skip to content
ახალი ამბები

ნაფიც მსაჯულთა კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა საპარლამენტო უმრავლესობაში მსჯელობის საგანს წარმოადგენს

ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობაში მსჯელობის შედეგად იქნება ერთიანი გადაწყვეტილება მიღებული დაუჭერენ თუ არა მხარს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების იმ კანონპროექტზე, რომელიც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უკავშირდება, განაცხადეს დეპუტატებმა ქართული ოცნებიდან.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა კანონპროექტს, რომელიც ართმევს ბრალდებულს არჩევანის თავისუფლებას მისი საქმე განსაჯონ ნაფიცმა მსაჯულებმა თუ მოსამართლემ, ვეტო 23 აპრილს დაადო იმ მოტივით, რომ ახალი წესი რისკის ქვეშ აყენებს მართლმსაჯულების განხორციელებას. იმავე დღეს მიხეილ სააკაშვილმა ვეტოს უფლება გამოიყენა ასევე საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების მიმართ, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმას უკავშირდება.

ამ უკანასკნელ საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობას ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს, რომ მომავალ სასესიო კვირას, როცა საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა განსახილველად, პრეზიდენტის შენიშვნებს ხმას არ მისცემენ და ვეტოს დაძლევით მათ მიერ მიღებულ ვარიანტს დაუჭერენ კვლავაც მხარს.  ვეტოს დაძლევას სულ ცოტა 89 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება და ქართულ ოცნებას საკმარისი ხმები აქვს ამისთვის.

ამგვარი ერთგვაროვანი პოზიცია საპარლამენტო უმრავლესობაში ჯერ-ჯერობით არ არსებობს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებული კანონპროექტის მიმართ.

„როდესაც კანონპროექტი იქნა მიღებული ხმა არ მიმიცია, ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, შესაძლოა, მივცე ხმა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა 24 აპრილს ტელეკომპანია „კავკასიის“ თოქ-შოუში და დასძინა, რომ ის ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს ზოგადად არ უჭერს მხარს. 

მსგავსი პოზიცია აქვს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ქართული ოცნებიდან ვახტანგ ხმალაძეს, რომლის კომიტეტი თავდაპირველად მთავრობის ინიცირებული კანონპროექტის წინააღმდეგი იყო, თუმცა მეორე და მესამე მოსმენისთვის მხარი დაუჭირა მის მიღებას. თავად ხმალაძეს, რომელიც ზოგადად ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის წინააღმდეგია, კანონპროექტისთვის ხმა არ მიუცია.

ვახტანგ ხმალაძემ და დეპუტატმა ქართული ოცნებიდან ზაქარია ქუცნაშვილმა 25 აპრილს civil.ge-ს განუცხადეს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას გუნდში მსჯელობის შედეგად მიიღებს.

25 აპრილს კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“, რომელიც 30-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას, ბიზნეს ასოციაციასა და მედია საშუალებას აერთიანებს, გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ აუცილებელია პარლამენტმა გააგრძელოს მუშაობა აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით.

„მნიშვნელოვანია ბალანსი იქნეს დაცული დაცვასა და ბრალდებას შორის და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარის თქმა მხოლოდ პროკურატურის პოზიციაზე არ იყოს დამოკიდებული. ამისათვის საჭიროა, პარლამენტმა, როგორც მინიმუმ, დააფიქსიროს კანონპროექტში, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გამართვასთან დაკავშირებით იღებს სასამართლო, რომელსაც დასაბუთებულ შუამდგომლობას წარუდგენს არამხოლოდ დაცვის, არამედ ბრალდების მხარეც", – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

ცვლილებები, რომელიც გადამწყვეტ სიტყვას პროკურორს აძლევს იმაში, თუ ვინ უნდა განიხილოს საქმე – ნაფიცმა მსაჯულებმა და თუ მოსამართლემ, უკავშირდება სასამართლო პროცესებს, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის თანაგუნდელი, ყოფილი თუ მოქმედი თანამდებობის პირების საქმეებზე უნდა გაიმართოს.

იანვარში პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლითაც ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირების მიმართ გააფართოვა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობა. მაშინ ამ ცვლილებებს დეპუტატებმა ნაციონალური მოძრაობიდან მხარი  იმ პირობით დაუჭირეს, რომ ბრალდებულს შეუნარჩუნდებოდა თავისუფლება აერჩია ნაფიცი მსაჯულები ან მოსამართლე.

მარტში ყოფილი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალაიას საქმის წინასასამართლო სხდომაზე, ახალაიამ და მასთან ერთად სხვა ბრალდებულებმა ისარგებლეს კანონით მათთვის მინიჭებული უფლებით და საქმის  მოსამართლის მიერ განხილვის სასარგებლოდ გააკეთეს არჩევანი მაშინ, როცა ბრალდების მხარე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ითხოვდა.

ბაჩო ახალაიას და სხვა ბრალდებულთა ადვოკატების განცხადებით, იმ ფონზე, როცა მათ დაცვის ქვეშ მყოფთა მიმართ მოქმედი ხელისუფლების ძალისხმევით უარყოფითი საზოგადოებრივი აზრი ჩამოყალიბდა, მაღალი ალბათობა არსებობდა იმისა, რომ ნაფიც მსაჯულებს მიკერძოებული ვერდიქტი გამოეტანათ.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button