
პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს შეხვდება
პარლამენტის თავმჯდომარე და კოალიცია ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი პრეზიდენტ სააკაშვილს ორშაბათს საღამოს შეხვდება.
„ბოლო დღეებში მოვლენები საინტერესოდ განვითარდა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პრეზიდენტის ბოლო საჯარო გამოსვლებში შეინიშნება გარკვეული პოზიტიური მომენტები, მე ვიტყოდი, გარკვეული ინიციატივებიც კი მისი მხრიდან. ამიტომ ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით კონსტრუქციული ურთიერთობისთვის და დაუყოვნებლივ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, რომ ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ დიალოგი ყველა მნიშვნელოვან საკითხზე“, – განუცხადა უსუფაშვილმა ჟურნალისტებს 11 თებერვალს.
მისი ინფორმაციით, პრეზიდენტთან მის შეხვედრას ასევე დაესწრება საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი ნაციონალური მოძრაობიდან, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე.
„ამ შეხვედრაზე განვიხილავთ, ერთი მხრივ, ყველა საკითხს, რაც აინტერესებს პრეზიდენტს, მის გუნდს; ამასობაში ჩვენ ველით, რა თქმა უნდა, პროგრესს ცენტრალურ საკითხზე – იმ კონსტიტუციური ცვლილებების თაობაზე, რომელზე შეთანხმებამაც უნდა გახსნას გზა ყველა სხვა მიმართულებით“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
მას მხედველობაში ჰქონდა ქართული ოცნების მიერ შეთავაზებული ის ცვლილებები, რომელიც პრეზიდენტს, მთავრობის დათხოვნის შემთხვევაში, თუ მის მიერ შეთავაზებულ მინისტრთა კაბინეტს პარლამენტი სამჯერ არ დაამტკიცებს, უზღუდავს უფლებას დეპუტატების თანხმობის გარეშე, ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დანიშნოს მთავრობის ახალი შემადგენლობა.
„პრეზიდენტმა ამის თაობაზე განაცხადა, რომ ის პრინციპში მზად არის. ამიტომ ეს მზადყოფნა კონკრეტულად რაში და როგორ გამოიხატება, ამას დღეს გავარკვევთ“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
8 თებერვალს მოსახლეობისადმი მიმართვაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის არ ეწინააღმდეგება ახალი მთავრობის დანიშვნაზე მისი კომპეტენციის შეზღუდვას; თუმცა მან ასევე განაცხადა, რომ ის კატეგორიული წინააღმდეგია ქართული ოცნების მიერ შემოთავაზებული მეორე საკონსტიტუციო პროექტის მიღების, რომელიც პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში დაბრუნებას ეხება.
ამ საკითხის კომენტირების დროს, დავით უსუფაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ორი პროექტია, რომელთა „ერთმანეთზე ორგანულად გადაბმა“ არ უნდა მოხდეს. მან ასევე განაცხადა, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობის თემა არ არის "იმ დონის საჩქარო" საკითხი, როგორც ცვლილებები პრეზიდენტის უფლებამოსილებაზე.
„ერთ საკითხზე შეთანხმების ვერ მიღწევა არ ნიშნავს ავტომატურად მეორეზე შეთანხმების არ მიღწევას ან პირიქით“, – განაცხადა უსუფაშვილმა, „ასე რომ, ჩვენ ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობისგან, პრეზიდენტისგან, პირველ რიგში, მთავარ პოლიტიკურ საკითხზე გვინდა შეთანხმება – ესაა პრეზიდენტის უფლებამოსილების თემა. დანარჩენი თემები მიმდინარე პროცესში გადაწყდება“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)