ახალი ამბები

ამნისტიის კანონის ძალაში შესვლის შედეგად პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ

190 პატიმარი, რომლებიც პარლამენტმა პოლიტპატიმრებად ცნო, კვირას ციხიდან გათავისუფლდნენ მას შემდეგ, რაც წინა დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ამნისტიის აქტს ხელი მოაწერა.

ამნისტია ასევე შეეხება ათასობით სხვა პატიმარს – დაახლოებით 3 000 მათგანი ციხიდან გათავისუფლდება, ხოლო სხვათა სასჯელები ან განახევრდება, ერთი მესამედით ან ერთი მეოთხედით შემცირდება.

დეკემბერში პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლითაც საკანონმდებლო ორგანომ 190 პატიმარი პოლიტმატიმრად, ხოლო კიდევ 25 ადამიანი პოლიტიკური ნიშნით დევნილად ცნო.

„დღევანდელი დღე არის ისტორიული. პოლიტიკური ნიშნით ადანიანების დევნა, შეიძლება ითქვას, რომ დამთავრდა“, – განუცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა კვირას ჟურნალისტებს გლდანის მე-8 საპყრობილესთან.

მისი თქმით, საქართველოში ათობით და ასობით პოლიტიკური პატიმარი იყო, თუმცა ეს დამთავრდა.

2012 წლის დეკემბერში სახალხო დამცველის პოსტზე  დამტკიცებამდე ნანუაშვილი ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორი იყო და ამ რანგში იგი პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის იმ სამუშაო ჯგუფის წევრიც იყო, რომელიც პოლიტპატიმართა და პოლიტიკური ნიშნით დევნილთა სიის შედგენის პროცესს ხელმძღვანელობდა.

სიაში დაახლოებით 50 ადამიანი შევიდა, რომლებიც 2011 წლის გაზაფხულის ქუჩის აქციების დროს დააკავეს, ძირითადად იარაღის და ნარკოტიკების უკანონო შენახვის და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით.

სიაში ასევე შევიდა ის ოცი ადამიანი, როგორც ყოფილი სამხედროები, ისე სამოქალაქო პირები, რომლებიც 2009 წლის მაისში ე.წ. მუხროვანის ამბოხების საქმესთან დაკავშირებით გაასამართლეს.

სიაში ასევე შევიდნენ ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული პირები. მათ შორისაა ყოფილი დიპლომატი და სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია, რომელსაც 2010 წლის იანვარში 20–წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

სიაში ასევე შევიდა ჯაშუშობის ბრალდებით ე.წ. ენვერის საქმეზე გასამართლებული 11 პატიმარი.

ჯაშუშობასთან დაკავშირებული საქმეები სასამართლომ დახურულ მოსმენებზე განიხილა.

რამდენიმე პირმა, რომლებიც ჯაშუშობის ბრალდებით იყვნენ გასამართლებული, მათ შორის ვახტანგ მაისაიამ, განაცხადეს ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, რომ ისინი თავიანთ საქმეებზე გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნას მოითხოვენ; მათი თქმით, მათ სურთ დაანახონ საზოგადოებას, რომ მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები შეთითხნილი იყო.

პარლამენტის მიერ დეკემბერში მიღებულ ამნისტიის აქტს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ვეტო დაადო. ამის ერთ–ერთი მიზეზი იმ პატიმრების გათავისუფლება იყო, რომლებიც პარლამენტმა პოლიტპატიმრებად აღიარა.

თუმცა, პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო და 12 იანვარს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ამნისტიის აქტს ხელი მოაწერა.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 12 იანვარს, რომ ამნისტიის კანონის ამოქმედებით ივანიშვილის მთავრობა „იღებს პასუხისმგებლობას იმ ძალიან მძიმე შედეგებზე, რომელიც მოყვება ძალიან ბევრი კრიმინალის“ და „რუსეთის ჯაშუშების“ გამოშვებას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button