ახალი ამბები

შვეიცარიის ელჩის მოსაზრება EPP-ის მიერ საქართველოს მთავრობის კრიტიკაზე

შვეიცარიის ელჩმა საქართველოში გიუნტერ ბეხლერმა განაცხადა თავის წერილში საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სახელზე, რომ ზოგიერთი „შეცდომაში შეყვანილი ევროპარლამენტარის მხრიდან“ გაკეთებული „უპრეცედენტო და პარტიული“ განცხადებები და ბრალდებები საქართველოს ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ „სრულიად არ შეესაბამება პოლიტიკურ რეალობას საქართველოში“.

შვეიცარიის ელჩის წერილი 15 მარტითაა დათარიღებული და ის საჯარო მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოს მთავრობამ 26 მარტს ის თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა; იმავე დღეს წერილი თბილისში შვეიცარიის საელჩომაც გახადა საჯარო.  

შვეიცარიის ელჩის მიერ პრემიერ–მინისტრისთვის წერილის გაგზავნამდე ერთი დღით ადრე, ამ უკანასკნელმა ვრცელი ღია წერილი გაუგზავნა ევროპის სახალხო პარტიას (EPP), 23 ევროპარლამენტარის მიერ 6 მარტს გამოქვეყნებული მიმართვის საპასუხოდ. 23–დან 19 ევროპარლამენტარი ევროპის სახალხო პარტიის წევრია, რომელსაც უმსხვილესი წარმომადგენლობა აქვს ევროპარლამენტში.  პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალურ მოძრაობას ევროპის სახალხო პარტიაში დამკვირვებლის სტატუსი გააჩნია. თავის 6 მარტის მიმართვაში ევროპარლამენტარები ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევაში ადანაშაულებენ.   

შვეიცარიის ელჩი წერს საქართველოს პრემიერ–მინისტრს, რომ მისი 14 მარტის ღია წერილი ევროპის სახალხო პარტიისადმი არის „შესანიშნავი პასუხი და ბრწყინვალედ გამოხატავს საქართველოს მოქალაქეთა შეშფოთებასა და ემოციებს“.

„როგორც პრემიერ-მინისტრი, თქვენ, ალბათ, ვალდებული ბრძანდებით, მკაფიოდ უპასუხოთ ასეთ ცრუ ბრალდებებს საქართველოს ახალი და კანონიერად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ“, – წერს ელჩი. „მაგრამ ვიტყოდი, რომ არც კი ღირს პასუხის გაცემა ასეთ ზედაპირულ შეფასებებსა და, როგორც ჩანს, შეთანხმულად წარმოებულ პროპაგანდაზე ზოგიერთი შეცდომაში შეყვანილი ევროპარლამენტარის მხრიდან“.

„მეტად საინტერესოა, რამდენად კარგად აითვისა ევროპის სახალხო პარტიის ზოგიერთმა წევრმა საბჭოთა სტილის პროპაგანდისტული მეთოდები, მეთოდები, რომლებსაც ისინი, რასაკვირველია, საჯაროდ უარყოფენ“, – ნათქვამია ელჩის წერილში.

წერილის თანახმად,  „საქართველო ბევრად უფრო თავისუფალია, ვიდრე ოდესმე ყოფილა წარსულში, და ბევრად უფრო თავისუფალია, ვიდრე მისი მეზობელი ქვეყნები“.

შვეიცარიის ელჩი ასევე წერს, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მოსახლეობის უმრავლესობამ გადაწყვიტა ხმა მიეცა „ვარდების რევოლუციონერთა წინააღმდეგ, რადგანაც ისინი დემოკრატიის გზას გადაუხვიეს და მოინდომეს შეექმნათ საკმაოდ ავტორიტარული მოდერნიზებული რეჟიმი“. 

„ძნელია არ დაინახო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მიღწევები ძველი, კორუფციული სისტემის აღმოფხვრასთან დაკავშირებით საქართველოში“, – წერს შვეიცარიის ელჩი და დასძენს, რომ ამჟამად ახალი ხელისუფლება „ე.წ. ელიტარული კორუფციის აღმოფხვრის დიდი და რთული ამოცანის წინაშე დგას, გადასახადების გადამხდელთა სახსრების არამიზნობრივი ხარჯვისა და უცხოეთში ფინანსური რესურსების გადაქაჩვის ჩათვლით“. 

