ახალი ამბები

პრეზიდენტ სააკაშვილის სამი ინიციატივა



პრეზიდენტი სააკაშვილი 17 იანვარს მის რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე. ფოტო: პრეზიდენტის პრესსამსახური

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 17 იანვარს სამი საკანონმდებლო ინიციატივა წამოაყენა, რომლებიც ეკონომიკურ ამნისტიის გამოცხადებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გარანტიების შექმნას და სამხედროთა სოციალურ უზრუნველყოფას ეხება.

სააკაშვილმა ეს ინიციატივები თავის რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე გაახმოვანა და განაცხადა, რომ ის მათ რიგგარეშე განხილვას ითხოვს პარლამენტისგან.

ეკონომიკური ამნისტია, ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით მას აქვს სურვილი, რომ ახალმა მთავრობამ, ისევე როგორც მისმა მთავრობამ 2004 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გააკეთა, საგადასახადო ამნისტია გამოაცხადოს 2013 წლამდე არსებულ დავალიანებებზე და ამასთან ერთად, არ გამოიყენოს საპატიმრო სანქციები ეკონომიკური დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ.

„მე ვთავაზობ საქართველოს მთავრობას ახლაც, საგანგებო ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, გამოაცხადოს სრული ეკონომიკური ამნისტია ყველა საგადასახადო და ეკონომიკურ დავალიანებაზე“, – განაცხადა მან, „და ამის პარალელურად მოახდინოს ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია, რომ არ იყოს საპატიმრო სანქციები გამოყენებული არც ეკონომიკური დანაშაულის და არც მითუმეტეს წინასწარ პატიმრობა“. 

მიხეილ სააკაშვილმა ამ ინიციატივის მიზეზად ეკონომიკაში „არსებული საგანგაშო ტენდენციები“ დაასახელა.

„ეს ჩანს შეუიარაღებელი თვალითაც, ეს ჩანს ინვესტიციების შემცირების კუთხით, ეს ჩანს, მათ შორის იმითაც, რომ საქართველოს მთავრობა სხვადასხვა უცხოელ ინვესტორებს ეუბნება, რომ შემდეგი სამი წელი საქართველოში არ იქნება ეკონომიკური ზრდა მას შემდეგ, რაც გასულ წელს იყო პროექტირებული 8%-იანი ზრდა, რაც საბოლოო ჯამში არჩევნების შემდეგ დავიდა, დაახლოებით, 6.5%-ზე და როგორც ჩანს, წლევანდელი წელი დაიწყო დაიწყო საკმაოდ ცუდი მონაცემებით“, – განაცხადა სააკაშვილმა.

2012 წელს ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი ბიუჯეტში თავდაპირველად 5%-ზე დაიგეგმა იმ ფონზე, როცა 2011 წელს  მშპ–ს ზრდის მთლიანი წლის მაჩვენებელი 6.8%–ი იყო. მოგვიანებით, მაისში საბიუჯეტო ცვლილებების შედეგად ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 6%-მდე გაიზარდა, ხოლო დეკემბერში ბოლო ცვლილებების შედეგად, რომელიც უკვე ახალმა მთავრობამ განახორციელა, 7%-იან ნიშნულს მიაღწია. 2013 წლის ბიუჯეტით ასევე 7%-იანი ეკონომიკური ზრდაა გათვალისწინებული.

რამდენიმე დღის წინ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანაში „საბიუჯეტო კრიზისია“. მას კონკრეტული რიცხვები არ დაუსახელებია. მთავრობამ უარყო ეს განცხადებები და მათ „უპასუხისმგებლო და ანტისახელმწიფოებრივი“ უწოდა. ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ვანო მერაბიშვილი ამ თემაზე სატელევიზიო დებატებში გამოიწვია.

„ამ სიტუაციაში ჩვენ გვჭირდება განსაკუთრებული ზომების მიღება, რათა ინვესტორები დაბრუნდნენ, რათა ბიზნეს აქტიურობა საქართველოში  გაძლიერდეს“, – განაცხადა სააკაშვილმა ეკონომიკურ ამნისტიაზე მისი ინიციატივის დასაბუთებისას.

