skip to content
ახალი ამბები

ივანიშვილი ევროპის სახალხო პარტიას ღია წერილით მიმართავს

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ევროპის სახალხო პარტიას ღია წერილით მიმართავს და ევროპის ამ „ყველაზე დიდ, გავლენიან და წარმატებულ პოლიტიკური ძალას“, იმის გამო რომ კითხვები უჩნდება საქართველოში მიმდინარე მოვლენების მიმართ, მოუწოდებს, რომ საქართველოში მოავლინოს ხანგრძლივი დამკვირვებლები პროცესების ადგილზე მონიტორინგის მიზნით.

„მოგიწოდებთ, სანამ “ევროპის კარის დახურვის” შორსმიმავალ დასკვნებს გააკეთებთ, მოავლინოთ ხანგრძლივი დამკვირვებლები და თავად დარწმუნდეთ, რომ საქართველოს ხელისუფლების ურყევი პოლიტიკური ნებაა დემოკრატიული მმართველობა, ჩვენი მისიაა კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების უპირობო, განუხრელი და ცალსახა ერთგულება. ხოლო ქართველი ხალხის მოთხოვნა და სურვილია ნამდვილი, ჭეშმარიტი დასავლური ღირებულებებით ცხოვრება და განწირულია ყველა ხელისუფლება, ვინც ამ გზიდან გადახვევას მოინდომებს. ეს ქართულმა საზოგადოებამ უკვე მრავალჯერ დაამტკიცა“, – ნათქვამია ივანიშვილის წერილში.

პრემიერ-მინისტრის წერილი ევროპის სახალხო პარტიის მიმართ, რომელსაც ყველაზე დიდი წარმომადგენლობა ჰყავს ევროპარლამენტში, სამშაბათს იმ დროს გამოქვეყნდა, როცა ევროპის სახალხო პარტიის გაფართოებული სამიტი იმართება ბრიუსელში 14-15 მარტს.

ამ სამიტის მონაწილეების ჩამონათვალში ფიგურირებს პრეზიდენტი სააკაშვილი, რომლის ნაციონალურ მოძრაობასაც ევროპის  სახალხო პარტიაში "დამკვირვებელი წევრის" სტატუსი აქვს. მონაწილეებს შორის ასევე არიან ევროკავშირისა და მისი არაწევრი სახელმწიფოების მმართველები; ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპუი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო.

ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი მოჰყვა 23 ევროპარლამენტარის, მათ შორის სახალხო პარტიის 19 წევრის, წერილს მისი მისამართით,  რომელშიც ივანიშვილს იმაში ადანაშაულებენ, რომ მან საქართველო ევროპის გზას ჩამოაშორა. 10 მარტის საპასუხო წერილში პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გააკრიტიკა ევროპარლამენტართა ჯგუფი „სიცრუეზე დაფუძნებული“ განცხადებების გამო და მოუწოდა მათ თავი შეიკავონ მსგავსი წერილების ხელმოწერისგან, რადგან „ამის გამო მალე თავადვე შერცხვებათ“.

„ქართულ საზოგადოებაში, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მადლიერია დასავლეთის დახმარებისა და მხარდაჭერისთვის, არსებობს კითხვები, პოლიტიკური ძალების იმ წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც მიესალმებოდნენ ძალადობაზე, ღირსების შელახვაზე, დამცირებაზე, სიღატაკესა და უიმედობაზე დამყარებულ ფასადურ დემოკრატიას და დღეს მწვავედ აკრიტიკებენ საქართველოს ახალ ხელისუფლებას, რომელიც არა ფასადის შელამაზების, არამედ რეალურად დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზას ადგას“, – ნათქვამია ივანიშვილის წერილში, რომელიც თავის პატივისცემას გამოხატავს ევროპის სახალხო პარტიის მიმართ.

„მაგრამ კითხვები, რომელზეც ზევით იყო საუბარი, პასუხს მოითხოვს“, – განაგრძობს ივანიშვილი და დასძენს, რომ „სახალხო პარტიის პოპულარობისა და სიძლიერის გათვალისწიებით, განსაკუთრებულია მისი პასუხისმგებლობაც ევროკავშირის სამეზობლოში მყოფი იმ ქვეყნების მიმართ, ვინც დიდი იმედით და მოლოდინით შევყურებთ ჩვენი და ევროკავშირის დაახლოებას, ბარიერების დაძლევას და საბოლოოდ, დიდი ევროპული ოჯახის წევრობას“.

