skip to content
ახალი ამბები

ივანიშვილი აცხადებს, რომ აგვისტოს ომზე ‘სიმართლის დადგენა აუცილებელია’

პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 12 აპრილს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში კიდევ ერთელ აღნიშნა, რომ „სიმართლე“ 2008 წლის აგვისტოს ომის გარემოებების შესახებ უნდა დადგინდეს და ამ პროცესში „ყველას, მათ შორის პრეზიდენტს, იმდენჯერ მოუწევს დაკითხვაზე მისვლა, რამდენჯერაც საჭირო იქნება“. 

11 აპრილს პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერ–მინისტრის მიერ 10 აპრილს გაკეთებული განცხადება აგვისტოს ომის შესახებ,  რუსეთისთვის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის "იურიდიული დასაბუთების" მიცემის ტოლფასია. პრეზიდენტ სააკაშვილს მხედველობაში ჰქონდა პრემიერ–მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელმაც აღნიშნა 10 აპრილს, რომ 2008 აგვისტოს გარემოებები კვლავ „ბურუსითაა მოცული“ და ის გამოძიებულ უნდა იქნას. „მე პირადად ბევრი შეკითხვები მაქვს, მეც ვთვლი, რომ ჩვენი ხელისუფლება პრეზიდენტის მეთაურობით არაადეკვატურად მოიქცა იმ სიტუაციაში“, – განაცხადა ივანიშვილმა. „გაუმართლებლად მიმაჩნია, რომ საჯარისო ნაწილები მზადყოფნაში მოვიდა და დაიწყეს საომარი მოქმედებები მანამ, სანამ რუსეთმა გადმოლახა საზღვრები“. პრემიერ–მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა დაიკითხოს გამოძიების პროცესში, თუ „ამის საჭიროება იქნება“. სააკაშვილმა უპასუხა 11 აპრილს: „ერთი წამითაც არ ვითანამშრომლებ ამ ანტისახელმწიფოებრივ გამოძიებასთან, რომლის საბოლოო მიზანიც არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის შერყევა და რომელიც პირდაპირაა მიმართული ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ“.

მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა 11 აპრილს, რომ შეიქმნება პროკურორების ჯგუფი, რომელიც სავარაუდო სამხედრო დანაშაულებს გამოიძიებს – გამოძიება, რომელიც წინა ხელისუფლებამ დაიწყო და რომელიც ახლა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ წინასწარი მოკვლევის სტადიაშია.

12 აპრილს პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მას არასოდეს უთქვამს, რომ „საქართველო იყო აგრესორი და ომი დაიწყო“.

„ჩვენს ჯარს არ გადაუკვეთავს სხვა ქვეყნის საზღვარი და არ გადასულა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე“, – ნათქვამია პრემიერ–მინისტრის განცხადებაში.

სააკაშვილმა 12 აპრილს ივანიშვილის წერილობითი განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომ იგი უკვე მიეჩვია, რომ პრემიერ–მინისტრი თავიდან ამბობს რაღაცას "სრულიად უცნაურს და ხშირად აბსოლუტურად მიუღებელს" და შემდეგ განმარტავს თავის თავდაპირველ განცხადებას. სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი ამაზე კომენტარს არც გააკეთებდა, მაგრამ ეს თემა სერიოზულია, რადგანაც ომს და საქართველოს სუვერენიტეტს ეხება.    

"ის, რაც მან თქვა ამ ორი დღის წინ, ეს იყო საქართველოს სუვერენიტეტის ფუნდამენტური საკითხების გადახედვა… მან განაცხადა ზუსტად ის, რასაც აცხადებდა მთელი ეს წლები რუსეთი", – განაცხადა სააკაშვილმა პარასკევს.

მანამდე, იმავე დღეს თავის წერილობით განცხადებაში პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ „სწორედ რუსეთმა დაარღვია სუვერენული სახელმწიფოს  ტერიტორიული საზღვრები და განახორციელა აგრესია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რასაც ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა“. 

„მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენი ვალია, უპასუხოდ არ დარჩეს არც ერთი კითხვა, რომელიც აღელვებს ჩვენს საზოგადოებას. ჩვენ უნდა გამოვიძიოთ და დავადგინოთ სიმართლე, რაც დარწმუნებული ვარ, არავითარ შემთხვევაში არ დააზარალებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს და ვერაფერი შეეხება მის ტერიტორიულ მთლიანობას, რადგან, რაც არ უნდა ემოქმედა ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას, ეს არ ამართლებს რუსეთის აგრესიას“, – ნათქვამია განცხადებაში.

„სიმართლის დადგენა აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის, მიუკერძოებელი გამოძიება დაასრულებს ომის თემით სპეკულაციებს, სამართლიანობის პრინციპის დამკვიდრება აამაღლებს საქართველოს ავტორიტეტს, მის სანდოობას“.

„საჭიროა პასუხი გაეცეს ბევრ კითხვას, რომელიც ომთან დაკავშირებით წინა ხელისუფლების მიმართ არსებობს – რატომ ვერ შეძლო სააკაშვილმა აშკარა პროვოკაციის თავიდან აცილება, როგორ მოქმედებდა მთავარსარდალი და მთავრობა,  რატომ ერეოდნენ ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები სამხედრო ოპერაციის მართვაში, რამაც ქაოსი და არეულობა გამოიწვია, რატომ მოჰყვა ამხელა მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობას შორის, რატომ ვერ შეძლო მთავრობამ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია, როგორ დარჩნენ მეთაურის გარეშე ჩვენი რეზერვისტები, რომლებიც შემთხვევით გადაურჩნენ სიკვდილს, და მრავალი სხვა“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

მისი თქმით, შეიარაღებული ძალების „გმირობას“ არავინ აყენებს ეჭვქვეშ. „კითხვები მხოლოდ პოლიტიკური ხელმძღვანელობის – მთავარსარდლისა და მთელი მთავრობის მიმართ ისმება და ისინი ვალდებული არიან კანონის წინაშე გასცენ პასუხი ამ კითხვებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ვფიქრობ, დამთავრდა ის დრო, როდესაც სააკაშვილი თავად განსაზღვრავდა, ვის უნდა ეპასუხა ხალხისთვის მტკივნეულ კითხვებზე და ვის არა. ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში უნდა დამთავრდეს ეპოქა, როდესაც ქვეყნის მმართველი კანონზე მაღლა აყენებს თავს“.

„ახლა კანონის უზენაესობა არის მთავარი  და ყველას, მათ შორის პრეზიდენტს, იმდენჯერ მოუწევს დაკითხვაზე მისვლა, რამდენჯერაც საჭირო იქნება“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

„ის, რომ სააკაშვილი რუსეთის პროვოკაციას წამოეგო, უდავოა, თუმცა არც რუსეთი აღმოჩნდა ამ პროვოკაციით მოგებული და იმედია, ამას კარგად აცნობიერებენ თავად რუსეთშიც“.

„მჯერა, რომ სწორი, დიპლომატიური და გააზრებული ნაბიჯებით ჩვენი ქვეყანა აუცილებლად შეძლებს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას“, – ნათქვამია განცხადებაში. 

პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაიმეორა 12 აპრილს, რომ ის არ ითანამშრომლებს ომის საკითხების საგამოძიებო კომისიასთან; მისი თქმით, ამ გამოძიების მიზანი იქნება საქართველოს მაშინდელი ხელმძღვანელობის დადანაშაულება ომის დაწყებაში, რაც თავის მხრივ საქართველოს სუვერენიტეტს მიაყენებს დარტყმას. 

"ეს არის თავიდან ბოლომდე რუსული თამაში. მე, რა თქმა უნდა, არ მივიღებ მონაწილეობას ასეთ გამოძიებაში, მე ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, ვერც ერთი ქართველი პატრიორი ვერ მიიღებს მონაწილეობას ასეთ გამოძიებაში, ეს გამოძიება არის რუსული თამაში, რუსეთის დაკრულზე ცეკვა", – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ვინც ამ გამოძიებაში ჩაერთვება, "ყველა პასუხს აგებს მომავალში".   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button