ახალი ამბები

პარლამენტის ადგილსამყოფელზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროცედურები დაიწყო

პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში დაბრუნების თაობაზე „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტზე შესაბამისი პროცედურები დაიწყო.

17 დეკემბერს პარლამენტმა კენჭი უყარა შესაბამისი ჯგუფის ჩამოყალიბებას, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების შემოთავაზებულ პროექტზე ერთთვიან განხილვას გაუძღვება – ამგვარი პროცედურის გავლა ნებისმიერ საკონსტიტუციო ცვლილებას სჭირდება, რის შემდეგაც პროექტს კენჭი ეყრება.

ჯგუფს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ მანანა კობახიძე ხელმძღვანელობს, ხოლო მის შემადგენლობაში კოალიცია „ქართული ოცნების“ და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები, ასევე მთავრობის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შედიან.

შემოთავაზებული ცვლილების თანახმად, კონსტიტუციიდან ამოღებულ უნდა იქნას პუნქტი, რომელიც პარლამენტის ქუთაისში განთავსებას სავალდებულოს ხდის. დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ვახტანგ ხმალაძე, რომელიც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა, აცხადებს, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხს პარლამენტის რეგლამენტი უნდა განსაზღვრავდეს და არა კონსტიტუცია.

მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში უმრავლესობით არის წარმოდგენილი აქვს, მას საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ყავს.  „ქართული ოცნება“ სავარაუდოდ მოიპოვებს იმ ექვსი დეპუტატის მხარდაჭერას, რომელთაც ნაციონალური მოძრაობა დატოვეს და ცალკე ფრაქცია ჩამოაყალიბეს, მაგრამ მას მაინც აკლდება 11 ხმა იმ 100 ხმის მოსაპოვებლად, რაც საკონსტიტუციო ცვლილების მიღებას სჭირდება. ბიძინა ივანიშვილის კოალიცია იმედოვნებს, რომ იგი შეძლებს ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთი დეპუტატის მხარდაჭერის მოპოვებას, როდესაც პროექტი კენჭისყრაზე გავა.     

40 მეტრის სიმაღლის შუშის გუმბათიანი ახალი შენობის მშენებლობა ქუთაისში, არსებული ინფორმაციით, 360 მლნ ლარი დაჯდა. შენობის სრულად დასრულებას, რომელშიც მერვე მოწვევის პარლამენტმა ისე დაიწყო ფუნქციონირება, რომ ის ჩაბარებული არ არის, დამატებით, 15-20 მლნ ლარი ესაჭიროება, პარლამენტში შექმნილი სპეციალური ჯგუფის მონაცემებით.

ძველ შენობას თბილისში რეაბილიტაცია სჭირდება. წინა ხელისუფლება შენობის პრივატიზებას გეგმავდა. შენობა მთლიანად დაცლილია, ხოლო რამოდენიმე სხდომათა დარბაზის სრული დემონტაჟი განხორციელდა. 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილების შედეგად, 2 მილიონი ლარი გამოიყო პარლამენტის ძველი შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ამას ორჯერ მეტი თანხა დასჭირდება დამატებით მომავალი წლის ბიუჯეტიდან.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button