‘პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა’

მეორე ინიციატივა, პრეზიდენტის თქმით, არის კანონპროეტი  პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისთვის მეტი გარანტიების შექმნის შესახებ, რომლითაც აიკრძალება პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული მასალების შეგროვება და გავრცელება, რაც „დაისჯება სისხლის სამართლებრივად“, ხოლო თუ ასეთი მასალები ჩაუვარდებათ ხელში სამართალდამცავ ორგანოებს, ეს უნდა განადგურებულ იქნას.

პრეზიდენტმა ეს ინიციატივა უმთავრესად დაუკავშირა პროკურატურის მიერ გავრცელებულ ფარულად ჩაწერილ ვიდეო-მასალებს, რომელიც წარმოადგენს მტკიცებულებას სისხლის სამართლის საქმეში. მთავარმა პროკურატურამ 14 იანვარს ამ საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო პოლიციის ყოფილმა ხელმძღვანელობამ ათობით ფარული ვიდეო ჩანაწერი განახორციელა, სადაც ასახულია „საზოგადოებისათვის ცნობადი მამაკაცების“ სექსუალურ კავშირი სექსუალურ უმცირესობას მიკუთვნებულ მამაკაცებთან, რაც შემდგომში მათი დაშანტაჟებისთვის გამოიყენებოდა. მართალია პროკურატურის მიერ ტელევიზიების მეშვეობით გავრცელებულ ფარულ ვიდეო-მასალებში გამოყენებული იყო დაფარვის საშუალებები, თუმცა უფლებადამცველებმა პროტესტი გამოთქვეს იმის გამო, რომ შესაძლოა მაინც მომხდარიყო შანტაჟის მსხვერპლთა იდენტიფიცირება.

პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვაზე პროკურატურის მრალდებებთან დაკავშირებით, რომ ეს ჩანაწერები მისი მთავრობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ადამიანების დასაშანტაჟებლად კეთდებოდა, სააკაშვილმა უპასუხა: "ერთი შემთხვევა გახსოვთ ჩემი მთავრობის დროს, სადმე ხომ უნდა მოხვედრილიყო. ერთი შემთხვევა გახსოვთ?"

"ყველანაირი შეგროვება დანაშაულია, რა თქმა უნდა, მაგრამ გავრცელებაც დანაშაულია, ამიტომ ვიღებთ ამ კანონს, რომ მომავალში ეს საერთოდ გამოირიცხოს“, – განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს. 

„როცა სპეცსამსახურები ასეთ პროდუქციას ქმნიან, მერე ის ყოველთვის სადღაც ხვდება – ეს იცოდეთ კარგად. მე ვიყავი ის ვინც კონკრეტულად, ძალიან მკაცრად აკონტროლებდა რომ სახელმწიფო ორგანოებს ასეთი რამე არ გაეკეთებინათ“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ მისი მთავრობის მმართველობის რვა წლის განმავლობაში მსგავსი მასალები, მითუმეტეს ოფიციალური არხების მეშვეობით, არ გავრცელებულა მაშინ, როცა "ბევრი ცუდი რეჟიმი იპოვებს ასეთ მასალებს და ზოგჯერ დებს ამას ინტერნეტში".

"იყო ჩემი მთავრობა – არ გავრცელებულა“, – განაცხადა სააკაშვილმა, „თუ ვინმე აგროვებს ე.ი. უნდა გაავრცელოს, სხვანაირად აზრი არ აქვს შეგროვებას, წესით ეგრეა; სხვანაირად ერთხელ მაინც გავრცელდება რომ დანარჩენებს ეშინოდეთ, ხო ასეა? ლოგიკურად მიყევით. ერთხელ მაინც თუ არ გავრცელდა, ე.ი არ ვრცელდებოდა და ეს არ იყო პოლიტიკა, თორემ თავი მოძვრებოდა ყველას, ვინც ამაში ჩაერეოდა, ეს იყო ჩემი შეგნებული გადაწყვეტილება. ცუდია რომ კანონი არ გვქონდა, ეხლა კანონიც გვექნება, თუმცა რაღაც კანონებით ეს რაღაც დონეზე რეგულირდებოდა, ეხლა მინდა რომ ეს გავამკაცროთ“.

„საერთოდ ის ხომ იყო რომ ‘ყველას უსმენენ, ყველას აკონტროლებენ’ – ერთი ფაქტი მითხარით, რომ გავრცელდა?“, განაცხადა მან  და საქართველოს პროკურატურა დაადანაშაულა კადრების გავრცელების გამო.

