
ბულგარეთის, შვედეთის და პოლონეთის ერთობლივი დელეგაციის ვიზიტი საქართველოში
შვედეთის და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, კარლ ბილდტმა და ნიკოლაი მლადენოვმა, ასევე პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის უფროსმა იაცეკ მიხალოვსკიმ 12–13 დეკემბერს თბილისში საქართველოს ხელმძღვანელობასთან გამართეს შეხვედრები.
დელეგაცია, რომელიც საქართველოს სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში სტუმრობდა, ოთხშაბათს საღამოს პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდა; ხუთშაბათს დელეგაცია ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელობას შეხვდა, მათ შორის მის გენერალურ მდივანს ვანო მერაბიშვილს. ასევე გაიმართა შეხვედრები მთავრობის წევრებთან, მათ შორის თავდაცვის მინისტრთან ირაკლი ალასანიასთან; საგარეო საქმეთა მინისტრთან მაია ფანჯიკიძესთან; სახელმწიფო მინისტრთან რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილთან; სახელმწიფო მინისტრთან ევროპული და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილთან, ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან. მოგვიანებით 13 დეკემბერს დელეგაციის წევრები პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, თავის პოლონელ კოლეგასთან რადოსლავ შიკორსკისთან ერთად საქართველოს 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე დაახლოებით სამი კვირით ადრე სტუმრობდა, ხოლო ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჩეხ, ლატვიელ, ლიტველ და რუმინელ კოლეგებთან ერთად თბილისში არჩევნებამდე, დაახლოებით, ორი კვირით ადრე იმყოფებოდა.
დელეგაციამ განაცხადა, რომ ვიზიტის მთავარი მიზანი იყო ახალი მთავრობის გეგმების გაგება და საქართველოსთვის და მისი ევროპული ინტეგრაციისთვის ძლიერი მხარდაჭერის დაფიქსირება.
ვიზიტის დროს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ 2013 წლის ნოემბერში ვილნიუსში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის, საქართველო და მოლდოვა შეძლებენ ხელი მოაწერონ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას.
13 დეკემბერს პრემიერ–მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრამდე დელეგაციის სამივე წევრმა საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. ინსტიტუტის თანადამფუძნებელი ყოფილი სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში ეკა ტყეშელაშვილია.
დისკუსიის დროს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ნოდარ ხარშილაძემ, რომელიც ამჟამად ახლადშექმნილ არასამთავრობო ორგანიზაციაში „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ (GRASS) მუშაობს, განაცხადა, რომ ახალი მთავრობის ქმედებები კომპეტენციის ნაკლებობის და ცუდი განზრახვის კომბინაციაა და ჰკითხა შვედეთის და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, თუ რა იქნება მათი გზავნილი „ყოფილი რუსი ოლიგარქის“ ბიძინა ივანიშვილის მიმართ.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბილდტმა უპასუხა: „გზავნილები, რომელსაც ჩვენ გადავცემთ, ის გზავნილებია, რომელთაც თქვენ გადმოგცემდით“.
„არანაირი სხვაობა არ არის ამ კონკრეტული თვალსაზრისით“, – განაცხადა ბილდტმა და დასძინა, რომ ეს გზავნილებია „ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, დემოკრატიის შემდგომი გაძლიერება, კანონის უზენაესობა, ეკონომიკური რეფორმები, ევროპული ინტეგრაცია“.
იმავე დისკუსიის ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა იკითხა, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ სავარაუდოდ წარსულში ჩადენილი დანაშაულები გამოძიებული იქნას, მაგრამ ამავე დროს არ შეიქმნას პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნის და შერჩევითი სამართლის აღქმა.
„ჩემთვის იმის თქმა უფრო ადვილია, თუ რა არ უნდა გააკეთოთ – ნუ გაიმეორებთ უკრაინას“, – უპასუხა კარლ ბილდტმა.
მას მხედველობაში ჰქონდა უკრაინის ყოფილი პრემიერ–მინისტრის იულია ტიმოშენკოს დაპატიმრება, რომელსაც შვიდწლიანი პატიმრობა მიესაჯა, როგორც ბილდტმა განაცხადა, „სრულიად უცნაური ძველი საბჭოთა ადმინისტრაციული რეჟიმის სავარაუდო დარღვევის გამო“.
ბილდტმა განაცხადა, რომ იგი იმედოვნებს, რომ საქართველო უკრაინის შეცდომებზე ისწავლის და გამორიცხავს სამართლის შერჩევით გამოყენებას დ პოლიტიკურ ანგარიშწორებას, რაც, მისი თქმით, საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.
„ვრცლად იქნება შესწავლილი. მე სავსებით დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც ჩვენ მივუახლოვდებით, მაგალითად აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს ვილნიუსში, ჩვენ გვექნება ანგარიშები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან, ჩვენ ასევე გვექნება სხვა შეფასებები სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და იმას, რისი თქმაც მათ მოუწევთ, [საქართველოში] მიმდინარე მოვლენების დეტალური შესწავლის საფუძველზე, გავლენა ექნება იმ გადაწყვეტილებებზე, რომელსაც ევროპული მთავრობები მიიღებენ“, – განაცხადა ბილდტმა და დასძინა, რომ „წინასწარ განსჯა“ ახლა არასწორი იქნება.
„უკრაინა არ უნდა იყოს ბელარუსი და საქართველო არ უნდა იყოს უკრაინა“, – განაცხადა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მლადენოვმა იმავე კითხვაზე პასუხის გაცემისას, „მე ვფიქრობ, უამრავი გარანტია არსებობს იმისა, რომ საქართველოს გააჩნია სიძლიერე, ინსტიტუციური შესაძლებლობა, რათა დაიცვას და გააძლიეროს საკუთარი დემოკრატიული ინსტიტუტები. მე ამას ოპტიმისტურად ვუყურებ და იმედია, არ შევცდები“.
This post is also available in: English Русский