Placeholder canvas
ახალი ამბები

ზურაბ აბაშიძე რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების მიზეზებს განმარტავს

საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა ორშაბათს, რომ გასულ კვირას პირდაპირი მოლაპარაკებების აღდგენის ძალისხმევის ფარგლებში რუს დიპლომატთან გამართულმა პირველმა შეხვედრამ აჩვენა, რომ „დიალოგი შესაძლებელია“.

ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შვეიცარიაში 14 დეკემბერს შეხვდა, სადაც ისინი შეთანხმდნენ, განაგრძონ პირდაპირი დიალოგი „რეგულარულ საფუძველზე“ სავაჭრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის მიზნით.

„გადავდგით ეს ნაბიჯი, რადგან  არ შეიძლება ვიყოთ  რუსეთთან მუდმივ კონფრონტაციაში, ეს ელემენტარული ჭეშმარიტებაა. მართალი გითხრათ, მე არ ვიცი სხვა ქვეყანა, რომელსაც ასეთივე ურთიერთობა აქვს ჩვენ ასეთ დიდ და რთულ მეზობელთან, როგორც ეს საქართველოს აქვს“.

მისი თქმით, ქართველი ამომრჩევლების ნება იყო „რუსეთთან საერთო ენის გამონახვა“.

„მოსახლეობის განწყობა დიდი ნაწილისა დღესაც ასეთია და თქვენ ალბათ იცით საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვების შედეგები ამასთან დაკავშირებით“, – განუცხადა აბაშიძემ ჟურნალისტებს 17 დეკემბერს.

„გადავდგით ეს ნაბიჯი, რადგან ჩვენი დასავლელი პარტნიორები მრავალი წლის მანძილზე მოგვიწოდებდნენ ‘დაიწყეთ რუსეთთან საუბარი, შეეცადეთ გამონახოთ საერთო ენა’“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებას „მიესალმნენ ჩვენი  დასავლელი პარტნიორები“.

„თითქმის ყოველდღიურად მაქვს  მათთან შეხვედრები და მესმის მხოლოდ მხარდაჭერის სიტყვები, რა თქმა უნდა, რჩევებიცა და  წინადადებებიც“, – დასძინა აბაშიძემ.

მისი თქმით, პირდაპირი დიალოგის დაწყებისთვის მზადყოფნა წინა ხელისუფლებამაც გამოხატა „თავისი არაერთგზის განცხადებებით – ‘მზად ვართ შევხვდეთ რუსეთის წარმომადგენლებს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე’ და აბაშიძის თქმით, „ეს იყო სწორი პოზიცია“. 

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ „ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და საერთაშორისო ურთიერთობების თავისუფალი არჩევანის საკითხები განსჯის საგანი არ და ვერ იქნება“.

„ვდგამთ  ამ ნაბიჯს რადგან ჩვენ რთულ, კონფლიქტებით გადატვირთულ რეგიონს ემუქრება  ახალი საფრთხეები, რომელთა მაშტაბისა და დამანგრეველი ძალის პროგნოზირება ჯერ არავის ძალუძს“, – განაცხადა აბაშიძემ, „ჩვენი ამოცანაა მინიმუმამდე შევამციროთ  ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების რისკები“. 

„დავიწყეთ დიალოგი, რადგან მისი ერთადერთი  ალტერნატივაა შუღლი და  მუდმივი დაძაბულობა. ამ დიალოგში ჩვენ ვგულისხმობთ ერთმანეთის მოსმენას, აზრთა გაცვლას, კომპრომისული შეთანხმებების  ძიებას“, – განაცხადა მან.

აბაშიძემ განაცხადა, რომ ამ დიალოგის დაწყებით საქართველო რთულ გზას დაადგა და „ეს არ იქნება სწრაფად შედეგების მომტანი პროცესი, არც იმის ილუზია უნდა გვქონდეს, რომ იოლ გზას ვადგავართ“.

„ვდგამთ რა ამ ნაბიჯს, წინასწარ ვიცით, რომ მოვისმენთ ბევრ მწარე კრიტიკას, სხვადასხვა მოსაზრებასა და შეფასებას, მაგრამ ესეც ამ პროცესის პოზიტიურ ნაწილად  უნდა ვაქციოთ“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ იგი ღიაა რეკომენდაციებისთვის.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ამ ახალი ფორმატის დაწყებით საქართველოს ახალი მთავრობა არ აკნინებს ჟენევის დისკუსიებს – მოლაპარაკებებს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო. გრიგორი კარასინი ჟენევის დისკუსიებზე რუსულ მხარეს წარმოადგენს. აბაშიძემ განაცხადა, რომ არანაირი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ კარასინი ჟენევის დისკუსიების დატოვებას გეგმავს და ამ გზით ფორმატში რუსული ჩართულობის დაკნინებას.

აბაშიძემ განაცხადა, რომ თუ და როდესაც ვაჭრობასთან და ეკონომიკასთან დაკავშირებული საკითხები მოგვარდება, მომლაპარაკებლები შესაძლოა იმ ეტაპამდე მივიდნენ, როდესაც ასევე განიხილება სეპარატისტულ რეგიონებთან დაკავშირებული „მტკივნეული საკითხები“.

თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ სიფრთხილეა საჭირო ჟენევის ფორმატის დუბლირების თავიდან ასაცილებლად და დიალოგის ეს ორი ფორმატი მკაფიოდ უნდა იყოს გამიჯნული ერთმანეთისგან.    

2012 წლის მარტის დასაწყისში, როდესაც საქართველომ სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა რუსეთის მოქალაქეებისთვის, რუსეთმა განაცხადა, რომ იგივეს მხოლოდ მაშინ გააკეთებდა, თუ საქართველო გადახედავდა ოკუპირებული ტერიტორიობის შესახებ კანონს. მაშინ რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა რომ კანონის თანახმად, რუსი მოქალაქეების „მნიშვნელოვან ნაწილს“ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებოდათ საქართველოში ჩასვლისთანავე. ეს კანონის იმ დებულებას ეხება, რომლის მიხედვითაც სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩასვლა თბილისის მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან უკანონოა. კანონი ასევე მოიცავს მთელ რიგ გამონაკლისებს. კანონის დარღვევა ისჯება ჯარიმით ან პატიმრობით 2–დან 4 წლამდე.

აბაშიძემ განაცხადა 17 დეკემბერს, რომ კანონში ცვლილების შეტანა მის კომპეტენციას სცილდება, თუმცა დასძინა, რომ თუ გაჩნდება პოზიტიური ცვლილებების რაიმე ნიშანი, მას მიაჩნია, რომ შესაძლოა ხელისუფლებამ იფიქროს კანონის ზოგიერთ ასპექტში ცვლილებების შეტანაზე.

მან განაცხადა, რომ კარასინთან შემდეგი შეხვედრის თარიღი ჯერ არ არის დადგენილი, თუმცა დასძინა, რომ მას კონტაქტი აქვს რუსულ მხარესთან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button