
რობაქიძის მკვლელობის საქმეზე პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი დაკავებულია
მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულია პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი ზურაბ მიქაძე, ხოლო ამავე დანაშაულში მონაწილე სხვა პირების მხილების მიზნით გამოძიება გრძელდება.
ბუტა რობაქიძე 2004 წლის 23 ნოემბერს ორი ტყვიით იქნა მოკლული. მეორე დღეს შსს-ს პრესსამსახურის გადაცემა „პატრულმა“ განაცხადა, რომ რობაქიძე პოლიციელებმა მოკლეს, როდესაც ისინი „ბანდიტების შეიარაღებული ჯგუფის“ დაჭერას ცდილობდნენ. გადაცემაში ნაჩვენები იყო „კალაშნიკოვის“ ცეცხლსასროლი იარაღები, რომლებიც, ვითომდა, რობაქიძის და მისი მეგობრების მანქანიდან ამოიღეს. თუმცა, მოგვიანებით გამოძიებამ დაადასტურა, რომ მტკიცებულება დანაშაულის ადგილას გაყალბებული იქნა. მოგვიანებით, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა გრიგოლ ბაშალეიშვილმა აღიარა, რომ მან „შემთხვევით“ მოკლა უიარაღო რობაქიძე მას შემდეგ, რაც მისმა საპატრულო ეკიპაჟმა გააჩერა მისი მეგობრის მანქანა. ბაშალეიშვილს გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობისათვის შეეფარდა სასჯელი.
ექვსი წლის წინ მომხდარი ამ გახმაურებული მკვლელობის მოწმეები იყვნენ ბუტა რობაქიძის ხუთი მეგობარი, რომლებიც პასუხისგებაში მიეცნენ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისათვის.
ეს ბრალდება „ყალბია“ და სასამართლო განხილვის სტადიაში მყოფ ამ საქმეზე რობაქიძის მეგობრებს წაყენებული ბრალი მოეხსნებათ, განაცხადა 30 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე არჩილ კბილაშვილმა.
მთავარი პროკურორის განცხადებით, 30 ნოემბერს სამართალდამცავებმა დააკავეს საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი ზურაბ მიქაძე, რომელიც პოლიციის სხვა თანამშრომლებთან ერთად მკვლელობის შემდეგ მივიდა შემთხვევის ადგილზე და საქმის გაყალბებაში მიიღო მონაწილეობა.
კერძოდ, კბილაშვილის განცხადებით, მათ „პოლიციის იმიჯის მოსალოდნელი შელახვისაგან თავის არიდების მიზნით ჩაიდინეს დანაშაული“, როცა შემთხვევის ადგილზე „მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მიზნით“ მიიტანეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, თითქოს ეს ნივთმტკიცებები მათ ბუტა რობაქიძისა და მისი მეგობრებისგან ამოიღეს. მთავარი პროკურორის თქმით, ზურაბ მიქაძემ ასევე „აიძულა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მიეცა ცრუ ჩვენება ხელოვნურად შექმნილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით“.
მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ მიქაძეს 30 ნოემბერს წაეყენა ბრალი 333-ე მუხლის მესამე ნაწილის გ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე; 236 მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით, რაც ეხება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვას, რაც ისჯება 3 წლამდე პატიმრობით და დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე; ასევე 335-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ეხება მოხელის მიერ იძულებით განმარტების ან ჩვენების მიცემას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
ზურაბ მიქაძესთან ერთად ამ გახმაურებულ საქმეში ფიგურირებდა შსს-ის პრესსამსახურის მაშინდელი უფროსი გურამ დონაძე, რომელიც მოკლული რობაქიძის ნათესავების თქმით, ასევე მონაწილეობდა შემთხვევის ადგილზე მტკიცებულებების გაყალბებაში.
მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ საქმეში მონაწილე „სხვა პირების მიმართ დეტალების დაზუსტება ხდება“.