
ქართველი და რუსი დიპლომატების შეხვედრა პრაღაში
საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა პრაღაში 1 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან შეხვედრის შემდეგ, რომ მოსკოვი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხს განიხილავს.
ეს უკვე მეორე შეხვედრა იყო ორ დიპლომატს შორის მას შემდეგ, რაც საქართველოს ახალმა მთავრობამ რუსეთთან ურთიერთობების დალაგების გეგმების შესახებ განაცხადა.
აბაშიძის თქმით, მოლაპარაკებების დროს ორივე მხარემ აღნიშნა, რომ მათი პირველი შეხვედრის შემდეგ „სავაჭრო ურთიერთობების განხრით გადაიდგა პრაქტიკული ნაბიჯები ბოლო ხანს, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ქართული ექსპორტის განახლებას რუსულ ბაზარზე“.
„პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა სატრანსპორტო კავშირების აღდგენის მიზნით, კერძოდ რეგულარული საავიაციო რეისების, ასევე სატვირთო საავტომობილო მიმოსვლის განახლების თვალსაზრისით“, – განაცხადა აბაშიძემ.
„რუსეთის მხარე ამ ეტაპზე განიხილავს საკითხს არსებული სავიზო რეჟიმის შემსუბუქების თაობაზე“ საქართველოს მოქალაქეებისთვის, განაცხადა მან.
აბაშიძის თქმით, სავიზო რეჟიმის გამარტივება, სავარაუდოდ, გარკვეულ კატეგორიებს შეეხება; თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ ვადები, თუ როდის მოხდება ეს, მოლაპარაკებების დროს არ დაკონკრეტებულა.
საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად 2012 წლის თებერვლის ბოლოს გააუქმა.
აბაშიძემ ასევე განაცხადა, რომ მეცნიერება და ჯანდაცვა ორ დამატებით სფეროდ გამოიყო, რომლებზეც ასევე გაიმართება დისკუსიები ორმხრივი დიალოგის ფარგლებში.
„ხაზგასმით აღვნიშნეთ ჟენევაში მიმდინარე დისკუსიების მნიშვნელობა და მისი შემდგომი გაგრძელების აუცილებლობა საერთაშორისოდ შეთანხმებულ ფორმატში“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, მომდევნო შეხვედრა კარასინთან, დაახლოებით, ორი თვის შემდეგ გაიმართება.
This post is also available in: English Русский