ახალი ამბები

რასმუსენი საქართველოში ‘მშვიდობიანი თანაარსებობის’ საჭიროებაზე საუბრობს

ოქტომბრის დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნებით საქართველომ მნიშვნელოვანი ტესტი ჩააბარა, მაგრამ ნატო მოუთმენლად ელის „მშვიდობიან თანაარსებობას“ პრეზიდენტ სააკაშვილსა და ახალ მთავრობას შორის პრემიერ–მინისტრ ივანიშვილის ხელმძღვანელობით, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

მან ეს განცხადება ბრიუსელში 4 დეკემბერს საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გამართული ნატო–რუსეთის საბჭოს შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე გააკეთა მას შემდეგ, რაც ქართველმა ჟურნალისტმა ჰკითხა მას, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოში მოლოდინები გაჩნდა წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მიღებასთან დაკავშირებით ან ნატო–საქართველოს კომისიის 5 დეკემბერს დაგეგმილი სხდომის ფარგლებში ან უახლოეს მომავალში.

„არჩევნები საქართველოში შეესაბამებოდა დემოკრატიულ სტანდარტებს და საქართველომ ამ გზით ჩააბარა ძალიან მნიშვნელოვანი ტესტი. ახლა ჩვენ მოუთმენლად ველით მშვიდობიან თანაარსებობას ახალ მთავრობასა და ამჟამინდელ პრეზიდენტს შორის; ასევე მოუთმენლად ველით, რომ მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნები… ისევე დემოკრატიულად ჩატარდება, როგორც წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები“, – განაცხადა რასმუსენმა.

„ჩვენ არ დაგვიგეგმავს რაიმე განხილვები წევრობის სამოქმედო გეგმაზე ან რაიმე სხვა ნაბიჯები ნატო–საქართველოს კომისიის ხვალინდელ სხდომაზე“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

„ხვალინდელი კომისიის სხდომა პირველი შესაძლებლობა იქნება ნატოს მოკავშირეებისთვის, რათა ახალ მთავრობასთან საქართველოს ნატოში მისწრაფებები განიხილოს. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ახალმა მთავრობამ დაადასტურა თავისი მისწრაფებები ნატოში; როგორც ჩანს, საქართველოში ფართო კონსენსუსია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ განაგრძოს ალიანსში მომავალი წევრობისკენ სვლა და ამის სანაცვლოდ, ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორეთ, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ 2008 წელს ბუქარესტში მივიღეთ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი იმ შემთხვევაში, თუ საჭირო კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, ძალაში რჩება“, – აღნიშნა რასმუსენმა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button