ახალი ამბები

ივანიშვილი რუსეთთან ურთიერთობების შესახებ

  • პრემიერი იმედოვნებს, რომ ‘წყნარი, მოთმინებითი, თანმიმდევრული რიტორიკა’ შედეგიანი იქნება;
  • ‘მე ძალიან ვცდილობ, რომ კატეგორიული არ ვიყო რუსეთთან’;
  • ‘მზაობა და სურვილი დიდი გამაჩნია პუტინთან შეხვედრის’;
  • საქართველო მონაწილეობას მიიღებს 2014 წლის სოჭის ოლიმპიადაში;
  • ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონზე კომენტარი.

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ოპტიმისტურად არის განწყობილი რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიმართ და აღნიშნა, რომ მისი მთავრობის „წყნარი, მოთმინებითი, თანმიმდევრული რიტორიკა“ უკეთეს შედეგებს გამოიღებს, ვიდრე მკვეთრ გამონათქვამებს მოჰქონდა.

24 დეკემბერს პრესკონფერენციაზე საუბრისას, ივანიშვილმა განაცხადა, რომ მოსკოვიდან უკვე წამოვიდა რამოდენიმე  პოზიტიური სიგნალი, ძირითადად სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებული. მან მიუთითა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე, რომელმაც 20 დეკემბერს აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა, მათ შორის რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის იმპორტის საკითხი, დეპოლიტიზირებული უნდა იქნას; მომდევნო დღეს  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ანდრეი დენისოვმა განაცხადა, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაშვების საკითხი მოგვარებულია, თუმცა რჩება გარკვეული ტექნიკური პროცედურები.

პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვაზე, აპირებს თუ არა, რომ „მოსთხოვოს“ რუსეთს თავის ბაზარზე დაუშვას ქართული პროდუქცია მისი ვმო-ში გაწევრიანებისას აღებული ვალდებულებების ფარგლებში, ივანიშვილმა უპასუხა, რომ ის ცდილობს თავის ლექსიკაში არ გამოიყენოს მოთხოვნები..

„მე ძალიან ვცდილობ, რომ კატეგორიული არ ვიყო რუსეთთან დაკავშირებით, თუმცა საფუძველი შეიძლება ბევრი არსებობდეს. ძალიან ვცდილობ, რომ ჩვენ გვქონდეს წყნარი, მოთმინებითი, თანმიმდევრული რიტორიკა. აი ნახეთ, პაუზა ავიღეთ, ნახეთ განცხადებები მათი მხრიდან, არ დაგვჭირდა მოთხოვნა, თვითონვე განაცხადა, რომ ‘ჩვენ გვაქვს ეს ვალდებულებები და შავასრულებთ’, რასაც მივესალმებით“.

მისი თქმით, იმ მკვეთრმა განცხადებებმა და მოთხოვნებმა, რასაც ადრე ჰქონდა ადგილი, ცუდი შედეგები მოიტანა.

„იქნებ უფრო მშვიდი, უფრო კონსტრუქციული, მაგრამ პრინციპული პოზიციით უფრო კარგი შედეგები მივიღოთ… ცოტა მეტი მოთმინებით, ნაკლები ემოციურობით, ვფიქრობ, რომ უფრო კარგი შედეგების მიღება შეიძლება და აბა ვნახოთ, ეს სტრატეგია როგორ იმუშავებს“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, რუსეთთან ურთერთობების გაუმჯობესების პროცესი რთული იქნება, მაგრამ  „მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“.

„დროში ეს აუცილებლად პოზიტიურად განვითარდება, მაგრამ არ გაგვიჩნდეს ისეთი განცდა, რომ ეს შეიძლება მოხდეს მყისიერად და ძალიან სწრაფად, თუმცა არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ. მთავარია, რომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე, ვიყოთ თანმიმდევრულნი, პრინციპულნი, კონსტრუქციულები, რასაც ჩვენს ვაპირებთ. და მე დიდ იმედს ვიტოვებ, რომ დროში, ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ გავაუმჯობესებთ და დავალაგებთ ჩვენს დიდ მეზობელთან ურთიერთობებს“, –  განაცხადა ივანიშვილმა.

მან გაიმეორა თავისი პოზიცია, რომ საქართველომ მონაწილეობა უნდა მიიღოს 2014 წელს სოჭის ზამთრის ოლიმპიადაში და ხაზი გაუსვა, რომ ეს პოზიციაც რუსეთთან ურთიერთობების დალაგებასთან თანხვედრაში მოდის.