პრემიერ-მინისტრი თავის წერილში 2004 წელს განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმაზე საუბრობს, რითაც „პრეზიდენტმა კონსტიტუციური დიქტატორის როლი მოირგო, რაც ყველაზე კარგად იმ დებულებებში ჩანს, რომელიც მას აძლევს უფლებას ერთპიროვნულად და უვადოდ, პარლამენტის თანხმობის გარეშე, დანიშნოს მთავრობა“.

სწორედ ამ დებულების შეცვლას ისახავს მიზნად მმართველი კოალიცია კონსტიტუციაში იმ შესწორებების შეტანის შედეგად, რომელზეც კენჭისყრა პარლამენტში მომავალ კვირას არის დაგეგმილი.

„იქნებ თქვენგან, დიდი გამოცდილების მქონე პოლიტიკოსებისაგან მაინც მივიღოთ პასუხი, ნორმალურად და დემოკრატიასთან თავსებადად მიგაჩნიათ თუ არა პრეზიდენტი მთავრობას ნიშნავდეს ისე, რომ პარლამენტს არაფერი ეკითხებოდეს? იცით კიდევ ერთი დემოკრატიული ქვეყანა, სადაც მსგავსი სისტემა მოქმედებს? და თუ ამ ორ კითხვაზე უარყოფითი პასუხი გაქვთ,  ნორმალურად მიგაჩნიათ თუ არა, რომ ამ იდეის ავტორი და დამცველი პოლიტიკური გაერთიანება თქვენი პოლიტიკური ოჯახის წევრია?“, – მიმართავს ივანიშვილი ევროპის სახალხო პარტიას.

მისი თქმით, მიუხედევად იმისა, რომ სააკაშვილი ხშირად აცხადებს, რომ არ გამოიყენებს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებულ ამ ძალაუფლებას და არ დაითხოვს ამჟამინდელ მთავრობას, მას „მმართველობის 9 წლის მანძილზე არასოდეს უთქვამს უარი, უფრო მეტიც, ძალაუფლების კიდევ უფრო განმტკიცებისთვის რეგულარულად ცვლიდა კონსტიტუციას“, რაზეც წერილში ივანიშვილს კონკრეტული მაგალითები მოჰყავს, მათ შორის 2006 წლის ბოლოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილება, რომელიც „საშუალებას აძლევს 5 წლიანი ვადით არჩეულ პრეზიდენტს პოზიციაზე 10 თვით მეტი ხნის განმავლობაში“ იმყოფებოდეს.

წერილში ივანიშვილი იმ ფაქტებსა და მოვლენებზე ამახვილებს ყურადღებას, რასაც ადგილი ჰქონდა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის წლებში მართლმსახულების, მედიის, არჩევნების, კურუფციის, ადამიანის უფლებების სფეროებსა და ძალადობის კუთხით.

„დიახ, მთავრობა მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. მემკვიდრეობა სახარბიელო არ მიგვიღია“, – აცხადებს ივანიშვილი.

ის ასევე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ  ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ არსებული მოლოდინები ხშირად განსხვავებულია.

„ქვეყნის შიგნით საზოგადოება წლების განმავლობაში ჩადენილი დანაშაულის სწრაფ და უკომპრომისო გამოძიებას ითხოვს.  ქვეყნის გარეთ კი, პირიქით, "სუფთა ფურცლიდან" დაწყებისკენ მოგვიწოდებენ, რაც, ჩემი აზრით, მხოლოდ დაუსჯელობას წაახალისებს. ჩვენი ამოცანაა ბეწვის ხიდზე გავიაროთ და ისეთი შუალედი ვიპოვოთ, რაც არც სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის იდეას დააზარალებს, და არც პოლიტიკური დევნის შთაბეჭდილებას შეუქმნის ვინმეს. მერწმუნეთ ეს ძალიან რთული ამოცანაა, მით უფრო ისეთ ქვეყანაში, სადაც პარტია და სახელმწიფო სისტემა აბსოლუტურად შეზრდილი იყო ერთმანეთთან“, – ნათქვამია წერილში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button