ახალი ამბები

ივანიშვილი: ‘ბაქო–ყარსის რკინიგზის მშენებლობას საფრთხე არ ემუქრება’

ბაქო–ახალქალაქი–ყარსის რკინიგზის მშენებლობას, რომელიც აზერბაიჯანს თურქეთს საქართველოს გავლით დაუკავშირებს, საფრთხე არ ემუქრება, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ორშაბათს.

თუმცა, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართელოსთვის პროექტის ეკონომიკურ ღირებულებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობს მისი ამუშავების პირველ ეტაპზე.

„მშენებლობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. არავინ არ აპირებს მის შეჩერებას“, – განაცხადა ივანიშვილმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, არსებობს საფრთხე, რომ მას შემდეგ, რაც ახალი რკინიგზა არსებული გეგმის მიხედვით  2013 წლის ბოლოსთვის ექსპლოატაციაში შევა, ტვირთბრუნვა შესაძლოა შეუმცირდეს მოქმედ რკინიგზას, რასაც შედეგად მოყვება საქართველოს შავი ზღვის პორტებში ტვირთბრუნვის შემცირება.

თუმცა, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი „დარეგულირებადია“.

„არც ერთ შემთხვევაში, ჩემს არცერთ გამოსვლაში არ დამიყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ, რომ  შეჩერდეს მშენებლობა ან ამის მსგავსი რამ“, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ „მე არ ვთვლი, რომ რთული იქნება“ საკითხების დარიგულირება აზერბაიჯანულ მხარესთან ისე, რომ ზიანი არ მიადგეს საქართველოს ეკონომიკას ერთის მხრივ და ახალი რკინიგზის მუშაობას, მეორეს მხრივ.  მისი თქმით, ეს საკითხი მოგვარებადია.   

მან ასევე განაცხადა იმავე პრესკონფერენციაზე, რომ დეკემბერში მისი ბაქოში დაგეგმილი ვიზიტის დროს განხილვის მთავარი თემა იმპორტირებული გაზის ფასი იქნება. ივანიშვილის თქმით, გაზის ამჟამინდელი ფასი „კარგია“, მაგრამ არსებობს ამ საკითხზე შემდგომი მოლაპარაკებების საშუალება.

პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანაში რამდენიმე ძირითადი ეკონომიკური პროექტია, რომლებიც ასევე აღძრავს კითხვებს და რომელთაც ქვეყნის ინტერესებთან შესაბამისობაში მოყვანა სჭირდება. იმ პროექტებს შორის, რომლის „რევიზირებაც“ შეიძლება მოხდეს, მან დაასახელა გარდაბანში 160 მეგავატი სიმძლავრის თბოელექტროსადგურის და ასევე „გიგანტური“ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა.

ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ასევე არსებობს კითხვები ბუნებრივი რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით, რომლის გადახედვაც არის საჭირო. თუმცა მან ასევე განაცხადა, რომ ეს ადვილი არ იქნება, ვინაიდან არსებობს კონტრაქტები და ეს პროცესი ისე უნდა განხორციელდეს, რომ ბიზნესი არ დაფრთხეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button