„საქართველოს პროკურატურამ მოხსნა ყველა რეკორდი არაცივილიზებულობის და პირდაპირ რომ ვთქვათ, ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედება, სრულიად ამორალური და დასაგმობი საქციელი“, – განაცხადა მან. 

„ეს არის ზუსტად ის, რასაც რუსი ოლიგარქები და რუს ოლიგარქებად გაზრდილი ადამიანები სწავლობდნენ 90-იან წლებში რუსეთში. რაც ისწავლეს, იმას აკეთებენ დღეს საქართველოში – პირდაპირ მინდა ვთქვა“, – განაცხადა მან და სავარაუდოდ, პირადად პრემიერ-მინისტრზე ბიძინა ივანიშვილზე მიანიშნა.

„90-იანი წლების ელცინის რუსეთი, სადაც ამ ოლიგარქებმა იშოვეს მილიარდები, მათ შორის ამათი ცხოვრების ნაწილი იყო პირადი ცხოვრება, კომპრომატები, სხვადსხვა სცენების ვიდეო-გადაღება და მერე ამათი გავრცელება. მაგრამ პროკურატურის მეშვეობით? ეს ელცინის დროსაც არავის არ მოუფიქრებია ამის გაკეთება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით 15 იანვარს განაცხადა, რომ მისმა უწყებამ მიიჩნია, რომ ვიდეო-მასალის გამოქვეყნება საჭირო იყო, ვინაიდან ამ მასალებში არ ხდებოდა პირთა იდენტიფიცირება, თუმცა „გამომჟღავებულია დანაშაული, რომელსაც ჩადიოდნენ ოპერატიული სამსახურების და მაღალი თანამდებობის პირები“.

„ხაზი გავუსვით იმას, რომ ეს დანაშაული იყო სისტემური ხასიათის“, – განაცხადა კბილაშვილმა და მაგალითად მოიყვანა შსს-ის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამდებობის პირების დაკავების საქმე ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით. 

მთავარმა პროკურორმა ასევე განაცხადა, რომ აქამდე გასაჯაროებული ცნობების გარდა  „ჩვენ ხელთ არის ინფორმაცია, რომელიც წინა რეჟიმის პირობებში იქნა დაგროვილი და რომელიც ასახავს ბევრი მეტ-ნაკლებად ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრების დეტალებს“.

სამხედროების სოციალური გარანტიები

მესამე ინიციატივა სამხედრო პირების სოციალური უზრუნველყოფას უკავშირდება, რაც სააკაშვილის თქმით, ითვალისწინებს სამხედრო პენსიების გაორმაგებას ისე, რომ შეადგინოს სულ მცირე მინიმალური სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობა; ასევე პენსიაზე გასული სამხედროს უფლებას აძლევს, სურვილის შემთხვევაში, განაგრძოს მუშაობა და პენსია შეინარჩუნოს.

„მე გთავაზობთ, რომ ყველა სამხედრო მოსამსახურე, რომელიც დაიღუპება, მათი ოჯახის წევრებს  – მიუხედევად იმისა მარჩენალი იყო ის თუ არ იყო მარჩენალი  –  მიეცეს პენსია სამხედრო პენსიის ოდენობით“, – განაცხადა სააკაშვილმა. 

მართალია მას არ დაუკონკრეტებია, თუ რა თანხები დასჭირდება ამ ინიციატივის განხორციელებას, მაგრამ განაცხადა, რომ "ამის საშუალება სახელმწიფოს დღეს უკვე აქვს, რამდენიმე წლის წინ არ ჰქონდა".  

პირველად პრეზიდენტმა სააკაშვილმა ეს ინიციატივა ახალ წელს ავღანეთში სტუმრობისას დეტალების დაკონკრეტების გარეშე გააჟღერა.

მის ამ განცხადებას წინ უძღოდა თავდაცვის სამინისტროს განცხადება 26 დეკემბერს, რომლის თანახმადაც ავღანეთში მომსახურე ჯარისკაცებს 2013 წლის იანვრიდან ხელფასები მოემატათ.  მიმდინარე თვეში თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ასევე განაცხადა, რომ ვეტერანებზე და ომში დაღუპულთა ოჯახებზე ზრუნვა წელს მთავრობის გამოკვეთილი პრიორიტეტი იქნება.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button