
Human Rights Watch-ი მთავრობას მოუწოდებს ადამიანის უფლებები პრიორიტეტი იყოს
საქართველოს ახალმა მთავრობამ უნდა “გამოასწოროს ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული შემაშფოთებელი პრობლემები, რომლებიც მას მემკვიდრეობით ერგო“, თუმცა წარსულის დარღვევების გამოძიებისას მან თავიდან უნდა აიცილოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, უზრუნველყოს საკუთარი ქმედებების საზოგადოებრივი კონტროლი და პრიორიტეტი მიანიჭოს ყველაზე მძიმე დარღვევების გამოძიებას, განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა 31 იანვარს.
„ახალი მთავრობა ზეწოლის ქვეშ იმყოფება, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული სიტუაცია სწრაფად გააუმჯობესოს“, – განაცხადა ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორმა ჰიუ უილიამსონმა, „მაგრამ ამ პროცესში მან არ უნდა მიაყენოს ზიანი ადამიანის უფლებებს“.
უფლებადამცველი ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ ახალმა მთავრობამ ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს, რომ მას შეუძლია გამოასწოროს წარსულის დარღვევები ისე, რომ ამ პროცესში ადამიანის უფლებების დარღვევა არ მოხდეს.
მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ათობით ყოფილ ჩინოვნიკს წინა ხელისუფლებიდან, რომელთა წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა ხორციელდება, ჰქონდეს უფლება შესაბამის სამართლებრივ პროცედურებზე და რომ ყველა სასამართლო პროცესი „მკაცრად შეესაბამებოდეს სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო ნორმებს“. ორგანიზაციამ მომავალ სასამართლო პროცესებზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელებისკენ მოუწოდა. პარლამენტმა უკვე შეიტანა ცვლილებები კანონში, რომლითაც მედიას სასამართლო დარბაზებში შეზღუდვები მოეხსნა.
Human Rights Watch–მა განაცხადა, რომ ახალმა მთავრობამ სისხლის სამართლებრივი საქმეების განხილვის სპეციალური ორგანოს შექმნის საკითხი უნდა განიხილოს, რომელიც წარსულის სამართლებრივ დარღვევებზე იმუშავებს. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 29 იანვარს განაცხადა, რომ იგეგმება კანონპროექტის ინიცირება მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი დამოუკიდებელი კომისიის შექმნის თაობაზე, რომელიც სადავო განაჩენებს განიხილავს.
Human Rights Watch–მა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის რეფორმირებისკენ. შარშან იანვარში უფლებადამცველმა ორგანიზაციამ საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ქვეყანაში არსებული სისტემა, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს არეგულირებს, ვერ უზრუნველყოფს ბრალდებულთა უფლებას სათანადო სამართლებრივ პროცედურებზე და სამართლიან სასამართლოზე.
This post is also available in: English Русский