skip to content
ახალი ამბები

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურზე მთავრობას და პრეზიდენტს შორის უთანხმოება განახლდა

მთავრობასა და პრეზიდენტს შორის სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურზე უთანხმოება, რომელიც თითქოსდა მოგვარდა მას შემდეგ, რაც იანვარში ქართულმა ოცნებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ მხარი დაუჭირეს შეთანხმებულ საკანონმდებლო ცვლილებებს პრეზიდენტის დაცვის სამსახურის ცალკე გამოყოფის თაობაზე, 26 თებერვალს ისევ განახლდა იმის შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ უარს ამბობს დაცვის სამსახურით სარგებლობაზე. 

იანვარში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, რომელიც მაღალი რანგის ოფიციალური პირების, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების უსაფრთხოების დაცვაზეა პასუხისმგებელი, პრეზიდენტისგან მთავრობას გადაეცა დაქვემდებარებაში. თუმცა ამის სანაცვლოდ, ქართული ოცნება დათანხმდა დაცვის ახალი დანაყოფის შექმნაზე, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიქმნებოდა და მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა.

ახალი კანონი, რომელიც 28 იანვარს ამოქმედდა, ასევე ითვალისწინებდა სპეციალური კომისიის შექმნას მთავრობისა და პრეზიდენტის წარმომადგენელთა, მათ შორის ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების მონაწილეობით, რათა მათ იმუშაონ დაცვის სპეციალურ სამსახურში უფლებამოსილებების გამიჯვნაზე. კანონის თანახმად, სპეციალური კომისიის გადაწყვეტილების მიხედვით, მთავრობამ პარლამენტს უნდა წარუდგინოს 2013 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი პრეზიდენტის დაცვის სამსახურის დაფინანსების ოდენობასთან დაკავშირებით. პრეზიდენტის დაცვის დანაყოფის შექმნამდე, სახელმწიფო დაცვის სამსახური ვალდებულია უზრუნველყოს პრეზიდენტის უსაფრთხოება, კანონის თანახმად.

პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით, პრეზიდენტის დაცვის სამსახურის დაფინანსებასთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული.

„უკვე კანონის მიღების შემდეგ მათ უარი განაცხადეს კანონის შესრულებაზე და დაიწყო ვაჭრობა იმის თაობაზე, თუ რა რესურსი უნდა მიეღო დაცვის სამსახურს“, – განაცხადა მანჯგალაძემ და აღნიშნა, რომ "დაცვის სამსახურის სანაცვლოდ“ მთავრობა პრეზიდენტის უფლებამოსილების შემზღუდველ საკონსტიტუციო ცვლილებებზე „ხმის მიცემას ითხოვდა“.

მისი თქმით, საკონსტიტუციო საკითხების მის უსაფრთხოებასთან დაკავშირება პრეზიდენტისთვის სრულიად მიუღებელია და ამის გამო მიხეილ სააკაშვილი "მთლიანად" უარს ამბობს დაცვის სამსახურით სარგებლობაზე.

„მინდა გაცნობოთ, რომ პრეზიდენტის დაცვის სპეციალური ღონისძიებები დღევნდელი დილიდან აღარ ხორციელდება“, – განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა 26 თებერვალს.

ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მისი დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსად დანიშნა; ჩუბინიძემ ამ თანამდებობაზე თემურ ჯანაშია შეცვალა, რომელიც ადრე პრეზიდენტ სააკაშვილის დაცვის უფროსი იყო, ხოლო ვიდრე 2010 წელს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ჩაუდგებოდა სათავეში პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც ხელმძღვანელობდა. პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადება ასევე რამდენიმე საათში გაკეთდა მას შემდეგ, რაც წერილობით მიმართვაში ბიძინა ივანიშვილმა მოუწოდა პრეზიდენტ სააკაშვილს 2-3 დღეში „მკაფიო“ პოზიცია დააფიქსიროს უჭერს თუ არა მხარს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას.

მთავრობის წარმომადგენელმა პრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომ პრეზიდენტს 7 მილიონი ლარით დაფინანსებული 350-კაციანი დაცვის სამსახური იცავს და გაუგებარია, თუ რის გამოყენებაზე აცხადებს უარს სააკაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რომელიც ჩართული იყო ნაციონალურ მოძრაობასთან საკონსტიტუციო თემასა და სხვა საკითხებზე უშედეგო მოლაპარაკებებში, კატეგორიულად უარყო პრეზიდენტის განცხადება იმის თაობაზე, რომ ქართული ოცნება მისი დაცვის საკითხებს საკონსტიტუციო ცვლილებებს უკავშირებს. მისი თქმით, პრეზიდენტის დაცვის თემა იმ მოლაპარაკებების ნაწილი იყო, რომელიც საქართველოს რიგი ელჩების შეცვლას უკავშირდებოდა საზღვარგარეთ.

მან ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურში შედის 350-400 ადამიანი 7 მილიონიანი დაფინანსებით მომდევნო შვიდი ან რვა თვის განმავლობაში, რა დროც დარჩენილია სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე. უსუფაშვილმა ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტის განცხადება იმის შესახებ, რომ არ აპირებს დაცვით ისარგებლოს, „სუპერ უპასუხისმგებლოა“.

დეპუტატმა ქართული ოცნებიდან ირინა იმერლიშვილმა, იმ კომისიის წევრმა, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გაყოფაზე მუშაობს, განაცხადა, რომ მთავრობა სთავაზობს პრეზიდენტის დაცვის სამსახურის 350 თანამშრომლით დაკომპლექტებას 7 მლნ ლარის დაფინანსებით 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში. იმერლიშვილმა ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა, რომ კომისიაში პრეზიდენტის წარმომადგენელთა თქმით, ეს თანხა არ არის საკმარისი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button