skip to content
ახალი ამბები

საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა დირექტორმა სასამართლოს მიმართა

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა, რომელიც მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ამ პოსტზე არჩევიდან დაახლოებით ორ თვეში გაათავისუფლა, სასამართლოში სარჩელი შეიტანა მისი გათავისუფლების თაობაზე საბჭოს გადაწყვეტილების ანულირების მიზნით.

შუალედური ღონისძიების სახით, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ბარათაშვილმა სთხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტურ პოსტზე სამეურვეო საბჭოს მიერ გამოცხადებული კონკურსი შეაჩეროს.   

ვაკანტურ პოსტზე განაცხადების წარდგენის ვადა 14 მარტს საღამოს იწურება; 14 მარტის დილის მდგომარეობით 24 განაცხადია წარდგენილი. გადაწყვეტილებას შუალედური ღონისძიების შესახებ სასამართლო სავარაუდოდ მომდევნო სამ დღეში მიიღებს. 

მთავარი არგუმენტი, რომელიც სარჩელში საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმების გასამყარებლად არის მოყვანილი, ისაა, რომ გადაწყვეტილებას ბარათაშვილის გათავისუფლების თაობაზე საბჭომ საჭირო კვორუმის გარეშე უყარა კენჭი.  

სამეურვეო საბჭოში სულ 15 ადგილია, თუმცა მისი წევრების ფაქტიური რაოდენობა ამჟამად 13-ს შეადგენს, რადგანაც ორი ადგილი ვაკანტურია.

კანონის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის გათავისუფლების შესახებ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედი.

4 მარტის სხდომაზე გენერალური დირექტორის გათავისუფლებას მხარი სამეურვეო საბჭოს ცხრა წევრმა დაუჭირა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნათია კაპანაძემ, რომელიც იურიდიულ დახმარებას უწევს ბარათაშვილს, განაცხადა, რომ სამეურვეო საბჭო არ იყო უფლებამოსილი, რომ ამგვარი გადაწყვეტილება ცხრა წევრის მხარდაჭერით მიეღო.  მისი თქმით, ამგვარ გადაწყვეტილებას სულ ცოტა 10 წევრის მხარდაჭერა ესაჭიროებოდა, რაც საბჭოს სრული შემადგენლობის ორი–მესამედია და არა სიითი შემადგენლობის.

საბჭოს 4 მარტის გადაწყვეტილებას ბარათაშვილის გათავისუფლების თაობაზე რამდენიმე დღით ადრე წინ უსწრებდა ბარათაშვილის მიერ პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის ხათუნა ბერძენიშვილის  თანამდებობიდან გათავისუფლება. ბერძენიშვილმა, გათავისუფლების შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი საინფორმაციო სამსახურის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ბარათაშვილი მისგან მთავრობის სასარგებლოდ მოითხოვდა ახალი ამბების გაშუქებას. ბარათაშვილმა ეს ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ ბერძენიშვილი თანამდებობიდან რეაორგანიზაციის ფარგლებში გაუშვა, თუმცა სანაცვლოდ მას დირექტორის მრჩევლად ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზა. 

სამეურვეო საბჭომ მიანიშნა, რომ მისი გადაწყვეტილების მიზეზი არ ყოფილა ის, რომ ბარათაშვილმა საინფორმაციო სამსახურის უფროსის გათავისუფლება გადაწყვიტა – საბჭოს არ აქვს უფლებამოსილება გენერალური დირექტორის მიერ მიღებულ საკადრო გადაწყვეტილებებში ჩაერიოს; საბჭომ უპასუხისმგებლო უწოდა „კრიზისული ვითარების შექმნას“, იმ პირობებში, როდესაც „მაუწყებელზე ხორციელდება მრავალმხრივი ზეწოლა“.

საბჭო, რომელსაც კრიტიკოსები დიდი ხანია ადანაშაულებენ იმაში, რომ მან ვერ უზრუნველყო მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებზე სათანადო კონტროლის დამყარება, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების, მათ შორის მენეჯმენტის წარმომადგენლების კრიტიკის სამიზნეც გახდა. ამჟამად, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ეს ჯგუფი აქტიურ კამპანიას ახორციელებს საბჭოს წინააღმდეგ და მისი დაშლისკენ მოუწოდებს.

იმავდროულად, პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებების პროექტია ინიცირებული, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ასევე ითვალისწინებს სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების ახალი წესის შემოღებას. 

არსებული წესით, საბჭოს თითოეულ ვაკანტურ ადგილზე პრეზიდენტი არჩევს სამ კანდიდატს და შემდეგ პარლამენტი ერთ–ერთ მათგანს ამტკიცებს პოსტზე. სამეურვეო საბჭოს ყველა ამჟამინდელი მოქმედი წევრი წინა პარლამენტის მიერაა არჩეული.

შემოთავაზებული კანონპროექტი ამ წესის შეცვლას და საბჭოში არსებული ადგილების 15–დან 9–მდე შემცირებას ითვალისწინებს. კანონპროექტის თანახმად, სამი წევრი საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა აირჩიოს, სამი – საპარლამენტო უმცირესობამ და სხვა დეპუტატებმა, რომლებიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არ არიან; ორი წევრი სახალხო დამცველმა უნდა შეარჩიოს, ხოლო ერთი ადგილი ავტომატურად გამოეყოფა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯერ კიდევ ჩამოსაყალიბებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button