართლეთა კორპუსს.

„ყველასთვის მსურს გასაგები იყოს, რომ თუ საბოლოო ჯამში ეს კანონპროექტი პარლამენტში შემოსული და მიღებული იქნება, მისი მიზანი იქნება არა მოსამართლეთა დასჯა, არამედ იმ ადამიანთა უფლებების აღდგენა, რომელთა უფლებებიც დაირღვა სასამართლო გადაწყვეტილებებით“, – განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ „მოსამართლის პასუხისგებაში მიცემის საფუძველი რჩება ძველი და იგივე, რაც მოქმედებდა“.

„ასე, რომ შესაძლო ახალი კანონი არანაირ საფრთხეს არ უქმნის მოსამართლეებს“, – აღნიშნა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button