skip to content
ახალი ამბები

NDI-ის კვლევის თანახმად, ქართული ოცნება ძლიერ მხარდაჭერას ინარჩუნებს

(განახლება: მეოთხე აბზაცად დამატებულია პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის კომენტარი კვლევასთან დაკავშირებით)

კოალიცია ქართული ოცნება ამომრჩევლებში ძლიერ მხარდაჭერას ინარჩუნებს, მარტში ჩატარებული კვლევის თანახმად, რომლის მიხედვითაც რესპოდენტთა 60% კოალიციას მათთან ყველაზე ახლოს მდგომ „პარტიად“ მიიჩნევს, რაც ექვსჯერ აღემატება ნაციონალურ მოძრაობის მხარდაჭერას, რომელსაც ნოემბრის მონაცემების მსგავსად, მარტშიც 10%-იანი რეიტინგი ჰქონდა.

კვლევა, რომელიც საზოგადოებრივი განწყობების გასაზომად 13-27 მარტს ჩატარებული ფართო გამოკითხვის ნაწილია, აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით და შვედეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც  პირისპირ ინტერვიუს გზით შემთხვევით შერჩეული  3 103 რესპოდენტი გამოიკითხა. კვლევის ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ს შეადგენს.

კითხვაზე ვის მისცემდით ხმას, ხვალ რომ ადგილობრივი არჩევნები ტარდებოდეს, 62% პირველ არჩევნად ქართულ ოცნებას ასახელებს, ხოლო 9% – ნაციონალურ მოძრაობას; 17% აცხადებს, რომ არ აქვთ ჩამოყალიბებული პოზიცია; 6% პასუხის გაცემაზე უარს ამბობს და 2% პასუხობს, რომ არცერთ პარტიას არ დაუჭერს მხარს.

გამოკითხვის შედეგებზე საუბრისას პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ამჟამად სტრასბურგს სტუმრობს, განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს, რომ ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი „ორჯერ გადაჭარბებულია“. „ჩვენც ვატარებთ კვლევებს და 4%–ზე მეტი არ არის მაგათი რეიტინგი“, –  განაცხადა ივანიშვილმა.

კითხვაზე, რომელი პარტიის კანდიდატს ისურვებდით მომდევნო პრეზიდენტად, 58%-მა ქართული ოცნების, ხოლო  8%-მა – ნაციონალური მოძრობის კანდიდატი დაასახელა. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე რესპოდენტების 3%-მა, ხოლო ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი – 2%-მა დაასახელა; 17%-მა არ იცის, თუ ვის დაუჭერს მხარს მომავალ პრეზიდენტად, ხოლო 6% პასუხზე უარს აცხადებს.

კითხვაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში ძლიერი ოპოზიციური პარტიის არსებობა, რესპოდენტთა 78% აცხადებს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ან მნიშვნელოვანია; ამ მონაცემმა ქართული ოცნების მხარდამჭერ რესპოდენტებს შორის 77% შეადგინა. ნაციონალური მოძრაობა რესპოდენტთა 56%-ის მიერ ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად დასახელდა. 

იმ პირობებში, რომ პოლიტიკოსების უმეტესობის პირადმა პოპულარობამ იკლო ან სტატისტიკურად უცვლელი დარჩა ნოემბერში განხორციელებულ ანალოგიურ კვლევასთან შედარებით, პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის და მისი წინამორბედის, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის რეიტინგი გაიზარდა.

დავით უსუფაშვილის მოწონების დონე 66%-ს შეადგენს, რაც მეორე მაჩვენებელია პოლიტიკოსებს შორის.

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კვლავ ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსად რჩება 75%-ით მარტში, რაც ნოემბერში არსებულ 80%-თან შედარებით დაკლებული მაჩვენებელია.

პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარეა, რესპოდენტთა 25%-ს მოსწონს მარტში (ნოემბერში 29%), რაც გაცილებით ჩამორჩება ბაქრაძის 48%-იან რეიტინგს, რომელიც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებში მოწონების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით სარგებლობს და გაზრდილია ნოემბერში არსებულ 45%-თან შედარებით.  

