Placeholder canvas
ახალი ამბები

ივანიშვილის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე სარეიტინგო გამოკითხვის ჩატარება „არასწორია“

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ნაციონალური მოძრაობის შეთავაზება, რომ პირველი მოსმენით კენჭისყრამდე საკითხზე სარეიტინგო გამოკითხვა გაიმართოს, „არასწორია“.

„თუ უნდათ ხმა მისცენ, თუ არ უნდათ არ მისცენ. თავის პარტიას, თავის სახეს აჩვენებენ ესენი მხოლოდ. არავის არ მოუთხოვია მათთვის ხმები. ისინი ამ ქვეყნის შვილები არიან და მოიქცნენ ისე, როგორც თვლიან. და არ ჭირდება ამას ზედმეტი დარეკლამება“, – განუცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებს.

„ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი, ამას პარლამენტი წყვეტს თვითონ. უსუფაშვილის გამოსვლა თქვენ ნახეთ და მე მგონი არ შედგება [სარეიტინგო კენჭისყრა]“, – განაცხადა მან.

მისი ეს განცხადება წინ უსწრებს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას, რომელიც პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იგეგმება.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 20 მარტს საღამოს ამ თემაზე გაკეთებულ მიმართვაში განაცხადა, რომ სარეიტინგო კენჭისყრა ნაციონალურ მოძრაობას იმის საჩვენებლად სჭირდება, რომ ის არ გატყდა, მისი წევრი დეპუტატების გადაბირების მიზნით "ზეწოლის უპრეცედენტო კამპანიის" მიუხედავად. პრეზიდენტი სააკაშვილი  და მისი პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სარეიტინგო კენჭისყრა მათ იმის დემონსტრირებისთვის სჭირდებათ, რომ არასწორია ქართული ოცნების ზოგიერთი დეპუტატის განცხადება იმის თაობაზე, რომ ნაციონალური მოძრაობის რიგებში არიან დეპუტატები, რომელთაც პარტიულ ხაზს გადაუხვიეს, რომ ნაციონალური მოძრაობა ინარჩუნებს ერთობას და შეუძლებელია კონსტიტუციის მიღება ოპოზიციური აზრის იგნორირებით. ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ იმდენ ხმას დაუმატებს ქართულ ოცნებას ცვლილებების კენჭისყრის დროს, რამდენსაც სარეიტინგო კენჭისყრა აჩვენებს, რომ მათ აკლდებათ საჭირო 100 ხმის მოსაგროვებლად.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ამ შეთავაზების საპასუხოდ 20 მარტს განაცხადა, რომ სარეიტინგო გამოკითხვის ჩატარების საჭიროება არ არსებობს, რადგან ამის გარეშეც ცხადია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ვერ გავა, თუ მას ნაციონალური მოძრაობის წევრი დეპუტატები მხარს არ დაუჭერენ. მან ასევე აღნიშნა, რომ უმრავლესობას ოპონენტების არა ხმები, არამედ მათი პროცესში თანამონაწილეობა სჭირდება, რათა პარლამენტმა დაიბრუნოს თავისი უფლება იმით, რომ პრეზიდენტს შეეზღუდოს უფლებამოსილება საკანონმდებლო ორგანოს თანხმობის გარეშე ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დანიშნოს ახალი მთავრობა.

სარეიტინგო გამოკითხვის ჩატარების საკითხი საკონსტიტუციო ცვლებების კენჭისყრის წინ დადგება დღის წესრიგში, რაზეც კანონმდებლობის მიხედვით, გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა მიიღოს.  ქართული ოცნების დეპუტატები აცხადებენ, რომ ისინი ამგვარი გამოკითხვის ჩატარების წინააღმდეგნი არიან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button