ახალი ამბები

EBRD საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ამცირებს

ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა (EBRD) 2013 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 2 პროცენტული პუნქტით შეამცირა და განაცხადა, რომ მის მიერ იანვარში გაკეთებულ პროგნოზთან მიმართებაში საქართველოს “პერსპექტივები გაუარესდა.“

ბანკი 2013 წელს საქართველოს ეკონომიკის 3%–იან ზრდას პროგნოზირებს, ნაცვლად იანვარში პროგნოზირებული 5%–ისა.

საქართველოს მთავრობის ოფიციალური პროგროზით წელს 6%–იან ზრდაა დაგეგმილი, თუმცა როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა ეს მონაცემი შესაძლოა გადაიხედოს და შემცირდეს.

თავის ბოლო ანგარიშში რეგიონალური ეკონომიკის პერსპექტივების შესახებ, რომელიც EBRD–ის 34 საოპერაციო ქვეყანას მოიცავს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ყოფილ საბჭოთა კავშირსა და ჩრდილოეთ აფრიკაში, ევროპის განვითარების ბანკმა 2013 წლის მშპ–ს საერთო ზრდის პროგნოზი მთელი რეგიონისთვის, სადაც EBRD ოპერირებს, 2.2%–მდე შეამცირა, ნაცვლად იანვარში არსებული 3.1%–იანი პროგნოზისა. ამის მიზეზად ბანკმა რუსეთში და ასევე რამდენიმე მსხვილი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში, როგორიცაა პოლონეთი და თურქეთი, ეკონომიკური ზრდის შენელება დაასახელა.

საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიშში ნათქვამია, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 2012 წლის ბოლოსთვის შენელდა, „სავარაუდოდ, ინვესტიციების შემცირებისა და პოსტ–საარჩევნო პოლიტიკურ ტრანზიციასთან დაკავშირებული გაურკვევლობის გამო“.

„იმის გამო რომ საგარეო დაფინანსების პაკეტი, რომლის მობილიზებაც მთელმა რიგმა დონორებმა 2008 წლის ორმაგი კრიზისის [გლობალური ფინანსური კრიზისი და რუსეთთან ომი] დროს მოახდინეს, დიდ წილად უკვე ამოწურულია, ახალი ხელისუფლების გამოწვევა იქნება რომ დაფინანსების კერძო წყაროები მოიძიოს ძირითად სექტორებში ინვესტიციების მხარდასაჭერად“, – ნათქვამია ანგარიშში. 

მოხსენების თანახმად შარშან საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დაწყებული ახალი პროგრამის შემდეგ გარე ფაქტორებთან დაკავშირებული გაურკვევლობა შემსუბუქდა. „რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შემდგომმა ნორმალიზებამ დროთა განმავლობაში ექსპორტზე დაფუძნებულ ზრდას უნდა შეუწყოს ხელი,“ – ნათქვამია მოხსენებაში.

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემების თანახმად საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2013 წლის პირველ კვარტალში 1.7%–ი შეადგინა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

წინასწარი მონაცემებით, იანვარში მშპ 2.9%–მდე გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხოლო თებერვალში 2.1%–მდე და მარტში  0.2%–მდე შემცირდა.

2012 წლის ბოლო სამ თვეში ეკონომიკურმა ზრდამ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.8% შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განუცხადა ჟურნალისტებს 8 მაისს, რომ ეროვნული ბანკმა შესაძლოა შეამციროს ეკონომიკური ზრდის 2013 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი, რომელიც 6%–ს შეადგენს.

„სამწუხაროდ, მონაცემების ერთობლიობა არ გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ წლის ბოლოსთვის ჩვენ გავალთ 6%–იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე“, – განაცხადა ქადაგიძემ. „ამის მიზეზი არის, როგორც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების შენელება, ასევე ადგილობრივი ფაქტორი, მხედველობაში მაქვს ადგილობრივი ბიზნესის პასიურობა, რომელიც გარკვეულწილად, ჯერ კიდევ არ გამოსულა მოლოდინის რეჟიმიდან“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button