დეპუტატი ქართული ოცნებიდან თინა ხიდაშელი პოლიტიკოსთა რეიტინგში მესამეა 59%-ით (ნოემბერში 61%), მას მოყვება მისი თანაგუნდელი დეპუტატი ეკა ბესელია – 53%-ით (ნოემბერში 61%); შემდეგ მოდის ვიცე-სპიკერი ქართული ოცნებიდან ზვიად ძიძიგური  – 51% (ნოემბერში 60%); საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე – 48%; დეპუტატი ქართული ოცნებიდან კობა დავითაშვილი –  43% (ნოემბერში 53%); დეპუტატი ქართული ოცნებიდან დავით ბერძენიშვილი – 41%; ქართული ოცნების დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი – 37%; ამავე კოალიციიდან ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე – 36% (ნოემბერში 45%).

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი რესპოდენტთა 26%-ს მოსწონთ, რაც სტატისტიკურად უცვლელი მონაცემია ნოემბრის მაჩვენებელთან შედარებით.

პარტიის კიდევ ერთ ლიდერს, თბილსის მერს გიგი უგულავას 25%-იანი რეიტინგი აქვს მარტში, რაც ნოემბერში არსებულ 29%-თან შედარებით დაკლებულია.

რესპოდენტთა 63% პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის საქმიანობას აფასებს, როგორც „ძალიან კარგი“ ან „კარგი“ – ეს მაჩვენებელი ნოემბერში 69% იყო.

პრეზიდენტ სააკაშვილის საქმიანობის დადებითი შეფასება ნოემბერთან შედარებით სტატისტიკური ცდომილების ფარგლებშია და მარტში 15%-ს შეადგენს. 

კვლევის ფარგლებში, რესპოდენტებს დაუსვეს კითხვა, თუ როგორ აფასებენ ბიძინა ივანიშვილის საქმიანობას კონკრეტული სფეროების მიხედვით; ყველაზე კარგი შეფასება ივანიშვილმა ციხეებთან მიმართებაში დაიმსახურა, რადგან რესპოდენტთა 40% მის ამ მიმართულებით საქმიანობას „ძალიან კარგად“ ან „კარგად“ აფასებს; რასაც მოყვება ჯანდაცვა (39%); სოფლის მეურნეობა (38%); ადამიანის უფლებები და რუსეთთან ურთიერთობები (35-35%).

ყველაზე მეტად ივანიშვილის საქმიანობა უარყოფითად – „ცუდად“ ან „ძალიან ცუდად“ ისეთ სფეროებში შეფასდა, როგორიცაა სამუშაო ადგილები – 29% და სიღარიბე – 26%. რესპოდენტთა საკმაოდ დიდი ნაწილი  ივანიშვილის საქმიანობას სხვადსხვა მიმართულებებით ნეიტრალურად აფასებს.

პარლამენტის საქმიანობის დადებითი შეფასება ნოემბერში არსებული 23%-დან მარტში 30%-მდე გაიზარდა, თუმცა რესპოდენტთა 46% არც დადებითად და არც უარყოფითად არ უყურებს საკანონმდებლო ორგანოს. პარლამენტის საქმიანობას დადებითად 2012 წლის აგვისტოში რესპოდენტთა 20% მიიჩნევდა. 

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, თავდაცვცის მინისტრი ირაკლი ალასანია და შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამავე თანმიმდევრობით ლიდერობენ მინისტრების რეიტინგებში.

პოლიტიკური რეიტინგები იმ ფართო კვლევის ნაწილია, რომელიც აჩვენებს საზოგადოების განწყობებს სხვადასხვა მიმდინარე და პოლიტიკური საკითხების მიმართ; კვლევის ძირითადი ნაწილი NDI-მ ერთი კვირის წინ გამოაქვეყნა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button