Placeholder canvas
ახალი ამბები

ივანიშვილი: ‘სააკაშვილი ცდილობს როგორმე დაბლოკოს იუსტიციის საბჭოს შესახებ კანონპროექტი’

პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა განაცხადა ორშაბათს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ცდილობს „დაბლოკოს“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმის შესახებ კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა აპრილის დასაწყისში მიიღო.

კანონპროექტი პრეზიდენტს გადაეგზავნა ხელმოსაწერად, თუმცა მას შესაძლოა ვეტო დაედოს, რადგანაც პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა კანონპროექტის მიღებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა, კერძოდ კი იმ დებულებას, რომლის თანახმადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 15–დან 13 წევრის უფლებამოსილება, რომელთა ამჟამინდელი წევრობა არ შეესაბამება ახალ კრიტერიუმებს, შეწყდება. თუმცა, საბჭოს რვა მოსამართლე წევრიდან შვიდს კვლავ შეეძლება კენჭისყრა და წევრობის შენარჩუნება, თუ მათ მოსამართლეთა კონფერენცია აირჩევს.

25 აპრილს იწურება ვადა, როდესაც პრეზიდენტმა ან ხელი უნდა მოაწეროს კანონპროექტს, ან ის პარლამენტს დაუბრუნოს მოტივირებული შენიშვნებით, განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა ვახტანგ ხმალაძემ, რომელიც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ხელმძღვანელობს. ქართულ ოცნებას საკმარისი ხმა აქვს პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად.

„ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ დამოუკიდებელი სასამართლო მივიღოთ საქართველოში“, – განუცხადა ივანიშვილმა ქართველ ჟურნალისტებს სტრასბურგში 22 აპრილს.

მისი თქმით, კანონპროექტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს „პრაქტიკულად 100 პროცენტით“ ასახავს და დასძინა, რომ კანონპროექტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმაც მოიწონა; ამ უკანასკნელს საჯარო კომენტარი კანონპროექტზე ჯერ არ გაუკეთებია მას შემდეგ, რაც ის პარლამენტმა დაამტკიცა.

„ერთადერთი კაცი, ვისაც არ მოსწონს, ესაა სააკაშვილი და ცდილობს ახლა როგორმე დაბლოკოს ეს და როგორმე შეაჩეროს პროცესი სასამართლოს გათავისუფლების“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

23 აპრილს პრემიერ–მინისტრი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გამოვა სიტყვით, რის შემდეგაც წევრი დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. ორშაბათს მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თავის გამოსვლაში იგი საქართველოს ევროპულ  მისწრაფებებზე გაამახვილებს ყურადღებას.

პრემიერ–მინისტრი, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ახლავს თან, 22 აპრილს სტრატსბურგში PACE–ს პრეზიდენტს ჟან–კლოდ მინიონს, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს პრეზიდენტს დინ შპილმანს და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარს ნილს მუიჟნიეკსს შეხვდა.     

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button