ახალი ამბები

სააკაშვილი დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებს აკრიტიკებს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 12 იანვარს განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებები ქვეყნისთვის „მძიმე შედეგების მომტანი“ იქნება და „ნამდვილად არ შედის ჩვენს ეროვნულ ინტერესებში“.

მას, სავარაუდოდ, მხედველობაში ჰქონდა ახალი ხელისუფლების ინიცირებული ის პროექტი, რომელიც პრეზიდენტს ყველა საკონსტიტუციო უფლებას უნარჩუნებს, გარდა ერთისა, რომელიც მას მთავრობის გამოცვლის შესაძლებლობს აძლევს იმ შემთხვევაშიც კი, თუ პარლამენტი უარს იტყვის მის მიერ შეთავაზებული ახალი მთავრობის დამტკიცებაზე.

ცვლილებების თანახმად, თუ პრეზიდენტი მთავრობის დათხოვნას გადაწყვეტს და პარლამენტი უარს იტყვის პრეზიდენტის მიერ წარდგენილი მთავრობის დამტკიცებაზე, მას შესაძლებლობა ექნება პარლამენტიც დაითხოვოს, თუმცა პრეზიდენტი ვერ შეძლებს თავისი მთავრობის დანიშვნას ახალი პარლამენტის არჩევამდე, ხოლო არჩევნებამდე ქვეყანას კვლავ ძველი მთავრობა გაუძღვება. ინიციატივა ასევე ითვალისწინებს იმ ექვსთვიანი შეზღუდვის მოხსნას, რომლის დროსაც პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის უფლება არ აქვს საკანონმდებლო ორგანოს არჩევიდან ექვსი თვის და ასევე საპრეზიდენტო არჩევნებამდე ექვსი თვის განმავლობაში. „ქართული ოცნების“ თქმით, ეს ცვლილებები შესაძლო პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.

ამ საკონსტიტუციო ცვლილებებთან ერთად ამჟამად საერთო-სახალხო განხილვის პროცედურას გადის მეორე პროექტიც, რომელიც პარლამენტის ქუთაისიდან კვლავ თბილისში დაბრუნებას ისახავს მიზნად ისე, რომ კონსტიტუციით საკანონმდებლო ორგანოს ადგილმდებარეობა აღარ იქნება განსაზღვრული.

„გუშინ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თუ უმცირესობის წევრები არ მიცემენ ხმას საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც ჩემი აზრით, არის ძალიან მძიმე შედეგების მომტანი ქართული სახელმწიფოებრიობისათვის და ნამდვილად არ შედის ჩვენს ეროვნულ ინტერესებში, ისინი გაინადგურებენ თავის მომავალს“, – განაცხადა სააკაშვილმა შაბათს ორი ახალი გუბერნატორის წარდგენისას.

მას მხედველობაში ჰქონდა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელიც მან სტუდია „ობიექტივთან“ პარასკევს გამოქვეყნებულ ინტერვიუში გააკეთა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ დაგეგმილი კონსტიტუციური ცვლილებები "ყველაზე სასარგებლო" თავად სააკაშვილისთვის იქნება, რადგან მთავრობის დათხოვნის უფლების გამოყენება, „საშინელება" იქნება "პირველ რიგში მისთვის [მიხეილ სააკაშვილისთვის]. ამის გამოყენება მას გაანადგურებს… მის პერსპექტივას“.

ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ არ ჰგონია, რომ ამ ცვლილებების გასატანად საჭირო ხმების მოგროვების პრობლემა შეიქმნას პარლამენტში. „ქართულ ოცნებას“ სულ ცოტა 91 მხარდამჭერი ჰყავს ამ ეტაპამდე საკანონმდებლო ორგანოში, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას კი 100 დეპუტატის ხმა მაინც ესაჭიროება. 

„ვერცერთი დეპუტატი უმცირესობიდანაც ვერ გაბედავს, რომ ამის [საკონსტიტუციო ცვლილებების] წინააღმდეგი წავიდეს“, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ „ერთი, ორი, სამი“ შეიძლება გამოდგეს „თავგანწირული“, ვინც ამ ცვლილებებს გააკრიტიკებს. 

„ამის წინააღმდეგ წასვლა საერთოდ მომავალს გაუნადგურებს თითოეულ დეპუტატს, ჩემი აზრით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა

„მე არ ვიცი არცერთი ოდნავ მაინც ცივილიზებული ქვეყანა, რომელშიც მთავრობის ხელმძღვანელი დაემუქრება დეპუტატებს ამ ტექსტით“, – განაცხადა სააკაშვილმა 12 იანვარს.

„და არა მხოლოდ ემუქრება, არამედ მოქმედებენ“, – განაცხადა მან და ორი დეპუტატი ახსენა ამ კონტექტში.

მისი თქმით, ქედის მაჟორიტარმა დეპუტატმა იაშა შერვაშიძემ, რომელმაც ნაციონალური მოძრაობის რიგები დატოვა, ეს ნაბიჯი „იძულებით“ გადადგა. პრეზიდენტის განცხადებით, დეპუტატს „შვილი დაუჭირეს“ და ამიტომ „გავიდა ფრაქციიდან თავის შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ“. დეპუტატ შერვაშიძეს ამ საკითხზე თავად არაფერი უთქვამს.

სააკაშვილის განცხადებით, „მძიმე სტრესის და მძიმე ზეწოლის ქვეშ იმყოფება“ ასევე ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი, მისი პრესსამსახურის ყოფილი უფროსი მარიკა ვერულაშვილი, რომელსაც ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის დატოვებას თხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, „ემუქრებიან მეუღლის დაჭერით“.

„აი მე მინდა მივმართო პრემიერ-მინისტრს: რამდენი ხანი აპირებენ ამ მეთოდებით, ამ სიბინძურით, ამ წარმოუდგენელი, დაუშვებელი უკანონობით პოლიტიკური მიზნების გადაწყვეტას?“ – განაცხადა სააკაშვილმა. 

ბიძინა ივანიშვილმა "ობიექტივისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: „ჩვენ არ ვმუშაობთ მათთან [დეპუტატებთან ნაციონალური მოძრაობიდან]. არავითარი მუშაობა არ გვაქვს დაგეგმილი და არც ვაპირებთ“ საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად მათი მხარდაჭერის მოსაპოვებლად. 

მან ასევე გაიხსენა ამ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის მიზნით სპეციალური კომისიის შექმნაზე ჩატარებული კენჭისყრა. 29 დეკემბერს ამ ცვლილებების განხილვის დაწყებას 108 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რომელთა შორის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებიც იყვნენ.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button