ახალი ამბები

ოკუპირებული ტერიტორიების კანონთან დაკავშირებული ცვლილებების განგრძობადი განხილვა პარლამენტში

15 მაისის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები მთელი დღის განმავლობაში იმ ერთადერთ ინიციატივას განიხილავდენ, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისთვის დაწესებული სანქციის ნაწილობრივ დეკრიმინალიზაციას ითვალისწინებს, თუმცა ამ საკითხზე კენჭისყრის ჩატარება, წინა სხდომის მსგავსად, ვერც ამჯერად მოხერხდა. საკითხის განხილვას პარლამენტი ხუთშაბათის სხდომაზე გააგრძელებს.  

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები, რომლებიც ინიციატივის მიღებას  კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან, განხილვის პროცედურის გაჭიანურებისთვის რეგლამენტით მათთვის მინიჭებულ ყველა ხერხს მიმართავენ და ამ ტაქტიკის შესახებ ღიად აცხადებენ, რათა კანონპროექტებზე კენჭისყრა შეფერხდეს. კერძოდ, სხდომაზე დამსწრე ნაციონალური მოძრაობის თითქმის ყველა დეპუტატი სარგებლობს მომხსენებლებისათვის კითხვის დასმის, შეკითხვის დაზუსტებისა და გამოსვლების უფლებით.

ამ ტაქტიკის წინააღმდეგ კანონპროექტზე ერთ-ერთმა მომხსენებელმა, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ ქართული ოცნებიდან ეკა ბესელიამ 15 მაისის სხდომაზე განაცხადა, რომ ის ოპონენტების შეკითხვებზე არ უპასუხებდა და ტრიბუნა დატოვა. თუმცა ამის მიუხედავად დეპუტატების უმრავლესობამ ნაციონალური მოძრაობიდან მაინც დასვა შეკითხვები მისი მისამართით. „ალბათ თავისთავად მეტყველი ფაქტია, რომ ცარიელ ადგილს ველაპარაკებით“, – განაცხადა დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან გივი თარგამაძემ. 

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ისინი პროცედურული ბრძოლის ტაქტიკას ინიციატივის მეორე და მესამე მოსმენის დროსაც გამოიყენებენ, რათა გადააფიქრებინონ კოლეგებს უმრავლესობიდან მისი მიღება. 

კანონპროექტის პაკეტის განხილვა, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებებს, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებს და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს მოიცავს, უკვე მეორე სასესიო კვირაა პარლამენტის განხილვის საგანს წარმოადგენს. ორი სასესიო სხდომის შედეგად დეპუტატებმა ამ პაკეტის პირველი მოსმენის პროცედურის  ბოლომდე მიყვანა ვერც ოთხშაბათს მოასწრეს საღამოს 9 საათისთვის სამუშაო დროის ამოწურვის გამო, როგორც ეს 2 მაისის სხდომაზე მოხდა.

ცვლილებების მიხედვით, რომელიც რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა მოამზადა, თბილისის მიერ უკონტროლო საზღვრებიდან სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლის წესების დარღვევისთვის, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ან მოქალაქეობის არ მქონე პირები 400-ლარიანი ჯარიმით, ადმინისტრაციული წესით დაისჯებიან, ნაცვლად ამჟამად გათვალისწინებული სისხლის სამართლებრივი დევნისა, რაც გულისხმობს ჯარიმას ან 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

ცვლილებების მიხედვით, კანონდარღვევის გამეორების შემთხვევაში, პირი დაისჯება სისხლის სამართლებრივი წესით, სულ ცოტა 800 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრების გზით; ამასთან, შემსუბუქდება დამამძიმებელ გარემოებებში (ჯგუფურად; ძალადობით ან ძალადობის მუქარით; ასეთი დანაშაულისთვის მსჯავრებულის მიერ) ჩადენილი ამ ქმედებისთვის არსებული სასჯელი და ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთასთან ერთად, მოსამართლეს ექნება საშუალება პირს დააკისროს სულ ცოტა 800 ლარის ჯარიმის გადახდა. არსებული წესით, დამამძიმებელ გარემოებებში პირისთვის გათვალისწინებულია მხოლოდ პატიმრობა, რომლის ვადაც 3-დან 5-წლამდეა.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ მათთვის მთავარი საკითხია, რომ საქართველოს საზღვრის ნებისმიერი მონაკვეთის დარღვევის მიმართ არსებობდეს ერთიანი მიდგომა. მათ შესთავაზეს კოლეგებს უმრავლესობიდან, რომ ეს ქმედება, თუნდაც ჯარიმის სახით, მაგრამ სისხლის სამართლის წესით ისჯებოდეს, რათა არ წავიდეს არასწორი გზავნილი საქართველოდან, რომ ქვეყანა „ცვლის მიდგომას რუსეთთან მისი საზღვრის მონაკვეთთან დაკავშირებით“.

დეპუტატებმა ქართული ოცნებიდან განაცხადეს, რომ ერთიან მიდგომას ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს მიღებული ამჟამად მოქმედი კანონმდებლობაც არ ითვალისწინებს, ვინაიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო შესვლა და სახელმწიფო საზღვრის დარღვევა სხვადასხვა ზომის სანქციებით ისჯება.

ოპონენტების ბრალდებების საპასუხოდ, ქართული ოცნება აცხადებს, რომ კანონმდებლობის დაგეგმილი ლიბერალიზაცია არ უკავშირდება რუსეთის მოთხოვნას, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის საერთოდ გაუქმებას ითხოვს და ის შესაბამისობაშია იმ რეკომენდაციებთან, რასაც ევროპული ინსტიტუტები ურჩევენ ქვეყანას კანონის შემსუბუქების კუთხით.

ევროკავშირი 2013 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში მოუწოდებს საქართველოს გადახედოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, კერძოდ კი მის „შემზღუდავ დებულებებს“.

„მთავრობის ცვლილების შემდეგ ჩანს სასიკეთო ნიშნები იმისა, რომ შესაძლოა სეპარატისტულ რეგიონებში ჩართულობა უფრო ეფექტიანი გახდეს, ხოლო ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი უფრო შერბილებულად განხორციელდეს“, – ნათქვამია ანგარიშში.

This post is also available in: English Русский

Back to top button