ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად მისი დამოუკიდებელი კანდიდატურის წარდგენაზე ‘ფიქრობს’

სალომე ზურაბიშვილმა 12 მაისს განაცხადა, რომ ის ფიქრობს ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად იყაროს კენჭი და ამ ნაბიჯს იმ შემთხვევაში გადადგამს, თუ ხალხის მხარდაჭერა ექნება.

„ვფიქრობ დამოუკიდებელ კანდიდატურაზე“, – განაცხადა მან, „ჯერ ვფიქრობ და ამ ნაბიჯის გადადგმისთვის მე მჭირდება ხალხის მხარდაჭერა, რეალური მხარდაჭერა. თუ ეს მხარდაჭერა ამ მომავალ კვირებში იქნება ჩემთვის გასაგები და ყველასაგან მისაღები, მაშინ მე გადავდგამ ამ ნაბიჯს“.

ეს განცხადება მან 12 მაისს ფოთში მისი წინაპრის და საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის ძეგლთან გააკეთა მას შემდეგ, რაც საქართველოში ახლადდაბრუნებული პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. ეს შეხვედრა შაბათს შედგა რამოდენიმე საათით ადრე, ვიდრე ქართული ოცნების ლიდერი კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატად ვიცე-პრემიერს და განათლების მინისტრს გიორგი მარგველაშვილს  დაასახელებდა.

ბოლო პერიოდში მედია ქართული ოცნების პოტენციურ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის სალომე ზურაბიშვილსაც ასახელებდა.

მასთან შეხვედრის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ადრეც შეხვედრია ზურაბიშვილს, განაცხადა, რომ "თანამშრომლობაზე იყო მუდამ საუბარი". მან ასევე განაცხადა, რომ აქვს სურვილი კოალიციის გარეთ გაძლიერდეს მესამე ოპოზიციური ცენტრი, თუმცა იქვე დასძინა: „ქალბატონ სალომესთან მისი პარტიის გაძლიერება არ განიხილებოდა, რამეთუ მას ეს სურვილი არ გამოუთქვამს“.

„ის არ არის ჩვენი გუნდის წევრი, შესაბამისად სხვა გუნდის წევრზე ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას. ის თავისუფალია თავის გადაწყვეტილებებში. მას აქვს უფლება, როგორც მას სურს ისე განიხილოს საკუთარი თუ სხვისი კანდიდატურა“, – განაცხადა ივანიშვილმა 11 მაისს.

„ახალი პრეზიდენტი არ უნდა იყოს არანაირი გუნდის წარმომადგენელი. ერთადერთი გუნდი ვიცი მე  – ეს არის საქართველო. მე ვისურვებდი, რომ მომავალი პრეზიდენტი იყოს სრულიად საქართველოს პრეზიდენტი“, – განუცხადა ზურაბიშვილმა ფოთში ჟურნალისტებს 12 მაისს.

თუმცა ზურაბიშვილს შესაძლოა საკანონმდებლო წინაღობა შეხვდეს იმ შემთხვევაში, თუ ის კენჭისყრას გადაწყვეტს.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც „საქართველოში უცხოვრია 5 წელი მაინც და არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 3 წლის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში“.

საქართველოს კონსტიტუცია ასევე ამბობს, რომ პრეზიდენტის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც საფრანგეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეა, საქართველო 2010 წლის ნოემბერში დატოვა, როცა მან, როგორც ოპოზიციური პარტია საქართველოს გზის ლიდერმა, ქართული პოლიტიკიდან  დროებით წასვლის შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა და ამავე პერიოდიდან მუშაობა დაიწყო გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ირანის საკითხებზე შექმნილი ჯგუფის ხელმძღვანელად.

ეს გადაწყვეტილება მან პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლებასთან ოპოზიციაში 5-წლიანი ყოფნის შემდეგ მიიღო. 2005 წლის ოქტომბერში ოპოზიციაში გადასვლამდე, ის 2004 წლის მარტიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო სააკაშვილის ადმინისტრაციაში – ამ პერიოდში მის სახელს უკავშირდება წარმატებული მოლაპარაკებები რუსეთთან ბათუმიდან და ახალქალაქიდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე.

საქართველოდან 1921 წელს პარიზში ემიგრირებულ ოჯახში დაბადებული სალომე ზურაბიშვილი, მინისტრობამდე, საფრანგეთის ელჩი იყო საქართველოში.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button