ახალი ამბები

“ქართული ოცნების” დეპუტატების თქმით, თებერვალში საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმების ჯგუფების შექმნა იგეგმება

საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმის გატარების მიზნით თებერვალში ორი დამოუკიდებელი ჯგუფის შექმნა იგეგმება, განაცხადეს დეპუტატებმა „ქართული ოცნებიდან“.

დეპუტატებმა ვახტანგ ხმალაძემ და ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადეს, რომ საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში განიხილება "მოსაზრება", რომ პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით იქნას არჩეული. 

„ეს ერთ-ერთი შესაძლო ვერსიაა, რაზეც ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული“, – განუცხადა Civil.ge-ს ვახტანგ ხმალაძემ 21 იანვარს.

მისი თქმით, თუკი დაგეგმილი საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში არჩევანი კლასიკური საპარლამენტო რესპუბლიკის სასარგებლოდ გაკეთდება, მაშინ ასეთ სისტემებში, სადაც პრეზიდენტი არბიტრის ფუნქციას ასრულებს, პრეზიდენტი უფრო ხშირად არაპირდაპირ აირჩევა, ვიდრე პირდაპირი წესით.

პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევაა გათვალისწინებული ამჟამინდელი კონსტიტუციით და ასევე იმ ახალი საკონსტიტუციო დებულებებით, რომელიც ძალაში 2013 წლის ოქტომბერში არჩეული ახალი პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან შევა და რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებების შემცირების ხარჯზე პრემიერ-მინისტრის ძალაუფლების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

თუკი დაგეგმილი საკონსტიტუციო რეფორმის კომისია არჩევანს პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევის წესზე გააკეთებს, მაშინ ეს რეფორმა 2013 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებამდე კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის გზით უნდა გატარდეს.

„სასურველია და ძალიან კარგი იქნება, თუ ამ რეფორმაზე მუშაობა დასრულდება აგვისტომდე, სანამ მოვა საპრეზიდენტო არჩევნები“, – განაცხადა ხმალაძემ.

მისი თქმით, დაგეგმილი საკონსტიტუციო რეფორმის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ხელისუფლება გადანაწილდეს თანაბრად და არსებობდეს ურთიერთკონტროლის მექანიზმები, რათა არც პრეზიდენტს ჰქონდეს ის „უზარმაზარი უფლებები“, რომელიც კონსტიტუციით დღეს მას გააჩნია და არც ისეთი „დიდი უფლებებით“ აღიჭურვოს პრემიერ-მინისტრი, რასაც მიღებული ახალი საკონსტიტუციო დებულებები ითვალისწინებს.

საკონსტიტუციო რეფორმის გატარების შემთხვევაში, 2013 წლის ბოლოდან წინა პარლამენტის მიერ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები აღარ ამოქმედდება, განაცხადა ხმალაძემ. 

გარდა ამისა, მისი ინფორმაციით, საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში დაგეგმილია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მეტი მექანიზმების შემოღებაზე მსჯელობა, ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის განსაზღვრა და კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის წესის გართულება, რათა მისი შეცვლა მარტივი აღარ იყოს.

ამასთან, შესაძლო კონსტიტუციური ცვლილებების ფარგლებში განიხილება საქართველოს პარლამენტის საარჩევნო სისტემის იმგვარად შეცვლა, რომ ბარიერგადალახულმა პარტიამ საკანონმდებლო ორგანოში იმდენი მანდატი მიიღოს, ამომრჩევლის რამდენი პროცენტიც დაუჭერს მას მხარს.

ამგვარ პროპორციულობას მოქმედი სისტემა, რომელიც პროპორციული და მაჟორიტარული წესით პარლამენტის არჩევას ითვალისწინებს, ვერ უზრუნველყოფს, განაცხადა ხმალაძემ და დასძინა: „პირადად მე რეგიონულ პროპორციულ საარჩევნო სისტემას ვუჭერ მხარს, თუმცა ეს სამომავლო განხილვის საგანია“.

საარჩევნო სისტემის თემა კონსტიტუციით განსასაზღვრი საკითხია, თუმცა ასევე უნდა აისახოს საარჩევნო კოდექსში.

საარჩევნო რეფორმის უზრუნველსაყოფად თებერვალში ცალკე შეიქმნება პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელსაც დიდი ალბათობით დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი უხელმძღვანელებს.

ქუცნაშვილმა 21 იანვარს Civil.ge-ს განუცხადა, რომ ინტეფრაქციული ჯგუფი დაიწყებს მუშაობას იმ საკითხებით, მაგალითად საარჩევნო სიებზე, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე, რაც კონსტიტუციით არ რეგულირდება, ხოლო იმ დროისათვის, როცა დაგეგმილი საკონსტიტუციო კომისია ახალ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმდება, შესაბამის დებულებებს ასახავს საარჩევნო კოდექსში მომზადებულ ცვლილებათა პროექტში.

Back to top button