„არსებობს მხოლოდ ერთი წითელი ხაზი – ერთი მხრივ, დაუსჯელობის სინდრომის შეწყნარების ცრუ ალტერნატივასა და, მეორე მხრივ, ბრმა ამნისტიას შორის ყველა დანაშაულისათვის. ამ წითელ ხაზს ავლებს კანონი, და მხოლოდ დემოკრატიულად მიღებული კანონი საერთაშორისო მონიტორინგით, და სხვა არაფერი. კანონის მორჩილება გვიცავს რამდენიმე დაბრკოლებისა და მახისაგან, როგორიცაა პოლიტიზებული სამართლებრივი დევნა, უსაფუძვლო სასამართლო პროცესები თუ ანგარიშსწორების კამპანია. მე თქვენში ვხედავ ძლიერ პოლიტიკურ ნებას, იხელმძღვანელოთ კანონითა და საერთაშორისო სტანდარტებით“, – წერს ელჩი ბეხლერი. 

იგი ასევე წერს, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრის აქტიური ჩართულობა სამოქალაქო საზოგადოებასთან და მათი რჩევისთვის მიმართვა „მიუთითებს იმას, რომ თქვენ სერიოზულად ეკიდებით არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ მიცემულ დაპირებებს“.

„ასევე საკმაოდ შთამბეჭდავი იყო პარლამენტისა და მთავრობის მიერ ხელისუფლებაში მოსვლიდან პირველ 100 დღეში შესრულებული სამუშაო. პირველად საქართველოს ისტორიაში, პარლამენტი იქცა ნამდვილი პოლიტიკური დებატების, საღი კანონმდებლობის და უმრავლესობისა და უმცირესობის ერთობლივი პროექტების შექმნის ადგილად“, – წერს შვეიცარიის ელჩი.

მისი თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ პრემიერ–მინისტრის მთავრობა ძალ–ღონეს არ დაიშურებს იმისათვის, რომ აღარ განმეორდეს ახალი ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომები, რომელიც მან არ დააკონკრეტა.

„თუკი ხელისუფლება თავმდაბალია, აღიარებს შეცდომებს, ეძებს გამოსწორების გზებს, აძლევს მედიას საშუალებას კრიტიკულად შეაფასოს ხელისუფლების მოქმედებები, რჩევას ეკითხება სამოქალქო საზოგადოებას და ითხოვს მხარდაჭერას მისგან, მაშინ მოქალაქეები უფრო ტოლერანტული ხდებიან და აძლევენ ასეთ ხელისუფლებას საკუთარ შეცდომებზე სწავლის საშუალებას. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ კარგად აცნობიერებთ შეცდომებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ბოლო ასიოდე დღის განმავლობაში და თქვენ არ დაიშურებთ ენერგიასა და სიბრძნეს, რათა ასეთი შეცდომები აღარ განმეორდეს მომავალში“, – ნათქვამია წერილში.

შვეიცარიის ელჩი, რომლის ქვეყანაც შუამავლის როლს ასრულებდა რუსეთსა და საქართველოს შორის მას შემდეგ, რაც ორმა ქვეყანამ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა, ასევე მიესალმა იმ ფაქტს, რომ ივანიშვილი მოსკოვთან ურთიერთობების დალაგებას ცდილობას. მისი თქმით, მან მოახერხა „ამ მოკლე დროში საქართველოს ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობის საუბრის ტონის შეცვლა“.

შვეიცარიის ელჩი ასევე წერს, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე „ზოგიერთი პოლიტიკოსი საქართველოში“ ადანაშაულებდა მას „პოლიტიკურ მიკერძოებაში ოპოზიციის სასარგებლოდ“.

„ დიახ, შეიძლება მართლაც მიკერძოებული ვიყო. მე არასოდეს დამიმალავს, რომ მიკერძოებული ვარ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მშვიდობიანი ურთიერთობების სასარგებლოდ. სწორედ ასეთი ვიყავი მთელი ჩემი დიპლომატიური და აკადემიური კარიერის განმავლობაში“, – წერს იგი. „არჩევანს პოლიტიკურ პროგრამებს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, „ქართული ოცნებასა“ თუ სხვა პარტიებს შორის უნდა აკეთებდნენ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები და ამომრჩევლები და არა მე, უცხოელი დიპლომატი, და არც ევროპარლამენტარები. ბოდიშს ვუხდი საქართველოს მოქლაქეებს, თუკი ოდესმე ჩავრეულვარ საქართველოს საქმეებში. ასეთი რამ არ განმეორდება“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button