„გუნდთანაც მქონდა საუბარი და რა თქმა უნდა, მონაწილეობას მივიღებთ სოჭის ოლიმპიადაზე“, – განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მას აქვს სურვილი შეხვდეს რუსეთის პირველ პირს, თუმცა კონკრეტული გეგმა ამ კუთხით ჯერ არ არსებობს. 

„რა თქმა უნდა, მეც მზაობა და სურვილი დიდი გამაჩნია პუტინთან შეხვედრის, მაგრამ ამას უნდა დარეგულირება, ამას უნდა მომზადება“, – განაცხადა მან, „მე ვფიქრობ, რომ მოხდება ეს შეხვედრა, თუმცა არ მოხდება ძალიან სწრაფად. თუმცა არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ“.   

„სიტუაცია საკმაოდ რთულია და კიდევ ვიმეორებ, ჩიხში შესვლა, რაშიც ძალიან დიდი როლი მათ რიცხვში მიუძღვის ჩვენს პრეზიდენტს, ძალიან მარტივად და სწრაფად განვითარდა… გამოსვლა ამ ჩიხიდან, არ იქნება მარტივი პროცესი“, – აღნიშნა მან.

მისი თქმით, „სურვილიც რომ გაუჩნდეს“ რუსეთის ხელმძღვანელობას უკან წაიღოს სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება, ამის გაკეთება მარტივი არ იქნება, რადგან  ამ გადაწყვეტილებას „გამართლება, დასაბუთება“ დასჭირდება. თუმცა მან იქვე აღნიშნა: „მე არ მაქვს მხედველობაში… რომ რაღაც ამის მსგავსი სურვილი აქვთ [რუსეთის ხელისუფლებას]“.

კითხვაზე, რომელიც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგრობრობას (დსთ) უკავშირდებოდა, ორგანიზაციას, რომელიც საქართველომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დატოვა, ივანიშვილმა უპასუხა, რომ საქართველოს კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს დსთ-ს წევრ ყველა ქვეყანასთან.

„ჩვენ ჩვენი სტრატეგიის შესახებ განვაცხადეთ  – ევროპა, ევროატლანტიკური სივრცე, არაფრის ხარჯზე ჩვენ არ ვაპირებთ სტრატეგიის შეცვლას, მაგრამ ამავდროულად თანხვედრაში, რაც ხელის შეშლა არ იქნება და თანხვედრაში მოვა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაღრმავოთ და გავაუმჯობესოთ ჩვენი ურთიერთობები ყველა იმ ქვეყანასთან, რომელიც შედის დსთ-ში“, – განაცხადა მან და დასძინა: „თუ ფორმები დაგვჭირდება ისეთი, რაც ხელს არ შეუშლის ჩვენს სტრატეგიას, ნებისმიერ ფორმას გამოვიყენებთ“.

პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს ასევე დაუსვეს შეკითხვა გეგმავს თუ არა მისი მთავრობა გადახედოს საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, განსაკუთრებით კი იმ ნაწილს, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლის სამართლებრივ წესებს არეგულირებს. ივანიშვილმა უპასუხა, რომ ამ საკითხზე ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული.

2012 წლის მარტის დასაწყისში, როდესაც საქართველომ სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა რუსეთის მოქალაქეებისთვის, რუსეთმა განაცხადა, რომ იგივეს მხოლოდ მაშინ გააკეთებდა, თუ საქართველო გადახედავდა ოკუპირებული ტერიტორიობის შესახებ კანონს. მაშინ რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა რომ კანონის თანახმად, რუსი მოქალაქეების „მნიშვნელოვან ნაწილს“ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებოდათ საქართველოში ჩასვლისთანავე. ეს კანონის იმ დებულებას ეხება, რომლის მიხედვითაც, სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩასვლა თბილისის მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან უკანონოა. კანონი ასევე მოიცავს მთელ რიგ გამონაკლისებს. კანონის დარღვევა ისჯება ჯარიმით ან პატიმრობით 2–დან 4 წლამდე.

კანონის ამ ნაწილის შესახებ საუბრისას ივანიშვილმა განაცხადა, რომ ეს საკითხი მან რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში მის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან განიხილა, ისევე როგორც ამ საკითხზე იმსჯელეს აბაშიძემ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა 14 დეკემბერს შვეიცარიაში გამართულ შეხვედრაზე.

„არ გვაქვს პასუხი და ჩვენ ვცდილობთ როგორმე ეს დავარეგულიროთ და მოვხსნათ ეს უხერხულობა, გავამარტივოთ პროცესი. ჯერ არ გვაქვს გადაწყვეტილება მიღებული“, – განაცხადა ივანიშვილმა ოკუპაციის შესახებ კანონზე.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button